ირაკლი ალადაშვილი – “რეზერვის სისტემა საქართველოსთვის აუცილებელია” – რას ნიშნავს აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი

ირაკლი ალადაშვილი - "რეზერვის სისტემა საქართველოსთვის აუცილებელია” - რას ნიშნავს აქტიური და სამობილიზაციო რეზერვისამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციაზე საუბრობს.
– ბატონო ირაკლი, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გამოქვეყნდა რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფცია. როგორ შეაფასებთ ამ კონცეფციას?
– პირველ რიგში, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის შექმნა აუცილებელი იყო. მით უფრო ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც საფრთხეები არ აკლდება. 2004-2005 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მცდელობა იყო რეზერვის კონცეფციის შექმნის. თუმცა, უამრავი შეცდომა იყო დაშვებული, საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა, მაგრამ შედეგები სავალალო მივიღეთ.
– 2008 წლის ომს გულისხმობთ?
– დიახ. რაც შეეხება ახალ კონცეფციას, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ წარმოგვიდგინა, ორი ტიპის რეზერვი შეიქმნება: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. შეიძლება რეზერვი გყავდეს, მაგრამ მობილიზება ვერ შეძლო, მაშინ აზრს კარგავს ყველაფერი. ამიტომ, სამობილიზაციო ნაწილს უნდა მივაქციოთ ყურადღება, საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ არ გვაქვს იმხელა ტერიტორიები, რომ უკანდახევა შეგვეძლოს და დროის მოგება, სწორედ ამას უნდა მოერგოს, უნდა იმუშაოს.
– რას ნიშნავს აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი?
– აქტიური რეზერვი სამი ნაწილისგან შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ეს ის ხალხია, ვინც უშუალოდ შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეხმაროს საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც დანაყოფს დანაკარგი აქვს, მაშინ უნდა შეავსოს დანაკარგი. ამიტომაც, შეიარაღებული ძალების რეზერვისტები დაკომპლექტდებიან ძირითადად იმ ხალხით, რომლებიც კონტრაქტით მსახურობდნენ, სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი.
მეორე არის ტერიტორიული რეზერვი, სადაც წარმოდგენილია ის ხალხი, რომლებსაც შეიძლება სულაც არ აქვთ სამხედრო გამოცდილება და ბრძოლისთვის ნაკლებად გამოდგებიან, მაგრამ თავიანთ ტერიტორიას, სადაც ცხოვრობენ, კარგად იცნობენ და შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებს დაეხმარონ. მაგალითად, ისინი შეიძლება იყვნენ გამყოლი, მომარაგებელი, კომუნიკაციაში დაეხმარონ და ა.შ. საქმე ყოველთვის გამოჩნდება.
მესამე არის სპეციალისტთა რეზერვი. ჯარს არ შეუძლია შტატში ჰყავდეს ყველა მიმართულების თუ სფეროს სპეციალისტი, რომელიც შეიძლება დასჭირდეს. შეიძლება დასჭირდეს გვირაბის სპეციალისტი, ხიდების სპეციალისტი, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები. ამ დროს შეიძლება რეზერვში გყავდეს სპეციალისტი და საჭიროებისამებრ გამოიყენო. ეს ის ხალხია, რომლებიც სამოქალაქო პირები არიან, მაგრამ არიან საქმის პროფესიონალები და მათი ცოდნა და გამოცდილება შეიძლება ამ კუთხით დასჭირდეს ქვეყანას.
2008 წლის ომის დროს ჩვენი ქვეყნის კიბერ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა. ამ დროს ავტომატითა და ტანკით ვერაფერს გახდები, მნიშვნელოვანია სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ამ დროს ადამიანმა თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა შეიძლება მოიხადოს ისე, რომ არ არის აუცილებელი, ავტომატი აიღოს ხელში, თავისი პროფესიოანალიზმით დაეხმაროს ქვეყანას და მის უსაფრთხოებას.
რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვს, აქ შედიან 18-დან 60-წლამდე მოქალაქეები. ეს არის სავალდებულო, რომლებიც იქნებიან ამ ელექტრონულ სიაში და წელიწადში გაივლიან გარკვეულ მოსამზადებელ კურსს.
სამობილიზაციო რეზერვის მთავარი იდეა ისაა, რომ რაც შეიძლება მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად იყოს სხვადასხვა კრიზისული ვითარებისთვის.
– საუბარია არა მხოლოდ ომზე?
– დიახ, საერთო ჯამში აქ სხვადასხვა კრიზისები იგულისხმება და არა მხოლოდ ომი. მაგალითად ზაფხულში, ბორჯომის ხანძრის დროს საჭირო გახდა ჯარის დახმარება, საჭირო იყვნენ მომზადებული მოქალაქეები, რომლების ძებნა კატასტროფების დროს კი არ იქნება საჭირო, არამედ გამოძახების დროს ადგილზე იქნებიან.
– ყოფილი ხელისუფლების დროს სარეზერვო სამსახური არსებობდა, მაგრამ 2008 წლის ომმა დაგვანახა, რომ რეზერვი უფრო მეტად თავის ტკივილი აღმოჩნდა, ვიდრე დამხმარე ძალა. ვნახეთ, როგორ იყო გორის ცენტრალურ მოედანზე გაშლილი ეს ხალხი, რომლებიც საკუთარ თავსაც კი ვერ იცავდნენ. ასეთი ლაფსუსებისგან რა დაიცავს რეზერვს?
– მთავარი არის მართვა. მაშინ, სამწუხაროდ, არამხოლოდ რეზერვისტები აღმოჩნდნენ ამ დღეში, არამედ არმიაც დადგა მართვის უდიდესი პრობლემის წინაშე. ცხადია, ობიექტური მიზეზებიც არსებობდა, მაგრამ არსებობდა სუბიექტური მიზეზებიც. რეზერვისტების საკითხი განყენებული ვერ იქნება. საუბარია ქვეყნის ტოტალურ თავდაცვაზე. ყველა ძალით უნდა შეგვეძლოს ქვეყნის დაცვა.
– არ ფიქრობთ, რომ კარგად მომზადებული საკონტრაქტო ჯარი უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც პროფესიონალს უხდი ფულს და ის ვალდებულია, მაღალ დონეზე შეასრულოს თავისი მოვალეობა? ეს თითქოს უფრო ევროპული მიდგომაა, ნატოს წევრ ქვეყნებსაც საკონტრაქტო ჯარი ჰყავთ და რეზერვისა და წვევამდელების სისტემა იქ არ არის.
– ნატოს არ აქვს მოთხოვნა, რომ აუცილებლად საკონტრაქტო ჯარი უნდა გვყავდეს. მეტიც, ნატოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც თავის დროზე გააუქმეს, ახლა ამ სამსახურების აღდგენას იწყებენ. მეორე, საქართველოს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ კონტრაქტით დაკომპლექტებული რეგულარული არმია ჰყავდეს. მშვიდობიანობის პერიოდში რეგულარული არმიის შესანახად დიდი თანხებია საჭირო. შეიარაღებული კონფლიქტის დროს დანაკარგი დიდია და ამ დროს საჭიროა შევსება. ვინ უნდა შეავსოს?! საიდან უნდა შევავსოთ, ქუჩიდან წავიყვანოთ?! ეს ხომ გამოვიარეთ აფხაზეთში, სამაჩაბლოში?! ეს არ არის სწორი. ამიტომ მთავარია, ეს ხალხი იყოს მომზადებული. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც ომისთვის, ბუნებრივი კატაკლიზმების, კატასტროფების დროსაც გამოადგებათ მათ ეს ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ამ მომზადების დროს გაივლიან.
– ბატონო ირაკლი, ჯაველინებზეც მინდა გკითხოთ. მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროები ამერიკელებთან გაივლიან ამ სარაკეტო სისტემის მართვის მომზადებას. რას ნიშნავს, რომ ეს სისტემა გაქვს?
– ამ საკითხს ორი მხარე აქვს: ერთია პოლიტიკური, მეორე – სამხედრო. პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, მოიხსნა ერთგვარი ჩუმი ემბარგო, რომელიც იყო საქართველოზე და რომელზეც არავინ არაფერს ამბობდა, მაგრამ ეს ასე იყო.
რაც შეეხება სამხედრო-ტექნიკურ ნაწილს, ჯაველინი არის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემა. ის მოქმედებს პრინციპით – გაისროლე, მოარტყი, დაივიწყე. ჯაველინის მართვად რაკეტას შეუძლია, ტანკის კოშკურას ზემოდან დაეცეს, სადაც ნებისმიერ ტანკს ნაკლები ჯავშანი აქვს. როდესაც მოწინააღმდეგემ იცის, რომ შენ გაქვს ჯაველინი, ამ დროს ტანკისტები შეტევამდე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
– რუსეთს აქვს ჯაველინი?
– არა, რუსეთს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექსი შეიარაღებაში არ აქვს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა