“ახალი თაობის” კითხვებს მსახიობი დავით ქაცარავა პასუხობს.
– ბატონო დავით, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან ლალი ხაჩირაშვილი გაიტაცეს. გვესმის შეფასებები, რუსი მესაზღვრეები შანსს არ უშვებენ ხელიდან და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ პროვოკაციებს გვიწყობენო. თქვენ იმყოფებოდით სოფელ ხურვალეთში, შეხვდით ოჯახს. რის თქმა შეგიძლიათ? რა ხდება?
– სიტუაცია იგივეა, არაფერი შეცვლილა, მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევს, თუმცა, ვიმეორებ, ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. მოსახლეობა მუდმივი შიშის ქვეშ არის, რომ მათ გაიტაცებენ. რუსი ოკუპანტები თავიანთ ყოველდღიურ პრაქტიკას აქტიურად ახორციელებენ. ჩვენ ვიყავით ამ ქალბატონის ოჯახში, ასევე იმ ადგილას, საიდანაც ეს ქალბატონი გაიტაცეს.
– რას ყვებიან ახლობლები, მეზობლები, ოჯახის წევრები? რა მოხდა რეალურად? მან გადაკვეთა ე.წ. საზღვარი?
– დიახ, მისი საქონელი გადავიდა ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ქალბატონი გადაჰყვა, რათა უკან გადმოეყვანა საქონელი. სწორედ ამ მომენტში ეს ქალბატონი გაიტაცეს.
– ანუ ჩასაფრებულები არიან და შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან?
– კი, ჩასაფრებულები იყვნენ და შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან. ეს ოკუპანტები თითოეული ადამიანის გატაცებისას იღებენ ფულად პრემიას და ორკვირიან შვებულებას. შესაძლოა, რომელიღაც ოკუპანტს დასჭირდა შვებულება, ფული შემოაკლდა და, რომ იტყვიან, წაინადირეს ჩვენს მოქალაქეზე.
– სად ჰყავთ დაკავებული ქალბატონი?
– გადაიყვანეს ცხინვალში. ოჯახი ელოდება, რომ ჩატარდება სასამართლო, გადაიხდიან, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ ჯარიმას ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. დააკისრებენ 2 ათას რუბლიან ჯარიმას და ამის შემდეგ უკვე ერგნეთიდან გაათავისუფლებენ. თუმცა ეს მდგომარეობა ძალიან დამთრგუნველია, ძალიან ცუდ შეგრძნებებს აჩენს, იმიტომ რომ სახელმწიფო ეწევა შემგუებლურ და რუსეთისთვის არაგამაღიზიანებელ პოლიტიკას, რომელსაც შედეგი მართლაც არ აქვს!
– რა უნდა შეიცვალოს? თქვენ გამოთქვით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი, ახორციელებთ პატრულირებას, გინდოდათ, ეს შეთანხმებული ყოფილიყო ხელისუფლებასთან და ერთობლივად გემოქმედათ, თუმცა არ გამოვიდა.
– ჩვენ ახლაც ვაფიქსირებთ ჩვენს მზაობასა და სურვილს, რომ ვეთანამშრომლომთ ხელისუფლებას, ვთხოვთ, სწორად გამოიყენონ ჩვენი რესურსი, რომელიც ძალიან მობილურია, კრეატიულია, მონდომებულია და, რაც მთავარია, ეს დაფუძნებულია სამშობლოს სიყვარულზე. ამას დღესაც ვითხოვთ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
– ჩანს გამოსავალი სიტუაციიდან?
– გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ საზოგადოება ბევრად აქტიური უნდა იყოს, უნდა დადგეს ფეხზე და აპროტესტოს ყველა ის ფაქტი, რომლებზეც დღეს დუმილია. ხელისუფლებამ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ოკუპანტების მიმართ. ეს ფაქტები უნდა გაპროტესტდეს ოფიციალურად ხელისუფლების მხრიდან. საელჩოებს უნდა დაეგზავნოს ნოტები ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ უკანონოდ იტაცებენ რუსი ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებს და მეტი ხმაური უნდა იყოს!
