500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში, რომელსაც Bloomberg აქვეყნებს, ბიძინა ივანიშვილი 318-ე ადგილს იკავებს. ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.85 მილიარდადაა შეფასებული. რეიტინგში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში მდებარე რეზიდენციაში საკუთარი ზოოპარკი აქვს.
როგორც რეიტინგში გამოქვეყნებული მონაცემებით ხდება ცნობილი, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ივანიშვილის ქონება 380 მილიონით გაიზარდა. (2017 წლის იანვარი- 5.47 მილიარდი; 2018 წლის იანვარი 5.85 მილიარდი). მილიარდერების სიაში საქართველოს მოქალაქეებიდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა.
ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს სათავეში Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსია 106 მილიარდით. მეორე ადგილს 92.7 მილიარდით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია, მესამეზე უდიდესი აქციების მფლობელი და Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი 88.4 მილიარდით, მეოთხე ადგილს facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი იკავებს 77.3 მილიარდით, ხოლო ხუთეულს zara-ს დამაარსებელი, ესპანელი ამანსიო ორტეგა ასრულებს 74.9 მილიარდით.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი- მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, ციფრების განახლება ხდება ნიუ-იორკში ყოველი სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ.

