“საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილი “ქართული ოცნებისთვის” საუკეთესო ვარიანტია”

"საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილი "ქართული ოცნებისთვის" საუკეთესო ვარიანტია"პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, საუბრობენ იმაზე, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი გახდეს. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ვერსია?
– ეს ვერსია მას მერე უფრო აქტუალური გახდა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა და დავით სერგეენკომ გადაჭრით უარყვეს მათი შესაძლო კანდიდატობა. თუკი ვერსიად განვიხილავთ, მაშინ გეტყვით, რომ ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი უნდა იყოს მორალური ავტორიტეტი და ნაკლებად პოლიტიკოსი, პოლიტიკური ძალის მატარებელი. მორალური, მე ვიტყოდი, ფსიქოლოგიური ავტორიტეტი ივანიშვილი ნამდვილად არის. ნამდვილად არ სჭირდება მართვის ბერკეტი, რომ ამა თუ იმ პროცესზე გავლენა მოახდინოს. ასეთი ფიგურის ყოფნა პრეზიდენტის სავარძელში ნამდვილად საშურია ქვეყნისთვის.
ეს ერთი ნაწილი, მაგრამ უნდა კი მას დაბრუნება საჯარო სივრცეში?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ მან არ მოისურვა პოლიტიკური ტვირთის ტარება. ახლა არ მგონია, ეს პოზიცია შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ტვირთი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სხვა ნებისმიერი აღმასრულებელი ხელისუფალის.
– შეიძლება მართლაც კანდიდატურის პრობლემა ჰქონდეს მმართველ პარტიას?
– თუ მართლაც ყველა ამ კანდიდატმა, ვინც პრესაში გაჟღერდა, უარი თქვა ანუ მოწონებული არ იქნა, მაშინ “ქართულ ოცნებას” მართლაც არ ჰყავს წონიანი, რეალური კანდიდატურა. არადა მართლაც არ არის ის დრო, როდესაც “ქართულ ოცნებას” ვინც არ უნდა დაეყენებინა, ის უპრობლემოდ გაიმარჯვებდა. ამიტომ “ქართული ოცნებისთვის” საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.
– სოლიდური კანდიდატურა უნდა შეარჩიოს “ოცნებამ”, რადგან ამომრჩეველი ყველა კანდიდატს არ მიიღებს?
– დიახ. ამ არჩევნებზე თუ ვინ იქნება კანდიდატი, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება კანდიდატი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე პარტიული კუთვნილება. ამიტომ ეს არ იქნება მარტივი არჩევნები, წინ სერიოზული ბრძოლა ელოდება მმართველ პარტიას.
– ოპოზიცია ხომ ძალიან სუსტია?
– დიახ, სუსტია, მაგრამ თუკი სუსტი კანდიდატურა ეყოლება “ოცნებას”, მაშინ დიდი შანსია, რომ უპარტიო კანდიდატი წამოვიდეს წინა პლანზე და მივიღოთ ის, რაც თბილისის მერის არჩევნებზე მოხდა, ერთი განსხვავებით, მაშინ კალაძე იყო ძლიერი ფიგურა. კალაძე იყო ძლიერი და ამიტომ არ გახდა მეორე ტური საჭირო, თორემ ელისაშვილს ურიგო კონკურენცია არ გაუწევია კალაძისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ძლიერი ფიგურა არ ეყოლა “ქართულ ოცნებას”, მაშინ უპარტიო კანდიდატმა შეიძლება ყველა სხვა კანდიდატი უკან მოიტოვოს. ამ მხრივ მართლაც საკვანძო არჩევნები შეიძლება იყოს.
– პოლიტიკური პროცესების კატალიზატორი შეიძლება გახდეს ეს არჩევნები? ანუ “ოცნებამ” პირველად წააგოს არჩევნები.
– არაფერი არ არის გამორიცხული. თუკი “ოცნება” ნაკლებად სერიოზულად მიუდგება ამ არჩევნებს და შედარებით სუსტ კანდიდატურას წარადგენს, მაშინ, ვიმეორებ, არაფერი არ არის გამორიცხული. ეს არჩევნები კანდიდატების არჩევნები უფრო იქნება, ვიდრე პარტიების არჩევნები. თუკი “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს წააგებს, მივიღებთ იმ სიტუაციას, რაც დღეს გვაქვს – უპარტიო პრეზიდენტი გვეყოლება.
ამით ქვეყანა ნამდვილად არ დაიქცევა, მაგრამ ეს შეიძლება მერე უკვე გახდეს პოლიტიკური პროცესების ერთგვარი კატალიზატორი, პროცესების შემდგომ განვითარებას ვგულისხმობ.
– “ქართულ ოცნებას” ან მოუწევს სოლიდური კანდიდატის მოძებნა ან უნდა შეეგუოს დამარცხებას?
– დიხა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს მმართველმა პარტიამ თუ მართლაც სოლიდურ და ძლიერ ფიგურას არ დაასახელებს პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი დროა და სერიოზული დაფიქრებისა და მსჯელობის შემდეგ მოუწევთ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება.
ალბათ, კიდევ უფრო მეტი კანდიდატი დასახელდება ამ დროის განმავლობაში, მოხდება მათი წინასწარი მოსინჯვა საზოგადოებაში, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ალბათ შემდეგ მოხდება გადაწყვტილების მიღება. ჯერ დრო მმართველი პარტიის წინააღმდეგ არ მუშაობს, პირიქით. ეს ის დროა, როდესაც ბევრი რამ უნდა ჩამოყალიბდეს და გაირკვეს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა