ზიმბაბვე – პრეზიდენტი მუგაბე გადადგომას დათანხმდა

ზიმბაბვე - პრეზიდენტი მუგაბე გადადგომას დათანხმდა37-წლიანი მმართველობის შემდეგ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანახმაა, თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თანამდებობის დატოვებაზე მუგაბე “ზიმბაბვეს აფრიკული ნაციონალური კავშირი-პატრიოტული ფრონტის” წარმომადგენლებმა დაარწმუნეს და მას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი მისცეს, მანამდე კი, რამდენიმე საათის წინ, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყეს და პარტიის ლიდერის თანამდებობაც დაატოვებინეს.

სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მუგაბე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე მუშაობს და ასევე აპირებს მოსახლეობას ტელევიზიით მიმართოს.

15 ნოემბერს ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს. მათ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს.

16 ნოემბერს დაპატიმრებული პრეზიდენტი მუგაბე სამხედროებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რობერტ მუგაბე გადადგომას არ აპირებს.

რობერტ მუგაბეს მეუღლემ, გრეის მუგაბემ ქვეყანა დატოვა, მას შემდეგ რაც ძალაუფლება ხელში სამხედროებმა დაიკავეს.

ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.

იმედინიუსი