გიორგი ლობჟანიძე: „ამ უბადრუკმა ქვეყანამ მე და ჩემს თაობას ქანცი გაგვაცალა“

მწერალი და მთარგმნელი გიორგი ლლობჟანიძე პოეტ ზვიად რატიანის დაპატიმრებას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება:

– დღეს პირადად ჩემთვის ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო: თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა და უკან, წარსულში გადამაგდო, სადაც პოლიცია კრიმინალებზე მეტად თარეშობდა და მე თვითონ 3-4-ჯერ ვარ პოლიციელების მიერ ნაცემ-ნაბეგვი. დღემდე მომდევს შეურაცხყოფის ის განცდა, რაც მაშინ მაჭამეს. ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ არა! ყველაზე შეურაცხმყოფელი კი ის იყო, რომ ჩემი მეგობრების ნაწილი აქ ფეისბუქზე სერიოზულად განიხილავდა ამბავს, რომელიც, მდაბიურის ენით რომ ვთქვათ ასე ჟღერდა: აბა, თუ შეაგინა, სცემდენენ, ტუჩებს ხომ არ მოუკოცნიდნენ? ვერ გავიგე და ვერც დავიჯერე, რომ თუნდაც მთვრალი ზვიად რატიანი, გინებით უმიზეზოდ გამოსდგომოდა კანონის დამცველებს. და თუნდაც, ვთქვათ, ასეც იყო, ეს რანაირად ამართლებს იმას, რომ ადამიანი 8 კაცმა დაიდოს და ძვალ-რბილი გაუერთიანოს? არსებობს დანაშაული და არსებობს სასჯელი, უფრო სწორად სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაბამისი უნდა იყოს დანაშაულისა. გადავწყვიტეთ, ,,კაპეზედან” გამოსული ზვიადი სამხარაულის ბიუროში მიგვეყვანა და ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა. იქ უარით გამოგვისტუმრეს, პასუხი ასე ჟღერდა: ,,შაბათ-კვირას მხოლოდ გვამებს ვიღებთ!”
რახან ის მაინც დაგვიდასტურეს, რომ ცოცხლები ვიყავით, ღმერთს მადლი შევწირეთ.
მერე აქაური კომენტარები მხვდებოდა თვალში: არ მეგონა, ამდენი ,,ჩანერგილი” თუ ეყოლებოდა პოლიციას ამ სივრცეში. რაც არ უნდა მედავონ ეს კომენტატორები შეურაცხყოფაზე, ამ აზრს ვერაფრით შემაცვლევინებენ. თანაც პიროვნულ შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, თუმცა ეგებ სჯობდეს, ხალხმა იცოდეს მათი სახელები.  მეორე გუნდი იყო – პირობითად რომ ვთქვათ, ,,განაწყენებულ მოკალმეთა” გუნდი, დაბოღმილი მწერლუკანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ზვიად რატიანის სახელი არც კი გაუგიათ ანდა რა ისეთი პოეტია ზვიად რატიანი! ჰოდა, რამდენი ზვიად რატიანი ჰყავს ამ ქვეყანას, ერთი მითხარით?!
ისეთი მძიმე განცდა დამიტოვა ამ ფებეაურზაურმა, რომ მგონი, ამ სივრცეში ვეღარასოდეს შევძლო შემოსვლა. მაპატიეთ არეულ-დარეული პოსტი. ძალიან დავიღალე! ამ უბადრუკმა ქვეყანამ მე და ჩემს თაობას ქანცი გაგვაცალა. ხოდა, ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს? თუ ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? თუ როგორც არის…