ჯონდი ბაღათურია: “ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი ნარკოტიკების ვაჭრობას შეუწყობს ხელს”

ჯონდი ბაღათურია: "ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი ნარკოტიკების ვაჭრობას შეუწყობს ხელს"კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა, დროებით შეჩერდა. საპატრიარქო – პარლამენტის წინააღმდეგ, ასე მოინათლა ეს დავა.

“ახალი თაობა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ქართული დასის” ლიდერ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ განხილვებში.

– ბატონო ჯონდი, კანონპროექტს ნარკოლიბერალიზაციის შესახებ დიდი ხმაური მოყვა. თქვენთვისაც ცნობილია, რომ საპატრიარქო აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და მისი შეჩერება მოითხოვა. საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ, ასე მოინათლა ეს საკითხი. რას იტყვით თქვენ?

– პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ პატრიარქის პოზიცია არის სწორი და ეს ლოზუნგი საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ არის ცრუ ლოზუნგი.

– რას იტყვით საპატრიარქოს პოზიციაზე?

– რაც შეეხება თვითონ პოზიციებს, ჩვენ ყველა, ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც, ეკრანზე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი, რომელიც არის ნარკოდამოკიდებული, რაც ითვლება დაავადებად, არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ ამ კანონპროექტში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ნარკოტიკების მომხმარებელზე.

– აბა რაზეა საუბარი?

– კანონპროექტი პირდაპირ ლობირებს და ახდენს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების ლეგალიზაციას. მე შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი წარმოდგენილი კანონპროექტიდან.

– მაგალითად?

– ამ კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სრულად ათავისუფლებს აღმკვეთი ღონისძიებისგან, ანუ პატიმრობისგან პირებს, რომლებიც იქნებიან მხილებული ნარკოტიკების შეძენის, დამზადების, წარმოების, გადატანის და გადაგზავნისთვის. ხოლო 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, პირები, რომლებიც ჩადიან შემდეგ დანაშაულს: ყველა სახის ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გადატანა, გადაზიდვა, დამზადება და წარმოებაც კი, ჯგუფურად, არაერთგზის და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ისჯება ფულადი ჯარიმით!

– რა გამოდის, რომ გამავრცელებლისთვის იცვლება კანონი, რომ ისინი არ დაისაჯონ? ანუ ვიღაც ამ ბიზნესს მფარველობს?

– რა თქმა უნდა! მე რა ციტატებიც წაგიკითხეთ, იქ სიტყვაც კი არ არის ნახსენები ნარკოტიკების მომხმარებელზე, ათავისუფლებს პატიმრობისაგან ადამიანებს, რომლებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკებს დაამზადებენ, გადაიტანენ, გადააგზავნიან, შეინახავენ და გაავრცელებენ. პირდაპირ ვაცხადებ, ეს არის ნარკომოვაჭრეთა საერთაშორისო სინდიკატის მიერ ლობირებული კანონპროექტი!

– ამის წინააღმდეგ გამოვიდა საპატრიარქო და არა მომხმარებლების?

– დიახ, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდა საპატრიარქო და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გამოდის ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად, წაკითხული არ აქვს ეს. კანონპროექტის ავტორები ერთმანეთისგან მიჯნავენ ნარკოტიკებით ვაჭრობას და ნარკოტიკების გავრცელებას. აქამდე მუხლი იყო ასეთი: გასაღება-გავრცელება.

– და ახლა რა იცლება?

– კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გავრცელება, ანუ ფინანსური ინტერესის გარეშე თუ გაავრცელებ ჰეროინს, კოკაინს და სუბოტექსს, ნაკლები ბოროტებაა და აქაც პირველი ნაწილით ათავისუფლებენ პატიმრობისგან პირს, რომელიც ნარკოტიკების გავრცელებას ეწევა. ხოლო ადმინისტრაციულ კოდექსში შედის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების ექსპორტი საქართველოში, ან იმპორტი საქართველოდან, ან საერთაშორისო ტრანზიტი, ისჯება ჯარიმით 100 ლარამდე.

გეკითხებით, აქ ნარკოტიკების მომხმარებლის პასუხისმგებლობიდან განთავისუფლებაზეა საუბარი თუ ნარკოტიკების საერთაშორისო ვაჭრობის ლობიზმი მიდის?!

