ვახტანგ მაისაია: “კონფლიქტი თურქეთ-სირიის საზღვარზე კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის”

ვახტანგ მაისაია: "კონფლიქტი თურქეთ-სირიის საზღვარზე კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის"საქართველოს საზღვრებიდან 500 კილომეტრში ახალი კონფლიქტი ძალას იკრებს თურქეთსა და სირიელ ქურთებს შორის, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკა. “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აფასებს შექმნილ ვითარებას და ამბობს, რომ ახალი კონფლიქტი საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიაში არსებულ ძალთა ბალანსს შეცვლის.
ვახტანგ მაისაია:
– ამერიკელებმა წამოაყენეს იდეა, შექმნილიყო გაერთიანებული ფრონტი ბაშარ ასადის წინააღმდეგ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ სირიის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ის ვერ ხედავს ბაშარ ასადის ადგილს.
ამით ამერიკელები ცდილობენ რუსეთის გავლენები გაანეიტრალონ. ამერიკელებს არ ეგონათ, თუ 2015 წლიდან რეგიონში, მათ შორის, სირიაში, რუსეთის გავლენა ასე გაძლიერდებოდა. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში და ამერიკის სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირანი, რუსეთი და ჩინეთი ამერიკის მტრებია. სამხედრო მტრებზეა საუბარი. საინტერესოა ამერიკული ხედვა, სამხედრო სტრატეგიით როგორ აპირებენ ამ სამი მონსტრის – ჩინეთის, რუსეთისა და ირანის შეკავებას. თუმცა, მეოთხე მტერიც არის, ჩრდილოეთ კორეა.
– ამ სამი მონსტრის ინტერესები ემთხვევა?
– ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესები მთლიანად დაემთხვა სირიასთან დაკავშირებით. ამ ქვეყნების გავლენა უდიდესია, მით უმეტეს, ირანელებისა. რეალურად, რუსებს სირიაში ოთხი ბაზა აქვთ.
– აქამდე ხომ იყო ცნობილი, რომ რუსებს სირიაში სამი ბაზა ჰქონდათ?
– ექსკლუზიურად თქვენი გაზეთისთვის ვიტყვი, რომ რუსებს ასევე დამასკოსთან აქვთ განსაკუთრებული საიდუმლო ბაზა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან ერგოთ. ეს არის რადიო-ელექტრონული დაზვერვის ცენტრი, თუმცა, ბაზის სტატუსი აქვს. ეს ბაზა 1967 წლიდან აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ჩაერთო კონფლიქტში, ბაზა და მასთან დაკავშირებული ინტერესებია.
ამდენად, რუსეთს სირიაში ოთხი ბაზა გააჩნია. ირანელების ჩართულობაც საკმაოდ მაღალია. ირანის ისლამური რესპუბლიკის 30 ათასიანი “ისლამური დაცვის გუშაგთა კორპუსი” იბრძოდა სირიაში. ფაქტობრივად, ირანმა სირიაში შეძლო თავისი გეოსტრატეგიული საფუძველის შექმნა. ბუნებრივია, ამერიკელები ცდილობენ დაუპირისპირონ თავიანთი განცალკევებით მოქმედი ის ოპოზიციური ძალები ალქაიდას მომხრე ორგანიზაციას. სირიაში უკვე დაიწყო ახალი ტიპის გადანაწილების პროცესი.
– ახალ დაპირისპირებას რა გამოძახილი შეიძლება ჰქონდეს საქართველოში? მით უმეტეს, რომ ჩვენი მოსაზღვრე თურქეთი ამ კონფლიქტში პირდაპირაა ჩართული? უკვე განახორციელა შეტევები.
– დიახ, თურქეთმა გარკვეული შეტევები განახორციელა. აფრინთან ბრძოლები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. რუსებმა დატოვეს აფრინის ტერიტორია. ეს არის ჩრდილო დასავლეთით მდებარე ქალაქი, ანუ თურქეთის ახლოს მდებარე ქალაქია. მოხდა თურქული შენაერთების ერთგვარი ჩაჩოჩება და მიაღწია თურქეთის საზღვართან. ამიტომ თურქეთი აპირებს აღნიშნული ტერიტორია გაწმინდოს, გაუმართოს გენერალური ბრძოლა და ქურთები დაამარცხოს ახლა უკვე სირიის ტერიტორიაზე.
