ლია მუხაშავრია: “სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი გადაიწევს”

ლია მუხაშავრია: "სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი გადაიწევს"გუშინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ ის მომხრეებმა გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების სამართლებრივ მხარეზე საუბრობს.

– ქალბატონო ლია, უკრაინის პროკურორმა, ლუცენკომ სააკაშვილის მიმართ ძალიან მწვავე ბრალდებებზე ისაუბრა რადაში გამოსვლისას. როგორ შეიძლება სამართლებრივად პროცესები განვითარდეს? ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დადგება?

– მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ძალიან მძიმე ბრალდებები წაუყენა, ქართული მხარის მოთხოვნა ექსტრადირებაზე და მოთხოვნის დასაბუთება საქართველოში სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, გაცილებით სუსტი და ნაკლებ მნიშვნელოვანი დანაშაულებისგან შედგება. ამიტომ ექსტრადირების საკითხი არ დადგება.

– სამართლებრივად, ვინაიდან პირმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, მას უკრაინული სამართალი გაასამართლებს?

– დიახ. სამართლებრივად ასეა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თუ სააკაშვილს წაყენებულ ბრალდებებს სასამართლო მოუხსნის და გაამართლებს, შეიძლება აღიძრას საქმე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე და ამ შემთხვევაში შეიძლება ექსტრადირებაზე იყოს საუბარი.

– ქალბატონო ლია, ექსტრადირების მოთხოვნა ვადებს რამდენად ექვემდებარება, ხელახალი მოთხოვნა დასჭირდება საქართველოს ხელისუფლებას თუ ექსტრადირების საკითხი დადგება?

– არა. ექსტრადირების მოთხოვნა უკვე არსებობს. მართალია დაწუნებული იყო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ხარვეზები შევსებული აქვს ქართულ მხარეს და მოთხოვნა ხელახლა არის გაგზავნილი.

– დღეს სააკაშვილი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის. მან დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინის პრეზიდენტმა მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. შეიძლება სამართლებრივად პირი იყოს მოქალაქეობის გარეშე?

– რა თქმა უნდა.