კვირიკაშვილმა ”ოცნების” დეპუტატი შალელაშვილი გააკრიტიკა – ”ასეთ თემაზე საჯარო მიმართვა მიუღებელია”

კვირიკაშვილმა ”ოცნების” დეპუტატი შალელაშვილი გააკრიტიკა - ”ასეთ თემაზე საჯარო მიმართვა მიუღებელია”უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

– უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ასეთი მოსაზრებების ასეთ სენსიტიურ საკითხზე ღია წერილით დაფიქსირება, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისრაელისადმი მსგავსი მხარდაჭერა დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე მეგობარი სახელმწიფოს მიმართ.

ინტერპრესნიუსი