– რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
– რელიგიას, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება არის ის, რომ გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ ვაქცევთ ერთმანეთისთვის თავში ტაბურეტის ჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად მათი რიტორიკაც სავსე არის აგრესიით.
თუ მკითხავთ პოლიტიკაზე, მე გეტყვით, რომ ყველაზე მეტად დაფასებული არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის პოზიციას აგრესიულად გამოხატავს. როგორც პოლიტიკოსი, გეტყვით სამწუხარო რეალობას, რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის. მით უფრო მეტად მოსწონთ – მიდი უფრო აგრესიული და შემტევი იყავი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ. ამ სივრცეში მერე არ უნდა გაგვიკვირდეს ალბათ, რომ ჩვენი შვილი იქნება აგრესიის მსხვერპლი. აგრესიის მსხვერპლია ნებისმიერი ბავშვი, იქნება ის დაჭრილი თუ ის, ვინც დაჭრის, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ამ პროცესში როლი არ იწყება მხოლოდ ქალებით ან ბავშვებით.
– ამ პროცესის შეცვლაში როლი იწყება ძლიერთაგან ამა ქვეყნისათა. არა მხოლოდ მთავრობებით, არამედ იმ ადამიანებისგან, ვინც ძლიერად გრძნობენ თავს ამ საზოგადოებაში, – განაცხადა მარგველაშვილმა და მიმართა ადამიანებს, რომლებსაც თავი ძლიერად მიაჩნიათ.
– თუ თქვენი ყოველდღიური ყოფა სავსე იქნება არა იმით, თუ როგორ დაჩაგრეთ ადამიანი, არამედ იმით, როგორ შეუმსუბუქეთ სხვა ადამიანს ცხოვრება, მხოლოდ ამ მომენტიდან შეიცვლება თქვენი მეზობელი ქალბატონის ან თქვენი მეგობრის შვილის ცხოვრება, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ინტერპრესნიუსი

