პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მმართველ პარტიას საპრეზიდენტო პოსტზე სოლიდური კანდიდატურის შერჩევა მოუწევს.
– ბატონო მამუკა, მმართველი პარტიის კულუარებში არაერთი საპრეზიდენტო კანდიდატურა დასახელდა თუმცა, ეს კანდიდატები უარყოფენ, რომ ისინი პრეზიდენტის პოსტზე განიხილებიან. “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანა, თუ ვინც არ უნდა დასახელდეს, უკონკურენტოა?
– არა, ასე ვერ ვიტყოდი, რომ ვინც არ უნდა დასახელდეს, მაინც უკონკურენტოა. რასაკვირველია, “ქართულ ოცნებას” ბევრად მეტი რესურსი აქვს, ელექტორალური რესურსი მათ შორის, ვიდრე დანარჩენ პარტიებს, მაგრამ სოლიდური კანდიდატის შერჩევა მაინც მოუწევს მმართველ პარტიას. თუმცა, თუ გიორგი კვირიკაშვილი იქნება სახელისუფლო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, მაშინ ის იქნება ამ არჩევნებში ფავორიტი.
– გიორგი კვირიკაშვილმა უარყო ეს ვერსია, ისევე, როგორც დავით სერგეენკომ.
– ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, “ქართული ოცნების” კულუარებში საუბარი არის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაზე.
– შეიძლება პოლიტიკისგან დისტანცირებული ფიგურა შეარჩიოს მმართველმა პარტიამ?
– რამდენიმე თვის შემდეგ რა მოხდება, რთული სათქმელია, მაგრამ ისეთ ფიგურას, რომელიც პოლიტიკისგან იქნება დისტანცირებული, მაგრამ შეიძლება იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი, მით უფრო სახელისუფლო პარტიის, ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, მისი კანდიდატურა ერთი პერიოდი კი განიხილებოდა, მაგრამ ახლა ეს საკითხი აღარ არის აქტუალური.
– თითქოს ყველა თავის კანდიდატურას ლობირებს და ამიტომაც გაჭიანურდა ერთ კანდიდატზე შეთანხმება.
– არ მგონია, ასე იყოს, მით უფრო, როდესაც საქმე საპრეზიდენტო კანდიდატს ეხება. პრეზიდენტის პოსტზე არ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას ქვეგუნდები მიიღებენ. რამდენი კონკრეტული ადამიანი არის, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, რასაკვირველია, წამყვანი ხმა ბიძინა ივანიშვილს აქვს.
– ოპოზიციაში ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება რამდენად მოსალოდნელია?
– ეს გამორიცხულია. შეიძლება რაღაც თემატური გაერთიანება მოხდეს, მაგრამ ერთი კანდიდატის ირგვლივ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება უბრალოდ შეუძლებელი მგონია.
ამდენად, ცხადია, სახელისუფლო პარტიის კანდიდატის შანსი ძალიან მაღალია. თუმცა, როდესაც ვთქვი, რომ უპირობო ფავორიტი არ არის, ვიგულისხმე ის, რომ შეიძლება ისეთი პიროვნება გამოჩნდეს, ვისაც საზოგადოებრივი რესურსი და ნდობა აქვს.
– და ვინ შეიძლება ასეთი პიროვნება იყოს?
– გავიხსენოთ თუნდაც ელისაშვილის გამოჩენა თბილისის მერის არჩევნებზე. მართალია, თბილისის მერი ვერ გახდა ალეკო ელისაშვილი, მაგრამ საპატიო შედეგი აჩვენა. ამდენად, მე არ გამიკვირდება, რომ ასეთი ფიგურა გამოჩნდეს, რომელიც გარკვეულ კონკურენციას გაუწევს “ქართული ოცნების” კანდიდატს. თუმცა, ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით იმაზე, რომ აუცილებლად ასეთი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ ბრძოლის ელფერს ნამდვილად შესძენს.
– პრეზიდენტი მარგველაშვილი არ ადასტურებს, თუმცა, არც უარყოფს, რომ შეიძლება მეორე ვადით იყაროს კენჭი. შეიძლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს?
– მე არა მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილმა ისევ მოინდომოს პრეზიდენტობა. ძალიან რთული ხუთი წელიწადი ჰქონდა, ყველა მხრიდან მასზე შეტევა ვითარდებოდა. ეს ყველაფერი ბევრ ნერვებად დაუჯდა. პრეზიდენტ მარგველაშვილს არაერთი შეცდომა ჰქონდა. ვერ გეტყვით, ეს იყო პოლიტიკური გამოუცდელობის შედეგად თუ პირადი ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია, რომ მას ჰქონდა შეცდომები. ამდენად, არ მგონია, რომ ამ ყულფში თავიდან გაყოს თავი.
– პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს?
– არა, ასე არ ვფიქრობ. მე უფრო მგონია, რომ მარგველაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება. ალბათ, ეს უფრო რაციონალური ნაბიჯი იქნებოდა მისი მხრიდან. არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ზოგიერთი ოპოზიციური ძალების, პარტიების გამაერთიანებელ ლიდერად მოგვევლინოს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

