“უცნობის” სიძე გიორგი შარაშიძე: “კვირიკაშვილი გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს”

"უცნობის" სიძე გიორგი შარაშიძე: "კვირიკაშვილი გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს"“სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. გიორგი შარაშიძის განმარტებით, ადმინისტრაციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია წარდგენილი და სურს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაეცნოს მას.

შარაშიძის თქმით, ის ელოდება გამოძიების დასრულებას, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.
– როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს, – განაცხადა შარაშიძემ კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გადაეცა მის კომპანიას ლილოში მიწის ნაკვეთი უკონკურსოდ, შარაშიძემ აღნიშნა, რომ “ეს მოხდა კონკრეტული შეთავაზების საფუძველზე, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, სახელმწიფოსთვის იყო მისაღები”.
– ეს და ყველა სხვა პროექტი შეჩერდა იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი უკანონო ქმედება და ვცდილობთ ახლა ზუსტად ამას, რომ ეს დავამტკიცოთ. რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს არის შეთანხმებული ფასები, კონკურენციის არგაწევა ერთმანეთთან, 57 ტენდერის უკონკურენციოდ ჩატარება. მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო შეინარჩუნებს ობიექტურობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, – განაცხადა შარაშიძემ.