– რამდენად აქვს ადეკვატური რეაგირება ამ ყველაფერზე ჩვენს ხელისუფლებას?
– საქმეც ის არის, რომ არ არის. მედიას შეუძლია დადოს დასკვნა, რამდენად შესაბამისია რეაგირება ამ ფაქტებზე ხელისუფლების მხრიდან. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თანაც ურთიერთგამომრიცხავი, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია!
– კერძოდ, რას გულისხმობთ?
– მე ვგულისხმობ ცხინვალის გზის გახსნას! აქ მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო. ჯერ ერთი, შეუთანხმებელი პოზიციები დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში უნდა გაუხსნა ცხინვალს გზა. ამასაც არ ვეთანხმები, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს საოკუპაციო რეჟიმის ირიბად თუ პირდაპირ აღიარებას, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა იქვე, პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ალბათ ერთ წუთშივე შეუსწორა კვირიკაშვილს განცხადება და ბრძანა, რომ არა ფორსმაჟორულ, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმოძრაონ ტვირთებმა. ტრანზიტულმა, ყოველდღიურმა ტვირთებმა ეს გზა უნდა გაიხსნას და ახსენა კერძო საშუამავლო შვეიცარიული კომპანია, რომელიც გააკონტროლებს ამ ტვირთებს. ჩვენთვის ასე გაკეთებული განცხადება არასაკმარისია!
– რას მოითხოვთ?
– ჩვენ ვითხოვთ დეტალებსა და ძალიან სერიოზულ მიდგომას ამ საკითხის მიმართ, რადგან ამ პრეცედენტის დაშვება, რომ ტვირთებმა იარონ ცხინვალის გავლით, უდიდეს საფრთხეებს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის.
– კერძოდ, რა საფრთხეებზე შეიძლება იყოს საუბარი?
– პირველ რიგში, საფრთხეა ის, რომ ამით ხდება არაღიარებული რეჟიმის აღიარება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ირიბი გნებავთ, პირდაპირი თუ ეკონომიკური! ეს, ვიმეორებ, ტოლფასი იქნება იმისა, რომ საქართველო აღიარებს საოკუპაციო რეჟიმს, აღიარებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვინაიდან ტვირთები, რომლებიც გაივლის მის ტერიტორიაზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში აღნიშნული იქნება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ეს კი ნიშნავს ფაქტობრივ აღიარებას!
– თქვენ გმობთ ხელისუფლების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, ეს მიუღებელია?
– ამ სახით, რა სახითაც იგეგმება, ყოვლად მიუღებელია! დოკუმენტაციაში თუ სადმე გაკვრით მაინც დაფიქსირდება, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე გატარებული ტვირთები, ბუნებრივია ჩვენ ამას ვგმობთ, რადგან ეს ნიშნავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პირდაპირ აღიარებას, ეკონომიკურსა თუ სახელმწიფოებრივს.
– თქვენ ამბობთ, რომ მოჩვენებითი სიმშვიდეა ამ კუთხით, ხელისუფლება გაურბის ამ თემაზე დიალოგს. როდემდე გაგრძელდება ასე?
– პრობლემის გადაჭრის გზებს ვხედავ ამ თემის აქტუალიზაციაში. ეს უნდა გახდეს ზეპრიორიტეტული საკითხი, რომელზეც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მიდიოდეს შეხვედრები, მუშაობა, საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება, ჩვენი მხრიდან მათი შეწუხება. აი, ეს არის ამ ეტაპზე ალბათ ერთადერთი გზა, რომ ეს საკითხი გახდეს ყველაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, თუ სამოქალაქო თვითშეგნებას არ ავწევთ შესაბამის დონეზე და არ გამოვაღვიძებთ ჩვენს მოქალაქეებს, დამერწმუნეთ, ასეთი დათმობითი პოლიტიკით ნამდვილად დავკარგავთ ტერიტორიებს.

