ბოლო დროს გახშირდა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ლალი აფციაური პასუხობს.– ქალბატონო ლალი, ქალაქში არსებობს 14 წლის მოზარდებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ძარცვავენ მაღაზიებს, აფთიაქებს, ოფისებს. ბოლო პერიოდში 50-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. კანონი მოზარდებს არ სჯის და ვინ შეიძლება იდგეს ამ ბავშვების უკან?
– არ არის გამორიცხული, რომ სრულწლოვანი, რომელსაც თავად სასჯელის ეშინია, ბავშვებს იყენებდეს საამისოდ. თუმცა კონკრეტული დაკავების შემთხვევაში არის გარკვეული მსუბუქი სასჯელები არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, როგორ დავსაჯოთ?! ან როგორ მოვახვედროთ ციხეში. მთავარი ის არის, რომ სახელმწიფომ იზრუნოს, როგორ არ მოხვდნენ ეს ბავშვები ქუჩაში და როგორ არ ჩაიდინონ დანაშაული.
– ამისთვის რა არის საჭირო?
– სოციალური სამსახურები, რომლებიც აღრიცხავენ ქუჩაში გამოსულ ე.წ. უპატრონო ბავშვებს, უნდა განხორციელდეს ამ ბავშვებზე ზედამხედველობა და მიიღონ ის ზომები, რაც ცივილურ სამყაროშია მიღებული.
– ამ კუთხით სახელმწიფო არაფერს აკეთებს?
– რამე რომ კეთდებოდეს, ამდენი მაწანწალა ბავშვი ქუჩაში არ იქნებოდა. ყოველდღიურად ვხედავ ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული ბავშვების საკმაოდ დიდ რაოდენობას. სახელმწიფომ უნდა აიღოს მათზე მზრუნველობა.
– კანონში თუ შეიძლება რაიმე ცვლილების შეტანა?
– არა, ამ კუთხით ვერაფერი შეიცვლება. ვინ შეიძლება მომხრე გახდეს იმისა, რომ კანონში რაიმე ცვლილება შევიდეს გამკაცრების კუთხით? გამკაცრებაზე ფიქრს ურჩევნიათ, სხვა თემაზე იმუშაონ და ყურადღება მიაქციონ ამ ბავშვებს. ან მათ დასაქმებაზე იზრუნონ, ან სწავლაზე. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება თუკი ამას მოინდომებენ.
– ზოგადად კრიმინოგენური ფონის გაუარესების შესახებ რას იტყვით? ოპოზიციისგან გვესმის შეფასებები, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. რას იტყვით თქვენ?
– დანაშაული ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება და იმაზე უარესიც, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ოპოზიცია რომ ამბობს იმატა, რასთან აკეთებს შედარებას?! სწორედ მათი განცხადებები მაღიზიანებს. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, თუ იმ დროს ადარებენ, იმ პერიოდთან შედარებით იმატა?! იმ დროს 300 ათასი პრობაციონერი გვყავდა და 40 ათასი პატიმარი. როგორ იმატა და სად იმატა?! მათი მმართველობის პერიოდში მსგავსი ტიპის დანაშაულებები არ შუქდებოდა. ნაკლებად მიუწვდებოდა ჟურნალისტს ხელი მსგავს ინფორმაციაზე. დღეს ყველაფერზე ხელი მიგიწვდებათ და ყველაფერი შუქდება. უნდა გაშუქდეს, ეს ძალიან კარგია, რომ შუქდება. უბრალოდ, გამაღიზიანებელი ის არის, ამაზე ვინ ლაპარაკობს. მათ დროს ხომ, რას ამბობ, ქვეყანაში დანაშაული საერთოდ არ ხდებოდა!
– რისი თქმა გინდათ, რომ დღეს მეტად შუქდება და ამიტომ ჩანს, რომ იმატა? დანაშაული რომ ყოველდღე ხდება?
– გეთანხმებით, სამწუხაროდ, ნამდვილად არ არის სასურველი მდგომარეობა. ძირითადად ეს ყაჩაღობები, ქურდობები სოციალური ფონიდან არის გამომდინარე. მე თუ ელემენტარული პირობები მაქვს, რომ ჩემი ოჯახის წევრებს საარსებო წყარო მივაწოდო, მაშინ რატომ მოვიპარავ?! სოციალური მდგომარეობა არის უმძიმესი, კაბინეტებიდან ძნელია ამის დანახვა, მაგრამ ჩვენ, ვისაც გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეებთან შეხვედრა და გადაადგილება რეგიონებში, კარგად ვხედავთ, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი უმძიმესია!
– ბოლო პერიოდია, სერიოზული მსჯელობის საგნად იქცა ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა. საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად მოითხოვს მის ლიბერალიზაციას. ამ კუთხით როგორია თქვენი შეფასებები?