თურქეთის შეტევები ხორციელდება იმ ფონზე, როცა ამერიკელები მათ მიერ მხარდაჭერილ ძალებს აწვდიან ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს. ამან გამოიწვია თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის კატასტროფული გაუარესება.
– არის თუ არა მოსალოდნელი თვითონ თურქეთის ტერიტორიაზე სახმელეთო ბრძოლების წარმოება?
– სასწორზე თურქეთის ტერიტორიული მთლიანობაცაა დადებული. სირიელმა ქურთებმა თურქეთის ტერიტორია დაბომბეს. უკვე შეტაკებები მიმდინარეობს. თურქეთის ტერიტორიაც მოხვდა საბრძოლო არეალში. რუსებმა თურქებს დაუჭირეს მხარი. რუსეთის შენაერთების მიერ აფრინის მიდამოების დატოვება და გადაადგილება შატაკიაში ნიშნავს ბურთისა და მოედნის თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაუტოვებას.
– ამ შემთხვევაში ნატოს ორი წევრი ქვეყანა, თურქეთი და ამერიკა, უპირისპირდება ერთმანეთს.
– თქვენ ეს გიკვირთ? ნატოს წევრი ორი სახელმწიფო თურქეთი და საბერძნეთიც დაუპირისპირდა ერთმანეთს კვიპროსის გამო.
– კი არ მიკვირს, ამერიკა ამ რეგიონში ახლა მარტო ჩანს და როგორ დაამარცხებს მოწინააღმდეგეებს?
– არ ვიცი, როგორ დაამარცხებს. რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორებია. ისინი სამხედრო ალიანსში არიან.
– თურქეთი არ არის მათ ალიანსში, მაგრამ ხომ არ აღმოჩნდება მათ მხარეს?
– ფაქტობრივად, თურქეთიც მათ უჭერს მხარს. ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობა იმიტომ იძაბება, რომ თურქები ებრძვიან ქურთებს. ქურთების მხარეს კი გამოდიან ამერიკელები. გარკვეული გეოპოლიტიკური “სასიყვარულო სამკუთხედი” შეიქმნა.
– ამერიკის გავლენა სირიაში როგორია?
– ამერიკის გავლენა სირიაში მცირეა. მას არ გააჩნია პლაცდარმი, საიდანაც შეიძლება გააფართოვოს მისი სამხედრო ყოფნა ამ ტერიტორიაზე. სირიაში ამერიკის სამხედრო კონტინგენტი არ აღემატება 500 ადამიანს. თურქეთის სამხედრო ძალებიც ამოვარდება. ამ სიტუაციაში ამერიკელებს მოუწევთ, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიამზიდებიდან და ერაყიდანაც განახორციელონ გადაფრენები.
ამერიკელებს შეექმნათ მყიფე მდგომარეობა სირიის ჩრდილოეთით. იქ არის ირანი და თურქეთი. სამხრეთ სირიაში არის ასადის რეჟიმი. იქვე არიან რუსები, ჰესბოლას შენაერთები და ირანის ისლამის გუშაგთა დაცვის შენაერთები. ფაქტობრივად, ამერიკელები ერთგვარ ალყაში არიან მოქცეულები.
ამერიკელების მხარეზეა მხოლოდ სირიის თავისუფლების არმია, სირიელი ქურთების შენაერთები, მათ შორის, სირიელი კომუნისტები, რომლებისადმი ნდობა ცალკე საუბრის თემაა, რადგან ისინი ხან ვაშინგტონის მხარეს არიან, ხან – მოსკოვის. ფაქტობრივად, ამერიკა რჩება რეგიონში საუდის არაბეთის, იორდანიისა და ისრაელის დამხმარედ. თუმცა, ისრაელი არ ერევა შეიარაღებულ კონფლიქტში.
– ხომ არ შეიძლება მოახდინონ თურქეთის შიგნით ქურთების აჯანყება და ამერიკული პოლიტიკის მხარდაჭერა? თუ სირიაში ქურთები მოექცევიან სამი დიდი სახელმწიფოს ალყაში, თურქეთის შიგნით მცხოვრები ქურთები მშვიდად გაჩერდებიან?
