განათლების საკითხების მკვლევარი, პროფესორი სიმონ ჯანაშია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სიმონ, როგორი იყო ეს წელი განათლების სისტემისთვის?
– სამწუხაროდ, ეს წელი არ იყო გარღვევების წელი, თუმცა, არის პატარა ძვრები, რაც არის ნიშანი, რომ ზოგიერთი მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, დაიწყო სისტემის დეცენტრალიზაცია, მასწავლებლების ტრენინგი. ამან შეიძლება მეტი ხარისხი მოიტანოს. ასევე, არის მცდელობა, რომ უნივერსიტეტების აკრედიტაციაში უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბევრს ეს წელი ვაშლების დარიგების წლად დაამახსოვრდება. ასევე, ჩვენდა სამწუხაროდ, სკოლებში იყო კონფლიქტები და უბედური შემთხვევები.
– მინისტრი შეიცვალა. რა რეკომენდაციები გაქვთ?
– უკეთესი იქნებოდა, სკოლებში რომ ახალი სახელმძღვანელოები შესულიყო. მართალია, ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად კონკურსია გამოცხადებული, მაგრამ პროცესი კარგად არ იყო დაგეგმილი, გამომცემლებს არ მისცეს საკმარისი დრო, მხარდაჭერა არ იყო და ა.შ.
არის საკითხები, რომლებიც დროშია გაჭედილი და სახელმწიფო გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
– კონკრეტულად?
– სკოლასა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობაში არის საკანონმდებლო ბარიერები. ასევე, სახელმწიფო აგრძელებს არასწორ მიდგომას, როდესაც მინისტრი იცვლება, იცვლება პოლიტიკაც. საუბარი არ არის ცუდი პოლიტიკის შეცვლაზე, ცუდი უნდა შეიცვალოს, საუბარია არასტაბილურობის განცდაზე, რაც ადამიანებს ამ დროს უჩნდებათ. ეს ცუდია.
სკოლაში კვლავ გრძელდება პოლიტიკა, რომელიც კონტროლსა და დასჯაზეა ორიენტირებული და არა – წახალისებასა და პროფესიულ განვითარებაზე. სკოლის დირექტორს ჯერ კიდევ ექცევიან, როგორც პოტენციურ დამნაშავეს.
დადებითი არის ის, რომ წელს პირველად სამინისტრომ გადაწყვიტა, დიფერენცირებულად მიუდგეს განათლების პოლიტიკას, რომ განსხვავებული საჭიროებებისა და განსხვავებული შესაძლებლობების მქონეს განსხვავებულად მიუდგეს, რათა ამით დაჩქარდეს განვითარება.
დაპირება იყო დისტანციური სწავლების შემოღების, რაც მხოლოდ კანონმდებლობით შემოიფარგლა. ამ მიმართულებითაც ნაბიჯებია გადასადგმელი.
ასევე, პრობლემა არის დაფინანსების კუთხით, ყველაზე დაბალი ხელფასი დღეს აქვს განათლების სფეროში დასაქმებულს, მასწავლებელს.
– პარლამენტში მისულ პრემიერს ოპოზიციამ ეს დანაპირები შეახსენა.
– პრემიერმა გვითხრა, რომ განათლება არის პრიორიტეტი, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვით, რადგან ეს ხშირად ბიუჯეტითაც განისაზღვრება. განათლებას აქვს დიდი ბიუჯეტი, მაგრამ ეს ბიუჯეტი არ მიდის ხელფასებზე, მიდის უცნაურ პროგრამებზე, როგორიც სკოლებში ვაშლების დარიგებაა.
– ჯეჯელავას პოლიტიკა უნდა შეცვლილიყო?
– ჯეჯელავას პოლიტიკა საერთოდ არ ჰქონდა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებდა, იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც ხალხი კი ლაპარაკობდა, მაგრამ ეს სისტემაში ვერაფერს ცვლიდა.
– ჩხენკელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სტუდენტების მიღება აეკრძალებათ იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ავტორიზაციის პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება დაიწყება. თუ ეს განცხადება რეალობაში მოვიდა, რამდენად მოიტანს შედეგს?
– არა მგონია, რომ მსგავსმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს. პრობლემა უფრო რესურსებშია, მაგალითად, კვალიფიციური პროფესორების რაოდენობაში. კარგი პროფესორები გაფანტული არიან, სამინისტრომ უფრო რესურსების შექმნასა და მობილიზებაზე უნდა იზრუნოს. ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ ხარისხის გაუმჯობესება უნდა, მაგრამ, მეორე მხრივ, აფინანსებს არა იმ უნივერსიტეტს, სადაც უფრო მაღალია ხარისხი, არამედ იმას, რომელიც ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტს შეიძლება დაუფინანსოს ის პროგრამა, რომელიც ხარისხობრივად მნიშვნელოვნად ჩამორჩება კერძო უნივერსიტეტის პროგრამას.
– მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში არიან ქართველი პროფესორები, რომელთა დაბრუნებაც ვერ ხერხდება გასაგები მიზეზების გამო. კვალიფიციური კადრების პრობლემა მთავარი პრობლემაა?