– მიუხედავად იმისა, რომ წლებია, გავყვირი, რომ კანონი ამ კუთხით არის მკაცრი და ბევრი რამ არის შესაცვლელი, არც ასეთი ლიბერალიზაციის მომხრე ვარ. თუმცა მანამდე ვიტყვი იმასაც, რომ კანონი არის აბსოლუტურად შეუსაბამო გაეროს კონვენციებთან.
რომ გადაშლით კანონს, იქ პირდაპირ წერია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის კუთხით ეფუძნება გაეროს კონვენციებს. არის ორი კონვენცია: ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ. ცალ-ცალკე ორი დამოუკიდებელი კონვენციაა. საქართველოს კანონმდებლობაში კი ეს კონვენციები გადმოტანილია ისე, რომ მისი წაკითხვის სურვილიც არ გაგიჩნდებათ.
– რას გულისხმობთ?
– ფსიქოტროპული ნივთიერებები, თუნდაც იგივე ბუპრერორფინი, რაზეც ამხელა ხმაური ატყდა, ბახალას საქმეს ვგულისხმობ, არის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა სიაში, გაეროს 1971 წლის კონვენციაში. ამის ნარკოტიკებში გადმოტანის უფლება არავის აქვს! იმდენად მარტივ ენაზე წერია ორივე კონვენციაში ყველაფერი, რომ არ სჭირდება ამას იურისტობა და ღრმა კვალიფიკაცია. ამათ კი ამოღებული აქვთ ფსიქოტროპული ნივთიერებების სიიდან და გადმოგდებული აქვთ ნარკოტიკების სიაში. ამის გაკეთების უფლება არავის აქვს.
ექსპერტები პირდაპირ დანაშაულს სჩადიან, რომლებიც წერენ საექსპერტო დასკვნაში, რომ ბუპრერორფინი არის ნარკოტიკი! ექსპერტებს არა აქვთ ამის უფლება. მათ შეუძლიათ ჩაწერონ დასკვნაში, რომ ეს არის ნივთიერება ბუპრერორფინი, ხოლო სამართლებრივი შეფასება მისცეს ბრალდების მხარემ და სასამართლომ. ნარკოპოლიტიკას რომ გაჰყვირიან, ჯერ იმაზე იფიქრონ, რომ კანონში დაშვებული ხარვეზები გაასწორონ.
– ზოგადად რამდენად მკაცრია სასჯელი?
– სასჯელი მკაცრია. მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ გამსაღებლების ნაწილში, სადაც დადასტურებულია, რომ ახდენენ რეალიზაციას. აქ მკაცრი უნდა იყოს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, დაიშვას თავისუფლად მოხმარება, ისე, როგორც ეს აქტივისტები გაჰყვირიან.
– არც მარიხუანის?
– არც მისი. მარიხუანაც საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მე ადვოკატი ვარ და მაგის მეტი რა მინახავს?! მინახავს ადამიანები, რომლებიც წლები ეწეოდნენ ამ მარიხუანას და მძიმე შედეგები ჰქონდათ. ამის ასე დაშვება, ასე თავისუფლად მიშვება ნიშნავს იმას, რომ გენოფონდი გავანადგუროთ! თუ ეს დაუშვეს, ნახავთ, რა მწარე შედეგები იქნება.
– ანუ ლიბერალიზაცია მოხმარებას არ შეამცირებს?
– სად შემცირდა ნარკოტიკების მოხმარება ამის დაშვებით, რომელი ქვეყნის სტატისტიკა ნახეს?! დადონ დოკუმენტები. ეს რომ კარგი იყოს და ეს რომ არ მოქმედებდეს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თავიდანვე არ იქნებოდა შეზღუდვები და აკრძალვები. ეს გაეროს კონვენციებში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნაშია ასახული.
ძალიან ცუდი პროპაგანდა მიმდინარეობს, საქმე ისე მიდის, რომ, მე მგონი, ვენახს აჩეხავენ და პლანს დათესავენ, აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს. კატეგორიულად დაუშვებელია ამის ასე გამარტივება. ხშირად ვფიქრობ, რომ გამოდის ეს 200-300 კაცი, ვინც ამის მომხრეა, კარგია თუ ამის მეტი მომხრე არ ჰყავს. ერთი ჩვენც გავიდეთ და ვთქვათ ჩვენი სიტყვა, ვინც ამას ვეწინააღმდეგებით და ვინც მომავალ თაობაზე ვფიქრობთ. ასეთები გაცილებით მეტნი ვართ. გავიდეთ და ჩვენც შევიკრიბოთ. რა, ამ 300 კაცის მოთხოვნით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი?! თუნდაც 3 ათასნი იყვნენ, საკითხი, რომელიც არაერთი ჩვენი ახალგაზრდის ცენტრალურ ნერვულ სისტემას დაანგრევს?! და ეს უნდა გახდეს თავისუფალი?! ასე მარტივად არ არის საქმე, მაგათ რომ ჰგონიათ!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

