ლევან ხაბეიშვილი: “ამ ხელისუფლებას უკვე კლინიკური სიკვდილი აქვს”
რატომ იზრდება ტარიფები, რატომ დაასაქმეს ნარმანია სემეკში, რატომ შემოიღეს ახალი თანამდებობები თვითმმართველობებში, რა ელოდება ახლო მომავალში “ქართულ ოცნებას”? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
– დენის ტარიფის გაძვირება ერთი უბედურებაა და ამაზე უარესია ის განცხადებები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ, გვიხსნიან, რომ დენის ტარიფი იმიტომ გავზარდეთ, მოსახლეობას უფრო ხარისხიანი დენი ჰქონდესო.
– ხარისხიანი დენი რა ფენომენია?
– სასწაული რამეა. წინა ხელისუფლების დროს უხარისხო დენი იყო და ამათ ხელში აანთებ თუ არა “ლამფუჩკას”, ეგრევე ხარისხი აწერია ზედ.
არანაკლებ სულელური განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტარიფების გაზრდით დაზაფრულ ხალხს უთხრა, ახალ წელს დენი 24- საათიან რეჟიმში მოგეწოდებათო.
დიდი მადლობა, ბატონო დიმიტრი, რომ ახალ წელს შუქს არ გამორთავთ და ბღუჯა-ბღუჯა გვექნება ელექტროენერგია.
ამ სულელური გამოხდომების პარალელურად, მინდა გავიხსენო არანაკლებ სულელური განცხადებები, რომლებსაც მეოცნებეები ხელისუფლებაში მოსვლამდე აკეთებდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრების დროს სულ იმას გაიძახოდნენ, დენი ამდენი არ უნდა ღირდეს და თქვენი გადახდილი ფული სააკაშვილის ჯიბეში მიდისო. თავიანთ გამოსვლებში პირობას დებდნენ, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ტარიფები განახევრდებოდა.
კახა კალაძე, სანამ ენერგეტიკის მინისტრი გახდებოდა, სულ ამას გაიძახოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ სხვანაირად დაიწყეს ლაპარაკი.
ხელისუფლების წარმომადგენლების სულელური განცხადებებისგან განსხვავებით, დადგენილი ტარიფი ნორმალურია. დოლარი უკვე დიდი ხანია აღარ არის 2.40. შესაბამისად, ტარიფიც გაიზარდა. ლარის არასტაბილურობა, თავის მხრივ, ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. მეეჭვება, რომ ამათ საერთოდ ჰქონდეთ ეკონომიკური პოლიტიკა.
– როცა დენის ტარიფის გაზრდის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თქვენ ეს ნარმანიას “დააბრალეთ”, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ჯერ მერობისას ააოხრა თბილისი და ახლა სემეკში დანიშვნიდან 2 დღეში ტარიფი გაზარდა.
– თბილისი ნამდვილად ააოხრა და ტარიფიც მართლა მაშინ გაზარდეს, ეგ რომ სემეკში დაინიშნა. ნარმანიას ეს ტარიფი, რა თქმა უნდა, არ გაუზრდია, მაგრამ მაინტერესებს, რატომ უნდა ვუხადოთ თვეში ამ ადამიანს 12.000 ლარი.
ასეთი ნიჭიერი და კარგი თუ იყო ნარმანია, ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიზნესში რატომ არ დაასაქმა? ყოფილი მერი ჭკვიანი და დოვლათის მომტანი რომ იყოს, მას ბატონი ბიძინა სემეკში კი არ გადაისვრიდა.
– ნამეტანი გადასროლაა, კაცს 12.000 ლარი ექნება ხელფასი.
– ნარმანიას მართლაც ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ მას ალბათ ბატონ ბიძინასთან ერჩივნა მუშაობა. მაგას ისე უყვარს ივანიშვილი, შეიძლება, უხელფასოდაც კი ემუშავა.
– სემეკში რატომ დაასაქმა ივანიშვილმა ნარმანია?
– ბევრი პატივი აქვს მერობისას ყოფილი პრემიერისთვის ნაცემი – რაც მოითხოვა, ყველაფერი მისცა. გაუვიდა და თუ არა უფლებამოსილების ვადა, წაიყვანა და ყველაზე მაღალანაზღაურებად სამსახურში დანიშნა.
ამაზე უკეთეს სამსახურს ნარმანია ვერსად იშოვის, ამ მაღალ ხელფასს პენსიასავით მიიღებს. სამსახურში მისვლა არ ევალება. მივა 2-3 თვეში ერთხელ და ასწევს ხელს. რაზე ასწევს ხელს? ტარიფების გაზრდაზე. ვინ იქნება ამით ბედნიერი? დათო და ბიძინა.
იყვნენ ბედნიერები, მაგრამ, ირაკლი ალასანიასი არ იყოს, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ჩვენ რა დავაშავეთ?!
ხელფასები და პენსია არ იზრდება და ამ გადასახადებს რატომ ზრდიან, აგვიხსნას ვინმემ. მარტო ფასები იზრდებოდეს, ასეთი არაფერი გამიგია. ჩვენი ჯიბეები კატასტროფულად ცარიელდება. სამაგიეროდ, ჩვენი გაღატაკების ხარჯზე ჩინოვნიკების ჯიბეები სქელდება.
– საზოგადოება რატომ არ აპროტესტებს ამ ყველაფერს?
– გააპროტესტებს, აუცილებლად გააპროტესტებს. არაერთხელ ვთქვი და ახლა უფრო თამამად ვიტყვი, რომ “ქართული ოცნება” სოციალური აფეთქებით დაასრულებს.
ხალხი უკვე იძულებული გახდება, ხმა ამოიღოს. ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ ჩუმად ყოფნას. როცა მოშივდებათ და შესცივდებათ, აუცილებლად გამოვლენ გარეთ. ახლა ისედაც სიდუხჭირეში ცხოვრობენ. მომავალი წლიდან მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.
დაიმახსოვრეთ, ამ ქვეყანაში სოციალური აფეთქება გარდაუვალია. ეს აქამდეც მოხდებოდა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ერთი საინტერესო ხერხი მოიფიქრა – ვინც რამეს გააპროტესტებს, მაშინვე ნაციონალის იარლიყს აწებებენ. ეს ხერხი ამიერიდან აღარ გაჭრის და “ოცნება” მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა.
ვერანაირი იარლიყი ვეღარ გააჩერებს ხალხს, რომელიც ხედავს, როგორ ხოცავენ ბავშვები ერთმანეთს, როგორ ესვრის სპეცრაზმი მძინარე ბავშვს ტყვიას შუბლში. კრიმინოგენური ვითარება ყოველდღე მძიმდება.
სოციალური გაჭირვების ფონზე ხელისუფლება ახალ-ახალ ხრიკებს იგონებს, თუ როგორ აიღოს დამატებითი პრემიები. თვითმმართველობებში ახალი თანამდებობები შემოიღეს.
– რა თანამდებობები?
– საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობდა გაჩნდა. მოადგილეს მეტი ხელფასი უნდა, საზღვარგარეთაც მოუწევს წასვლა მივლინებაში. საწვავიც ჩვენი ფულით უნდა ჩავუსხათ. პენსიის მოსამატებლად ფული არა აქვთ და ჩინოვნიკებს ხელფასს უზრდიან.
გაიგეთ, ხალხო, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იმიტომ არ მოსულა, რომ ქვეყანაზე იზრუნონ. მათი მთავარი საზრუნავი პირადი კეთილდღეობაა. “ოცნების” არცერთ შეკრებაზე არ ყოფილა იმაზე საუბარი, რა არგონ ქვეყანას.
სამაგიეროდ, დღედაღამ იმაზე ფიქრობენ, როგორ იშოვონ ბევრი ფული. ამას სულელური განცხადებებით ამართლებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ “ოცნებას” კლინიკური სიკვდილის ხანა უდგას.