– საქართველოშიც არის ისეთი რესურსები, რომელთაც არ იყენებს საუნივერსიტეტო განათლება. ესეც არის პრობლემა. რაც შეეხება უცხოეთში მოღვაწე ქართველ პროფესორებს, კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ამ პროფესორების დისტანციური ჩართვა განათლების პროცესში.
ასევე პრობლემა არის პროფესორებში არასტაბილურობის განცდა. პროფესორს აქვს განცდა, რომ ის მუშაობს, როგორც დაქირავებული, თუ ერთი უნივერსიტეტი დაითხოვს სამსახურიდან, ცდილობს, როგორმე მეორე უნივერსიტეტში შეინარჩუნოს სამუშაო, ამ განცდის ფონზე ის ვერ იქნება რომელიმე უნივერსიტეტის განვითარებაში ჩართული, როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრი.
– ბატონო სიმონ, სკოლაზეც მინდა გკითხოთ. უსაფრთხო სკოლა დღეს მთავარი გამოწვევაა?
– უსაფრთხო სკოლა, არა მგონია, მთავარი გამოწვევა იყოს. სკოლის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ განვითარება არ ხდება. სკოლაში იმდენი მიმართულებით არის პრობლემა, რომ შეუძლებელია ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით დავალაგო.
მაგალითად, რა უფრო მნიშვნელოვანია: უსაფრთხოება, მაღალი ხარისხი, თანაბარი ხელმისაწვდომობა, მასწავლებლის კომპეტენცია თუ რა?! ბევრი პრობლემაა, მაგრამ უმთავრესი მაინც არის ის, რომ სკოლა ნელა ვითარდება. ძალიან ნელა იცვლება პედაგოგიური მიდგომები, ნელა იცვლება ის რესურსები, რომლებსაც სკოლა იყენებს.
მაგალითად, სამინისტრო ჯერ კიდევ თავს იმტვრევს, თუ როგორ დაბეჭდოს ქაღალდის სახელმძღვანელოები, მაშინ როდესაც მოსწავლეები ყველა ინფორმაციას ციფრულად იღებენ. ამ შესაძლებლობებს სკოლა არ იყენებს და ხელოვნურად ხდება ბარიერების აგება.
ასევე არ არის მასწავლებელთა როტაციისთვის ხელშეწყობა, რომ გარკვეული ნაწილი გამოვიდეს სკოლიდან და ახალი შევიდეს. ერთი სიტყვით, ბევრი პრობლემაა.
– ბოლო პერიოდში მანდატურის სამსახურზე ბევრი მსჯელობა იყო, ვის უნდა დაექვემდებაროს, რომ, დირექტორს თუ დაექვემდებარება, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება და ა.შ. მანდატურის სამსახური მოვალეობას რამდენად ართმევს თავს?
– მანდატური არის გარკვეული მექანიზმი, რომელსაც, როცა უნდათ, მაშინ აამოქმედებენ. ჩემი აზრით, ეს უფრო უცხო სხეულია. როდესაც უცხო სხეულია ჩანერგილი, მაშინ ვერც ვითარდები.
– საერთოდ არ უნდა იყოს?
– მანდატურის სისტემის პრობლემა არის ის, რომ 7 წლის განმავლობაში 70 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ და არ ვიცით, ამან რა შეცვალა, გარდა იმისა, რომ ვიღაცებს ფსიქოლოგიური შვება მოუტანა – რადგან მის სკოლაში მანდატურია, ე.ი. სიმშვიდეა.
– თუმცა, სავალალო ფაქტები მივიღეთ.
– ცხადია. ეს წინასწარ იყო პროგნოზირებადი, რადგან რაღაც ტერიტორიის კონტროლი არ ნიშნავს, რომ ბავშვები ქცევას ისწავლიან და ღირებულებები ექნებათ განვითარებული. ბავშვს ღირებულებებს ჩამოუყალიბებს მასწავლებელი და არა – მანდატური. მანდატური არის საჭირო იმ სკოლებში, სადაც კონფლიქტების ალბათობა მაღალია. იყო შემთხვევები, როდესაც კრიმინალები სკოლებში ნარკოტიკების გაყიდვას ცდილობდნენ. ასეთი შემთხვევების დროს, ცხადია, მანდატური, დაცვის თანამშრომელი საჭიროა. დღეს მანდატურის სამსახურის მომსახურება ფსიქოლოგიური მომსახურებაა.
– სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგოდ რა უნდა გაკეთდეს? ბავშვებთან უნდა იყოს მუშაობა, საუბრები თუ რა?
– ბევრი თვალსაზრისით უნდა მოხდეს ცვლილება. პირველი, სტრუქტურული ცვლილება უნდა მოხდეს; მეორე, უნდა შევიმუშაოთ და დავნერგოთ ის პროგრამები, რომლებიც მოზარდს ასწავლის კონფლიქტის მართვას, დარეგულირებას, თავიდან აცილებას. ასევე, უნდა არსებობდეს მედიაციის საშუალებები. უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი განსხვავებული ქცევის ან მოპყრობის დროს.
ასევე არ ვასწავლით ელემენტარულს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კატასტროფების დროს. ბავშვებს შორის ძალადობა არ არის მხოლოდ ერთადერთი, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. პრობლემა არის ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებებით უნდა მოხდეს ცვლილებები.

