ირაკლი ქადაგიშვილი – ”თემირლან მაჩალიკაშვილის განადგურება სპეცრაზმის მიზანი არ იყო” – კახეთის გუბერნატორი და სოსო გოგაშვილი პანკისელ უხუცესებს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი - ”თემირლან მაჩალიკაშვილის განადგურება სპეცრაზმის მიზანი არ იყო” - კახეთის გუბერნატორი და სოსო გოგაშვილი პანკისელ უხუცესებს შეხვდნენკახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელ იოსებ გოგაშვილთან ერთად პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრა თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სპეცოპერაციის ირგვლივ არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.

– მასალიდან მათ დაინახეს, თუ რა კავშირში იყვნენ ის ადამიანები, ვისზეც სპეცოპერაცია განხორციელდა ჩატაევის ჯგუფთან, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სპეცრაზმის ინტერესებში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია არ შედიოდა.

– არ შედიოდა სპეცრაზმის და გამოძიების და სპეცსამსახურის ინტერესებში ვინმეს ლიკვიდაცია იმიტომ, რომ, როგორც მასალებიდან ჩანს, ეს ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის წყარო უნდა ყოფილიყო მომავალში ძიებისთვის. ამიტომ, უბრალოდ, მან შესვლის მომენტში ის მოქმედება განახორციელა, ხელყუმბარა, რის გამოც, სპეცრაზმელი იძულებული გახდა, რომ იარაღი გამოეყენებინა. სპეცრაზმის მოქმედება ახსნა თავიდან ბოლომდე წარმომადგენელმა და მიუთითა, რა თქმა უნდა, ყველა ის გარემოება, რაც იყო და არანაირი სურვილი მაჩალიკაშვილის განადგურების სპეცრაზმს არ გააჩნდა, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი აზრით, შეხვედრამ შედეგი გამოიღო.
– ჩვენ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რადგან არსებობს ბევრი ვერსია და საჭირო იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციების გამო დაპირისპირება. ვფიქრობ, შეხვედრამ შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, განხილული იყო ხეობაში არსებული სხვა პრობლემებიც, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.