თამაზ მეჭიაური: „ზაქარა გამოთხრის ბორკილებს“

თამაზ მეჭიაური: „ზაქარა გამოთხრის ბორკილებს“– მე გამგეობას აუდიტის მეშვეობით გადავიბარებ, შევაფასებთ მათ გაკეთებულ საქმეებს და იმდენს გააკეთებს, ზაქარა გამოთხრის ბორკილებს, – ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

როგორც მეჭიაური ამბობს, ამ წუთებშიც კი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე თიანეთში ზეწოლა მიმდინარეობს, რომ როგორმე არჩევნების შედეგები შეიცვალოს.

– გართულება რომ მოსალოდნელია, ფაქტია. ქუცნაშვილი ყველა საშუალებას იყენებს, რაზეც ხელი მიუწვდება; ისეთებსაც კი, რომლებმაც შეიძლება პროკურატურამდე მიიყვანოს, როგორც კომისიის თავმჯდომარე და ზოგიერთი წევრი, ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ გამგეობის თანამშრომლები. თავის გადარჩენის მეტზე არაფერზე ფიქრობენ. ახლაც მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის ზეწოლა საოლქო კომისიაზე, რომ რაღაც სისულელე გააკეთონ, მაგრამ არამგონია, კომისიის წევრები აყვნენ. წუთი–წუთზე, მე რამდენადაც ვიცი, გაცხადდება ამ საქმეების პროკურატურისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია, რაც აქამდე ჩაიდინა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ. ამ მასალებს პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაციები გადასცემენ.

რაც შეეხება კონკრეტული ზეწოლის ფაქტებს, რაღაც ახალი მოიგონეს კიდევ, რომ თითქოს 6 ბიულეტენია დაკარგული სადღაც, რაც ყოფილი გამგებლის პირით გააჟღერეს. ვიცი, რომ ახლაც იქ ბრძანდება ის ქალბატონი [ლელა ქიტესაშვილი] და მიდის კომისიის წევრების დამუშავება.

კომისიები როგორც უბნებზე, ასევე საოლქოში მათი იყო. თუ არის ბიულეტენები დაკარგული, ეს გატანილი იქნება ე.წ. კარუსელებისთვის, რასაც მათ გარეშე ვერავინ გააკეთებდა. ბიულეტენებსაც ისინი აძლევდნენ, ბეჭედსაც თვითონ არტყამდნენ და კონვერტსაც თვითონ ყრიდნენ ურნაში, ბოლოს კი თვითონ აჯამებდნენ ყველაფერს. პროცედურა მათ ხელშია გავლილი, – განაცხადა მეჭაურმა.

მისივე შეფასებით, ის, რაც თიანეთში ხდება, „ზაქარია ქუცნაშვილის თამაში და მის მიერ დადგმული სპექტაკლია“.

– ის, რაც ხდება, განსაკუთრებით ქუცნაშვილის თამაშია, რადგან ლელა ქიტესაშვილმა სასამართლოს შემდეგ აღიარა წაგება და წარმატებაც კი მისურვა. მართალია, დიდი ენთუზიაზმით არა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ ამბობს, რომ ის ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. უცებ საიდანღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიულეტენები შეიძლება იყოს დაკარგული. ჰოდა, დაიწყო ახალი კამპანია. ეს ქუცნაშვილის სპექტაკლია. ეს ქალბატონიც აყვება ხოლმე და შეიძლება რამე შარში გახვიოს, – ამბობს მეჭიაური და არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ საბოტაჟი განხორციელდეს.

– ავრცელებენ ხმებს, თითქოს ჩემი არჩევის გამო თიანეთს აღარც დაფინანსება ექნება, არც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და ყველაფერი გაჩერდება. შეიძლება ჰაერი დაუტოვონ ხალხს. გარდა ამისა, უნდათ საკრებულოს მეშვეობით, სადაც 2/3 აქვს „ქართულ ოცნებას“, პარალიზება გაუკეთონ გამგეობის საქმიანობას. ამ პარალიზებას რომ გააკეთებენ, მერე უნდათ მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ეს პარალიზება მათი ბრალი კი არ არის, არამედ ჩემს გამო ხდება, რადგან მე ამირჩიეს. ეს არის ქუცნაშვილის გეგმის ნაწილი, მაგრამ მოვუწოდებ საკრებულოს წევრებს, ამ ავანტურას ნუ აყვებიან. თითქოს იმპიჩმენტის პროცედურებითაც დამმუქრებია ზაქარა. ეს რომც იყოს, პირველი 6 თვე იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება, ამის უფლება არ აქვთ. ამ 6 თვეში კი, ის შეიძლება ბორკილებით გაიყვანონ. მე გამგეობას აუდიტის მეშვეობით გადავიბარებ, მათ გაკეთებულ საქმეებს შევაფასებთ და იმდენს გააკეთებს, ზაქარა გამოთხრის ბორკილებს. ვპირდები, თავისი „ისინი“ მოხსნიან, – აღნიშნა მეჭიაურმა.