ბოსნიის საგარეო უწყება – ”ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას”

ბოსნიის საგარეო უწყება - ”ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას”ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით 11 იანვარს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, სადაც დაადასტურა, რომ სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

„თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა. ამან რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ამერიკის ხმა“​ წერს, რომ ჩრნადაკის განცხადებით, ამან რესპუბლიკა სრპსკას სტატუსი (ეს უკანასკნელი ბოსნია-ჰერცეგოვინის საერთაშორისოდ აღიარებული სრულუფლებიანი ერთეულია) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „საეჭვო საერთაშორისო სტატუსს“ გაუთანაბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.

ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრმა მლადენ ივანიჩმა თქვა, რომ ამის შესახებ პრეზიდიუმმა არაფერი იცოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერბეთის საპატრიარქოში სერბეთის პატრიარქს შეხვდა. ბიბილოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს სერბეთის საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს საქართველოს საპატრიარქო ამჟამად არკვევს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ანატოლი ბიბილოვი სერბეთში 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი ასევე სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა.

იმედინიუსი