“სააკაშვილის დაპატიმრება გადაწყვეტილია”

"სააკაშვილის დაპატიმრება გადაწყვეტილია"საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ 3 დეკემბერს პეტრო პოროშენკოს სახალხო იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, ამ დღეებში კი მომხრეებს მისი შესაძლო დაკავების შესახებ ამცნო.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მისი დაკავების შემთხვევაში სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყონ. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრემიერი საქართველოში სწორედ მასზე სასაუბროდ ჩავიდა.

უკრაინის პრემიერი საქართველოში რომ სააკაშვილზე სასაუბროდ იყო ჩამოსული, ამას ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, თბილისმა კიევისგან მოითხოვა, რომ დაპატიმრების შემდეგ ნაპრეზიდენტალის საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება.

რა გარანტიები მიიღო თბილისმა კიევისგან, დარჩა თუ არა უკრაინაში სააკაშვილს მხარდამჭერები, რა მუხლებით აღიძრება მის წინააღმდეგ საქმე, რის გარკვევას ცდილობენ უკრაინელი სამართალდამცავები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.

ტრისტან წითელაშვილი:

– სააკაშვილის წინააღმდეგ რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა, ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვლაპარაკობდი, როცა ის ოდესის გუბერნატორი იყო. ბევრს ეს სასაცილოდ ეჩვენებოდა. ახლა სიტუაცია სულ სხვანაირად არის და მის წინააღმდეგ მასალების შეგროვება მიმდინარეობს. ახლო მომავალში მას გისოსებს მიღმა ვიხილავთ.

ამას სააკაშვილიც გრძნობს და ისტერიულ განცხადებებს აკეთებს. პიარის დიდი სპეციალისტია და უნდა, თავი მოწამედ წარმოაჩინოს. ეს აღარ გამოუვა, უკრაინაში უკვე კარგად იციან, რას წარმოადგენს ის სინამდვილეში.

– ყველაფრის მიუხედავად, მას მაინც ჰყავს მომხრეები. სააკაშვილმა მათ მოუწოდა, ჩემი დაკავების შემთხვევაში სამთავრობო შენობების ბლოკირება მოახდინეთო.

– მას მომხრეები მართლაც ჰყავს, მაგრამ მათი რიცხვი შთამბეჭდავი არ არის. უკრაინის ხელისუფლება ასეთი კორუმპირებული რომ არ იყოს, მიშას ამდენი მხარდამჭერიც არ ეყოლებოდა.

– მიშას დაპატიმრების შემთხვევაში ეს ხალხი გამოვა ქუჩაში?

– საზოგადოების ნაწილი გამოვა. რამდენად შეძლებენ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკირებას, არ ვიცი. მინდა იცოდეთ, რომ თუ ხალხი გამოვიდა, ეს იქნება არა სააკაშვილისთვის მხარის დაჭერა, არამედ ხელისუფლების ქმედებების გაპროტესტება.

– პოლიტიკურ ძალებზე რას იტყვით? სააკაშვილი რამდენიმე პარტიასთან თანამშრომლობს.

– მათთან თანამშრომლობდა. ახლა მათ შორის უთანხმოებაა და მას ძალიან ცოტა უჭერს მხარს. ყველა მიხვდა, რომ ეს კაცი არის მატყუარა. ამაში წინა კვირას, უკრაინაში ყოფნის დროსაც დავრწმუნდი.

– უკრაინაში გამგზავრების წინ თქვენ “ახალ თაობასთან” განაცხადეთ, რომ იქ ჩვენების მიცემასაც აპირებდით. მოხდა თქვენი გამოკითხვა სამართალდამცავების მიერ?

– მე შევხვდი იქაურ სამართალდამცავებს და მათ ბევრი საინტერესო მასალა გადავეცი. სააკაშვილთან დაკავშირებით უამრავი მასალა მაქვს. უკრაინელი სამართალდამცავები რამდენიმე მიმართულებით არიან დაინტერესებული.

სერიოზულად მიდის იმ პერიოდის შესწავლა, როდესაც ის ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. იქ მას ფონდი ჰქონდა შექმნილი, სადაც დიდი რაოდენობით ფული იყო თავმოყრილი. ეს თანხები დაჭრილი მებრძოლების რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. სინამდვილეში კი ის ფული სააკაშვილს და მის გარემოცვას ხმარდებოდა.

უკრაინელი სამართალდამცავებისგან ვიცი, რომ ამ ფულით ჩაჰყავდა სააკაშვილს უკრაინაში საყვარლები.

თანხების მითვისების გარდა, ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვა იკვეთება. ამისთვისაც აგებინებენ მას პასუხს. უკრაინის პროკურატურას სერიოზული მასალები აქვს. მიშა თავს ვეღარ დაიძვრენს.

– სააკაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება მის დაკავებას სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით აპირებს. ამაზე თუ იყო საუბარი უკრაინაში თქვენი ვიზიტისას?

– ამაზეც იყო საუბარი. უკრაინელები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მიშა ციხეში წავა. მას უკრაინაში იმდენი უკანონობა აქვს ჩადენილი, შესაძლოა, საქართველოს ის არც კი გადმოსცენ.

საქართველოს ხელისუფლებას მისი ექსტრადირების სურვილი არ აქვს. მათ უკვე მიიღეს იმის გარანტიები, რომ, დაპატიმრების შემთხვევაში, მიშა უკრაინაში დარჩება.

– ვისგან მიიღეს ეს გარანტიები?

– უკრაინის პრემიერისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა საქართველოში.

– უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მათი საუბრის საგანი სააკაშვილი არ ყოფილა.

– ბუნებრივია, ამას იტყოდნენ. იმის აღიარება არც თბილისს უნდა და არც კიევს, რომ სააკაშვილი ორივეს თავის ტკივილია. ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებულად ეშინია მიშას ექსტრადირების. მათთვის ციხეში მყოფი მიშაც საშიშია.

– უკრაინის ხელისუფლებისთვის არ არის ციხეში მყოფი მიშა საშიში?

– უკრაინა დიდი ქვეყანაა და მას ბევრი მომხრე არ ჰყავს. თან როცა მისი შავბნელი საქმეები გამომზეურდება, არა მგონია, ვინმეს მისი მხარდაჭერა მოუნდეს.

სააკაშვილის დაკავება გადაწყვეტილია და როცა ეს ინტერვიუ გამოვა, ის შეიძლება უკვე დაკავებულიც იყოს. მიშას ბედი მართლა არ მაღელვებს, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროების გამო კი ძალიან შეწუხებული ვარ.

– მათაც დაპატიმრება ემუქრებათ?

– ყველას არა, მაგრამ ნაწილს სერიოზული პრობლემა შეექმნება. ეს ბიჭები იქ იმ მიზნით ჩავიდნენ, რომ საქართველოს მტერთან – რუსეთთან იბრძოლებდნენ. სააკაშვილმა ის ბიჭები ბევრ უკანონობაში გახვია. ჩემი აზრით, მას ამ ბიჭების გამოც უნდა მოეკითხოს.

– საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ მათი უფლებები დაიცვას?

– სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს. მთავარია, თავად იყვნენ კარგად და დანარჩენების ბედი არ ანაღვლებთ.