გია ხუხაშვილი: “კაცს თამადობა უნდა და რატომ ვაძალებთ პრემიერობას?”
რა შეცდომებს უშვებს კვირიკაშვილი, შეუძლია თუ არა მას კლანების მფარველობა, რატომ არის მისთვის უკეთესი, თუ თანამდებობიდან წავა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
– პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან წასვლით იმუქრება. ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა მეგობარმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს ხელოვნურად აგებინებენ ტენდერებს.
– რა უნდა ვთქვა მის ამ განცხადებაზე? ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ვერ განვითარდა და ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. სრულიად აშკარაა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის. ის თითქმის ყოველთვის ამის დემონსტრირებას ახდენს.
ქვეყანაში არაერთხელ ყოფილა დრამატული და კრიზისული მოვლენები. ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერი დამალული იყო – ფაქტობრივად, კომენტარს არ აკეთებდა.
სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე ის დუმილის უფლებას იყენებდა. სამაგიეროდ, ბოლო პერიოდში ორ საკითხზე ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან გამოხდომას. მისი რეაქცია სხვა არაფერი იყო.
დეპუტატ შალელაშვილის განცხადებაზე მას აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა. კაცმა პირდაპირ ფეხების ბაკუნი დაიწყო, რაც სრულიად უადგილო იყო, ახლა კი ერთმა ჩვეულებრივმა დავამ გამოიყვანა წყობილებიდან, სადაც ის არაფერს წყვეტს.
პოლიტიკის რომ არაფერი გაეგება, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ბოლო შემთხვევამ დაგვანახა, რომ დიდად ვერც ეკონომიკაში ერკვევა და არც ბიზნესთან ურთიერთობისა ესმის რამე. ყველაფერი აწეწილ-დაწეწილი აქვს და პრიორიტეტები ვერ გაურკვევია. ძალიან კარგი ადამიანია, კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ პრემიერობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია.
ყველა სიკეთესთან ერთად, 13 დეკემბერს გამოვიდა და თავისი არსებობა დაგვაყვედრა, გვითხრა, გადავდგებიო. რატომ გვაშინებს? მისი გადადგომით არაფერი შეიცვლება ქვეყანაში.
– პრემიერის გადადგომა არ იქნება პატარა ამბავი.
– საქართველოში ეს არაფერს ნიშნავს. მთავრობის მეთაურის გადადგომა ქვეყანაში არაფერს შეცვლის. ირაკლი ღარიბაშვილი, კვირიკაშვილთან შედარებით, უფრო ქმედითი ლიდერი იყო, მაგრამ პრემიერობიდან რომ გადადგა, ერთ კვირაში აღარავის ახსოვდა. მოქმედ პრემიერს თუ ასე ძალიან უნდა გადადგომა, გადადგეს. მას თუ ჰგონია, რომ გადადგომით რამე მოხდება, ძალიან ცდება, წავა და დაჯდება სახლში, მეტი არაფერი იქნება.
თანამდებობიდან გადადგომა მის ინტერესებშიც შედის. ეს ადამიანი ძალიან წვალობს. გადადგომით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ახეირებს.
– თუ ის არაფერს წყვეტს, რატომ გამოთქვა მის მიმართ გაჩეჩილაძემ პრეტენზიები?
– გიორგი გაჩეჩილაძეს, უცნობს, პირადად მის მიმართ არ გამოუხატავს პრეტენზიები. ამ ადამიანს აქვს სამეურნეო დავა. მან ჩათვალა, რომ ტენდერებში დაიჩაგრა.
– თქვენი აზრით, დაიჩაგრა?
– დაიჩაგრა თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ამ საკითხის შესწავლა მოითხოვა სათანადო სტრუქტურების მიერ. ეს ჯანსაღი პროცესია და მისასალმებელია. საქართველოში, როგორც წესი, ბიზნესმენები ასეთ შემთხვევებში ძირითადად დუმილის უფლებას იყენებენ ხოლმე.
– რატომ იყენებენ დუმილის უფლებას?
– მათ კონფორმისტულ მდგომარეობაში ურჩევნიათ ყოფნა – არ სურთ ხელისუფლებასთან დამატებითი პრობლემები. უცნობი კი ძალიან სწორად მოიქცა, როცა ამაზე დავა დაიწყო. სამაგიეროდ, ძალიან არაადეკვატური და უშინაარსოა პრემიერის განცხადება, რომ ის გადადგება, თუ რაღაც ისე არ იქნება.
– ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ხეჩიკაშვილის კლანს მფარველობს. იქნებ ამიტომ გაცხარდა თავისი მეგობრის განცხადებაზე?
– კვირიკაშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა და მან ვის უნდა უმფარველოს? იმის რესურსიც კი არა აქვს, რომ რამე ცუდი თუ მოხდება, გამოასწოროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მას არავინ არაფერს ეკითხება. დარწმუნებული ვარ, არც ხეჩიკაშვილი ჰკითხავდა რამეს და არც შესყიდვების სააგენტოს დააინტერესებდა მისი აზრი.
ასეთ ვითარებაში რატომ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე იმაზე, რისი მონაწილეც არ არის?! ყველამ კარგად იცის, რომ მას გავლენები არა აქვს ამ პროცესებზე.
– თქვენ როგორ გგონიათ, რატომ აიღო ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა?
– არ ვიცი. ადამიანი აშკარად გაუგებრობაშია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. გულწრფელად ვამბობ, თუ გადადგება, ამით ჩვენც დავისვენებთ და ისიც.
– თუ გ ა დად გო მა მი სთ ვის შვება იქნება, იქნებ ამისთვის საბაბს ეძებს და ეს განცხადებაც აქეთკენ არის მიმარ თუ ლი.
– გამორიცხული არაფერი არ არის. მის გულში რა ხდება, ჩემთვის უცნობია. აშკარაა, რომ პრიორიტეტები თავდაყირა აქვს, გვეუბნება, რომ ხანძრებმა წვიმა შეაყვარა და თამადობა საუკეთესო პროფესიაა. კაცს თამადობა უნდა და რატომ ვაძალებთ პრემიერობას?!

