გუგული მაღრაძემ შპს „მანას“ 40.000 დოლარი ასესხა

გუგული მაღრაძემ შპს „მანას“ 40.000 დოლარი ასესხაპარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს „მანას“ 40.000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა, თუმცა თანხის გასესხების პირობები დეკლარირებული არ არის.

გუგული მაღრაძე მესამე მოწვევის პარლამენტარია. იგი იყო 2004 – 2008 წლების, 2012 – 2016 წლებისა და მოქმედი პარლამენტის წევრი. დღეისთვის მას პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია უკავია.

პარლამენტარის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს გუგული მაღრაძის, როგორც პარლამენტის წევრის ხელფასი ჯამში 56 103 ლარი იყო (თვეში 4675 ლარი), პედაგოგიური საქმიანობიდან კი 17 418 ლარი მიიღო.

გუგული მაღრაძის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, მას ამ პერიოდში საბანკო ან კერძო სესხი არ აუღია, შესაბამისად, გასესხებული თანხის მიღების წყარო მითითებული არ არის.

„რეგინფო“ წერდა, რომ ბიზნესკომპანიებზე პროცენტიან სესხებს პარლამენტის არაერთი წევრი გასცემს. მაგალითად, დიდუბის საარჩევნო ოლქიდან არჩეულ მაჟორიტარს ივლიანე წულაიას 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2017 წელს შემოსავლის სახით 1 140 086 აშშ დოლარი, 132 969 ევრო და 502 950 ლარი მიიღო. 

გურჯაანის მაჟორიტარმა დავით სონღულაშვილმა კი კერძო პირებზე სესხად გასცა 201 300 აშშ დოლარი და 641 890 ევრო, ხოლო ამ სესხებიდან სარგებლის სახით მხოლოდ ერთ წელში 42 276 აშშ დოლარი და თითქმის 80 000 ევრო მიიღო.

რეგინფო