”დოდო სისხლიანი იყო და შველას ითხოვდა, მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და ლურჯი პარკით კიბეებზე ჩარბოდა” – რას ყვება დოდო გუგეშაშვილის მეზობელი

”დოდო სისხლიანი იყო და შველას ითხოვდა, მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და ლურჯი პარკით კიბეებზე ჩარბოდა” - რას ყვება დოდო გუგეშაშვილის მეზობელი– სავარაუდოდ, მკვლელს ლურჯი ქურთუკი ეცვა და მოლურჯო გამჭვირვალე პარკით გარბოდა, – ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ყვება, რომელიც მე-11 სართულზე ცხოვრობს.
ქალის თქმით, მან კარზე ბრახუნი გაიგონა, კარის გაღების შემდეგ კი დოდო გუგეშაშვილი დაინახა, რომელიც შველას ითხოვდა.
– კარი გავაღე და დავინახე ქალბატონი დოდო. ის შველას ითხოვდა. სისხლიანი იყო და ამბობდა – მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მე დავინახე ვიღაც პირი, რომელსაც ლურჯი ქურთუკი ეცვა და კიბეებზე ჩარბოდა. მას ხელში გამჭვირვალე მოლურჯო პარკი ეჭირა, თუმცა იარაღი არ დამინახავს. მე მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობ. ქალბატონი დოდო მეცამეტეზე, – განაცხადა გუგეშაშვილის მეზობელმა.

დიღმის მასივში, იმ ადგილზე სადაც მკვლელობა მოხდა, პროკურორი ზვიად ფხაკაძე იმყოფება. მან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გააკეთებს.
შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.
შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის წინ მიიყვანეს სავარაუდოდ, ერთ-ერთი თვითმხილველი, მე-14 სართულზე მცხოვრები ქალი, რომელმაც ასევე არ ისურვა ჟურნალისტებთან საუბარი.
მკვლელობის ადგილიდან ვაზნები, ასევე სისხლიანი ტანსაცმელი და სხვა ნივთები უკვე ამოიღეს.

– დოდო თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-13 სართულიდან მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეზობლები ყვებიან.
მათივე ინფორმაციით, ესმოდათ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა.
– თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, სისხლი სდიოდა, თან ყვიროდა, მიშველეთ შვილი მომიკლესო. მაშინვე სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ, – აღნიშნა ერთ-ერთმა მეზობელმა.
მისივე თქმით, ოჯახი კონფლიქტური არ იყო.
– კონფლიქტური არ იყვნენ, რომ რაიმე იეჭვო. პატიოსანი ხალხია, – განაცხადა მეზობელმა.

ინტერპრესნიუსი