კიდევ ერთი მუხლი, ძალიან საინტერესო: პირს, რომელიც არასრულწლოვანის თანდასწრებით მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებს, უწესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

ვსვამ შეკითხვას, ახლა რაც მე წავიკითხე, აქ სადმე ნარკოტიკების მომხმარებელზე ზრუნვა ჩანს?! ან ერთი სიტყვით მაინც, დადებით ან უარყოფით კონტექსტში, ნარკომომხმარებელი ნახსენებია?! აქ საუბარია მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკებით ვაჭრობას! და საუბარია 100 და 200 ლარიან ჯარიმებზე.

– რას მივიღებთ, აღნიშნული კანონპროექტი თუ შევა ძალაში?

– ეს კანონპროექტი დაწერილია და ლობირებულია ნარკომოვაჭრეთა საერთაშორისო სინდიკატის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობის დაწამვლას ნარკოტიკებით და დაუსჯელ ვაჭრობას. აქ ლაპარაკი არ არის, მსუბუქ ნარკოტიკებს რომ ეძახიან, მარიხუანაზე და მსგავს ნარკოტიკებზე. ნარკოტიკების ვაჭრობაზეც კი არსებული კანონპროექტით სასჯელი იცვლება. არსებული კანონით, ნარკოტიკებით ვაჭრობა უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს და კანონის ავტორები გვთავაზობენ, რომ 3-დან 7 წლამდე შემცირდეს ნარკოტიკების მოვაჭრისთვის სასჯელი.

– და ასეთ კანონპროექტს ლობირებს პარლამენტი და მისი დამტკიცება უნდა?

– მე წინ მიდევს კანონპროექტი, რომელსაც კენჭი უყარა ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით. რომელზეც შემპირდნენ, რომ კი, სწორს ლაპარაკობ და შევცვლითო, მაგრამ მას მაინც ეყარა კენჭი პირველი მოსმენით და რომლის შეჩერება მოითხოვა პატრიარქმა და ეკლესიამ მთლიანად, რომლის შეჩერება მოითხოვა მეცნიერებათა აკადემიამ, მთლიანად მისმა პრეზიდიუმმა, რომლის შეჩერებას ვითხოვთ ჩვენ და ითხოვს ქართველი საზოგადოება!

ჩვენ ვამზადებთ ცვლილებების პაკეტს, დეპუტატთა იმ ჯანსაღ ნაწილთან ერთად, ვინც მხარს არ უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, ვგულისხმობ უმრავლესობის წევრებს.

– ანუ უმრავლესობაშიც არ არის ერთიანი პოზიცია ამ საკითხზე?

– უმრავლესობაში არის აზრი გაყოფილი ორ ნაწილად. უმრავლესობაში უფრო მეტნი არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ნარკოტიკების ვაჭრობის და ნარკოტიკების ლეგალიზაციის, მაგრამ ამ მეორე ნაწილს უმრავლესობის, რომელიც უფრო ნაკლებია რაოდენობით, ზურგს უმაგრებენ ნაციონალურ მოძრაობა და ე.წ. ბოკერიას ფრთა. “ქართული ოცნების” ეს ჯგუფი, ნაცმოძრაობასთან და “ევროპულ საქართველოსთან” ერთად, ლობირებენ აი ამ კანონპროექტს.

– რა გადაწყდა საკმაოდ ხმაურიანი განხილვების შედეგად?

– აქვე ვიტყვი, საკმაოდ კონსტრუქციული იყო ბოლო შეხვედრა, იქ იყვნენ ბატონი აკაკი ზოიძე და ბატონი ლევან კობერიძე, რომლებიც კონსტრუქციულად იყვნენ განწყობილები და თქვეს, რომ არსებული ვითარება მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ყველანი, მხარეები, შევთანხმდეთ ამ პროექტზე. გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში განხილვები და კენჭისყრა შეჩერდეს, უკვე მიღებულია. ეს დაფიქსირდა ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მეცნიერებათა აკადემიაში.

ამ კანონპროექტზე მუშაობა აუცილებელია, ჩვენ დაგვიანებითაც კი დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ პროექტის მიზნები და ამოცანები უნდა იყოს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირება, მათი რეაბილიტაცია, მათი ციხეში არჩასმა და არა – ნარკომოვაჭრეებისა და გამავრცელებლებისთვის სასჯელის შემსუბუქება. პირიქით, მათთვის ზომები უნდა გამკაცრდეს!