ხასო ხანგოშვილი კახეთის გუბერნატორს ხვდება – “შევარდნენ და პირდაპირ შუბლში დაახალეს ტყვია. ეს არის ჩვენი პრეტენზია”

ხასო ხანგოშვილი კახეთის გუბერნატორს ხვდება - "შევარდნენ და პირდაპირ შუბლში დაახალეს ტყვია. ეს არის ჩვენი პრეტენზია"ამ წუთებში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხს განიხილავენ კახეთის მხარის გუბერნატორთან შეხვედრაზე.

ამის შესახებ „ნიუპოსტს“ პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა აცნობა.
ხანგოშვილის თქმით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას პეცოპერაციასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებს.

უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი ამბობს, რომ სპეციალურ მიმართვას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.

– 12:00 საათზე უნდა შევხვდე გუბერნატორს, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრისა და ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გვექნება საუბარი. შევხვდით ჩვენს დეპუტატს და ობიექტური გამოძიების აუცილებლობა მასთანაც დავაყენეთ. რაც შეეეხება ძალოვან სტრუქტურებს, მათგან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა- ანიშნავს „ნიუპოსტთან“ ხანგოშვილი.

ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ თუ „დამნაშავე არ დაისაჯა, ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“.

– სროლა რა საჭირო იყო?! ყველაფრის მოგვარება მშვიდობიანად შეიძლებოდა. შევარდნენ და პირდაპირ შუბლში დაახალეს ტყვია. ეს არის ჩვენი პრეტენზია. ჩვენი შემდგომი მოქმედება მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში იქნება. სიმართლის დასადგენად გზებს აუცილებლად გამოვნახავთ, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გზითაც. ჩვენ მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნებს მხარს დავუჭერთ. – განაცხადა ხანგოშვილმა.

მისივე შეფასებით, „პანკისის ხეობა განტევების ვაცია“.

– რამე მოხდება თუ არა, აუცილებლად აქ უნდა მოვარდნენ და აქედან უნდა ააქოთონ ყველაფერი. ხელოსანი დოქს ყურს იქით მოაბამს, საითაც უნდა, – განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

მისი თქმით, სიტუაციის დაძაბვით გარე ძალები არიან დაინტერესებულნი.