– ამ სისხლზე, რომელიც ახლა დაიღვარა, პასუხისმგებლობა სააკაშვილს, ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება, – ეს განცხადება, ახალგორის გამგებელმა გააკეთა. ნუგზარ თინიკაშვილი, ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სახლში იმყოფებოდა, მან გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
თინიკაშვილი ამბობს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ეკისრება.
– ეს არის კრიმინალების ბანდა, რომელიც მართავს იმ გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც დროებით არის წართმეული. ამ სისხლზე, რომელიც ახლა კიდევ დაიღვარა, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება, რომელმაც მოსახლეობასთან კითხვის დასმაც და ინფორმაციის მიწოდებაც არ იკადრა, ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნოდა, – განაცხადა ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.

