ეკა ბესელია – “ოცნებაში” 2 ახალი ფრაქციის შექმნა კარგი იქნება”

ეკა ბესელია - "ოცნებაში" 2 ახალი ფრაქციის შექმნა კარგი იქნება"პარლამენტის იყრიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ემხრობა ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატები დამატებით 2 ახალ ფრაქციას ქმნიან.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს და დეპუტატების ეფექტურობას გაზრდის. ბესელია ასევე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მთავარი ფრაქცია პრაქტიკულად უმრავლესობის ტოლფასია, ამიტომ ახალი ფრაქციების შექმნა მართვასაც მოქნილს გახდის.

– დამატებით ფრაქციების შექმნის გადაწყვეტილება უმრავლესობის შიგნით მომწიფდა. მე ვფიქრობ, ეს დროული გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ “ქართული ოცნების” მთავარი ფრაქცია პრაქტიკულად უმრავლესობის ტოლფასია, ძალიან დიდია, ამიტომ მართვის თვალსაზრისით და პოლიტიკურ პროცესში ყველა წევრის ჩართვის მეტი შესაძლებლობის მიცემისთვის უფრო ეფექტური იქნება 2 ახალი ფრაქციის შექმნა. ეს ისეთ დიდ ფრაქციას, როგორიც “ქართული ოცნებაა”, შესაძლებლობას მისცემს მოხდეს როგორც პოლიტიკურ პროცესებში დეპუტატების უფრო ეფექტურად ჩართვა, ასევე მართვის თვალსაზრისით გაცილებით მოქნილი იქნება სტრუქტურა. ბუნებრივია მთავარი ფრაქცია შემცირდება,- განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ ჯერ ახალი ფრაქციები არ დაკომპლექტებულა და უცნობია, რომელი დეპუტატები შევლენ ახალ გაერთიანებებში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთანაც იქნება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.

„ფრაქციების გადაჯგუფება რაიმე სახის პოლიტიკურ დაპირისპირებას არ უკავშირდება და ეს ცუდი ნათქვამია, რადგან თუ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ჯანსაღი პროცესი და დემოკრატიის უპირობო ნაწილია“, – განაცხადა მდინარაძემ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა ექვსი დეპუტატი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ.

იმედინიუსი