– ქურთები ისედაც იბრძვიან იარაღით ხელში. აქ უკვე რეგიონზეა საუბარი. ქურთული შენაერთები, რომლებიც სირიაშია თავმოყრილი, ფაქტობრივად, თურქეთის დარტყმის ქვეშაა. ქურთების წინააღმდეგ გამოდის ასადის რეჟიმი. მათ ებრძვიან ირანელებიც. მათ წინააღმდეგ გამოდიან ალ ქაიდას სამხედრო წრეებიც. სირიაში ისლამური სახელმწიფოს შენაერთებიც გააქტიურდნენ და ამ საომარ მოქმედებებში სოლიდური წვლილი შეაქვთ. ისლამური სახალიფოს გააქტიურება და ხელახალი რეგენირება გამორიცხული არ არის.
– როგორ?
– ისლამური სახალიფო ჯერ კიდევ არ არის განადგურებული, ძალას იკრებს, შეიძლება მეორე თავიც ამოუვიდეს და გააქტიურდეს. ამიტომ დღეს რეგიონში ძალიან საშიში სიტუაცია იქმნება. თან ჩვენს ტერიტორიას ძალიან უახლოვდება.
– ჩვენგან 500 კილომეტრში ახალი კონფლიქტის აღმოცენება საქართველოზე რა გავლენას იქონიებს?
– აქამდე სირიის სიღრმეში, ჩვენგან 800-900 კილომეტრში იყო კონფლიქტი. ახლა კონფლიქტმა ჩვენი საზღვრებიდან 500 კილომეტრში გადმოინაცვლა. თურქეთ-სირიის საზღვარზე წარმოშობილი კონფლიქტი კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის. მით უმეტეს, თუ ამერიკელები და თურქები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებიან. სამწუხაროდ, ამის ნიშნები უკვე არსებობს. ამერიკელები ქურთების არმიას უკვე ღიად აწვდიან იარაღს. ჩვენ და უკრაინამ ლამის ყელი გამოვიღადრეთ, ამერიკიდან იარაღი რომ მიგვეღო. ამერიკელებმა ჩვენ იარაღი მოგვყიდეს, უკრაინას კი უფასოდ აძლევენ.
– 2008 წლის ომის შემდეგ, ამერიკელ იარაღის მწარმოებლებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა აკრძალული ჰქონდათ.
– დიახ, ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამერიკელიდან იარაღის შესასყიდად, მაშინ, როცა უკრაინელებს ყოველგვარი გამოსყიდვის გარეშე აძლევენ იარაღს.
– ანუ ამერიკა დაინტერესებულია, რომ უკრაინელებმა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლონ?
– არ ვიცი, მე ფაქტები მომყავს, მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა. ახლა ვართ ახალი ცივი ომის პირობებში. თურქეთ-სირიის საზღვარზე აღმოცენებული ახალი კონფლიქტი ახალ ფაზაში გადადის.
– რუსეთი, ალბათ, თავისი ოთხი ბაზით ჩაერთვება კონფლიქტში.
– რუსებს აწყობთ თურქებსა და ქურთებს შორის კონფლიქტის გაღვივება. ისინი არ ჩაერევიან ამ კონფლიქტში ქურთების წინააღმდეგ. ამიტომ შეიძლება კონფლიქტი ლოკალური ომის ფაზაში გადავიდეს.
– ირანიც არ ჩაერევა?
– შეიძლება ირანი ჩაერიოს, რადგან ქურთების პრობლემაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში თურქეთისა და ირანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, რუსებმა და თურქებმაც მოლაპარაკებები გამართეს, რუსები გამოვიდნენ კონფლიქტის არეალიდან და თურქებს დაუტოვეს მთელი კარტ-ბლანში.
ლოკალური ომი გარდაუვალია. შეიძლება საინტერესო კომბინაცია გათამაშდეს, თურქეთი და ირანი დაუპირისპირდნენ ამერიკელებს და ქურთებს. ამერიკელები სირიელ ქურთებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებით და იარაღით ამარაგებენ.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა