კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ლევან, რამდენად შეიძლება “ქართულ ოცნებაში” ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესები უკავშირდებოდეს იმას, თუ ვის ამზადებს საპრეზიდენტო კანდიდატად მმართველი პარტია?
– აშკარაა და ეს ბოლო პროცესებმაც გამოაჩინა, რომ “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, მით უფრო, საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ, 2018 წელს არის დაგეგმილი.
რაც შეეხება პარტია “ქართული ოცნების” რამდენიმე ფრაქციად დაყოფას, ეს პირდაპირ არის თუ არა კავშირში ამ პროცესთან, ამის თქმა პირდაპირ მტკიცებით ფორმაში, რასაკვირველია, გამიჭირდება, მაგრამ ფაქტი ერთია – “ქართული ოცნება” არ გამოირჩეოდა აზრთა ერთიანობითა და თანხვედრით, მათ ყოველთვის ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები და ეს მე სრულიად ბუნებრივიც მგონია მათი შემადგენლობიდან გამომდინარე.
ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანდი მაჟორიტარების ე.წ. ამბოხებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება და “ქართული ოცნების” სამ ფრაქციად დაყოფით არ დასრულდება.
– რას გულისხმობთ გაგრძელებაში?
– ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტითაც გაგრძელდება. გადამწყვეტი იქნება, თუ ვის წარადგენს ან მხარს დაუჭერს კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს მისი მხრიდან მოხდება ალბათ სრულიად ღიად და აშკარად. ეს ახალი პოლიტიკური მოცემულობა, კალაძის პირდაპირ ლეგიტიმაციას ვგულისხმობ, გავლენას იქონიებს “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ზოგადად საქართველოს პოლიტიკაზე. ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ ცხოვრებას როგორც პარტია “ქართულ ოცნებაში”, ისე ქვეყანაში.
– კალაძის ამბიციები სადამდე შეიძლება გაიზარდოს?
– კალაძე გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს თავის პოლიტიკურ მიზნებს. ტაქტიკურადაც სწორად თამაშობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ამ პოლიტიკურ თამაშში პირველი სერიოზული, მყარი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა. მომავალ წელს იქნება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში სრულფასოვნად ჩართვა, 2020 წელს კი საპარლამენტო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე მისი აქტიურობა. ყველა ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, სავარაუდოა, რომ მას ექნება პრემიერობის ამბიცია. ეს არის კალაძის საშუალოვადიანი პოლიტიკური პერსპექტივა.
– შეიძლება კალაძის მხრიდან დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების მოწმენიც აღმოვჩნდეთ?
– არა მგონია. ამ ყველაფერს, ამ პოლიტიკურ თამაშს კალაძე არ მისცემს ღია სახეს, არ გამოვა და ასე ღიად არ დაუპირისპირდება “ქართულ ოცნებას”, ამ შემთხვევაში, როგორც პარტიას და მას არ გამოეყოფა თავის გუნდთან ერთად და ოპოზიციაში არ გადავა. ეს სცენარი ნაკლებად არის მოსალოდნელი. ამ ყველაფერს ის “ქართული ოცნების” ეგიდით, “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ გააკეთებს. კალაძე ამ ყველაფერს გააკეთებს ისე, რომ შეინარჩუნებს გავლენებს მთავრობაშიც და პარლამენტშიც.
მართალია, ენერგეტიკის სამინისტროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და გარკვეული სიურპრიზები იყო, მაგრამ კალაძე მთავრობაში გავლენებს დღემდე მაინც ინარჩუნებს.
– ბატონო ლევან, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თქვენ უფრო კახა კალაძეს უკავშირებთ, ვიდრე პრემიერ კვირიკაშვილს?
– სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს შეცვლის გარდა იმისა, რაც გითხარით კალაძის პირდაპირ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არ მომხდარა.
კვირიკაშვილი არის ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ იმის იქით, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, როგორც ლიდერი, გადაწყვეტილებების მიმღები ლიდერი, ის ვერ შედგა. შესაბამისად, როგორც ჩანს, თვითონაც არ აქვს ამბიცია, პრეტენზია თუ ილუზია, რომ იყოს ლიდერი, პროცესების წარმმართველი თუ გადაწყვეტილებების მიმღები.

