გერმანიაში საქართველოს ელჩად ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა – ყოფილი მინისტრი ლადო ჭანტურიას შეცვლის

გერმანიაში საქართველოს ელჩად ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა - ყოფილი მინისტრი ლადო ჭანტურიას შეცვლისსაქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

შეხვედრისას პრეზიდენტმა და ელჩმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ელგუჯა ხოკრიშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 8 იანვრიდან შეუდგება.

ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა.

ამჟამად ხოკრიშვილი გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობა უკავია. 2002-2008 წლებში მუშაობდა პოტსდამის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე.

გერმანიაში ელჩის თანამდებობაზე ხოკრიშვილი ლადო ჭანტურიას შეცვლის, რომელიც სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა.