“ანა დოლიძეს ჯარში ჰომოსექსუალების შეყვანა უნდოდა”

"ანა დოლიძეს ჯარში ჰომოსექსუალების შეყვანა უნდოდა"რის გაკეთებას აპირებდნენ თინა ხიდაშელი და ანა დოლიძე თავდაცვის სამინისტროში, რაში უნდა მივბაძოთ ამერიკას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე

ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე:

– ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, როცა ანა დოლიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს აღიარებითი ჩვენება მისცა. კერძოდ, აღიარა, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსულ არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივას” აწვდიდა ინფორმაციებს როგორც ქართველების, ასევე რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

თავის მხრივ კი ამ ორგანიზაციას ევროპულ სასამართლოში სარჩელები შეჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა “სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ”, რომლითაც მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფოს ადანაშაულებს ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დროს რუსეთის მოქალაქეების განზრახ მკვლელობაში. გახსოვთ, რომ “მძინარე ცხინვალის დაბომბვა” და “ოსების გენოციდი” მთავარი ბრალდებები იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

– მისი ეს განცხადება რატომ აღმოჩნდა თქვენთვის შოკისმომგვრელი? ანა დოლიძე ამას არასდროს მალავდა.

– არ მალავდა, მაგრამ არასდროს უღიარებია, რომ საქართველოს მძინარე ცხინვალის დაბომბვასა და რუსეთის მოქალაქეების მკვლელობას სდებდა ბრალად.

– ეს ანა დოლიძისგან რატომ გაგიკვირდათ? ის ხალხი, ვინც სააკაშვილის ოპოზიციაში იყო, ყველა ერთხმად გაიძახოდა, მიშამ მძინარე ცხინვალი დაბომბაო.

– ეს განცხადებები კეთდებოდა საქართველოში, ანა დოლიძე კი იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ანა დოლიძე გახლავთ ლევან ბერძენიშვილისა და თინა ხიდაშელის გაზრდილი პიროვნება. რაც თინა და ლევანი არიან იდეურად, ის არის ეს ქალიც.

შენი ქვეყანა რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, რატომ უნდა წახვიდე მის წინააღმდეგ, არ მესმის. ეს ადამიანი იუსტიციის საბჭოში კი არა, ტელევიზიაში არ არის გამოსაჩენი. ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯი აქვს გადადგმული, მაღალ თანამდებობაზე არ უნდა ინიშნებოდეს.

ამის მერე გამოდიან ვიღაცები და ამბობენ, რომ ანა დოლიძე სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა. საიას თავმჯდომარეობისას ერთი-ორი სიტყვა მართლა თქვა ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ამერიკაში წავიდა სასწავლებლად, ნაცებზე ხმა აღარ ამოუღია. ამიტომ ბევრს ნუ ლაპარაკობენ, რომ ის სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანს ნიკა გვარამიამ სასამართლო სისტემის ერთადერთი ნათელი წერტილი უწოდა. ეს უკვე კარგად მეტყველებს, თუ რას წარმოადგენს ეს ქალი – მას ნაცები უჭერენ მხარს.  ვაღიარებ, რომ სასამართლოში ყველაფერი კარგად არ არის, ისიც ვიცი, რომ იქ ადეიშვილის ხალხია და ეს მეც არ მომწონს, მაგრამ ანა დოლიძის აქტიურობა მათ წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ ქალს სხვა მიზნები აქვს.

– რა მიზნები აქვს?

– უნდა, რომ სასამართლო სისტემაში ფსევდოლიბერალები და სოროსის წიწილები შეიყვანოს. მერე ამ სისტემასაც ისევე სრულად გააკონტროლებენ, როგორც სახალხო დამცველის ოფისს აკონტროლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის დიდ ნაწილსაც სოროსის წიწილები წარმოადგენენ. ახლა სასამართლოს გაკონტროლება სურთ.

მინდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს ჩემი სიტყვები: ფსევდოლიბერალებმა თუ სასამართლოში შეაღწიეს, სააკაშვილის სასამართლო მონაგონი იქნება.

– თქვენ ამბობთ, რომ ანა დოლიძე ამერიკაში წასვლის შემდეგ სააკაშვილს აღარ ებრძოდა. მეოცნებეთა დიდი უმრავლესობა, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, 2011 წელს დაუპირისპირდა ნაციონალებს, ანა დოლიძე კი ბევრად ადრე აკრიტიკებდა მათ.

– გეთანხმებით. იმასაც ვაპროტესტებ, რომ ხელისუფლება თუ აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო პორტირებული ნაცებით არის სავსე. ამას სულ ვაპროტესტებ და თქვენს გაზეთთან უამრავჯერ მაქვს ამაზე განცხადება გაკეთებული. “ოცნებაში” პორტირებული ნაცების ყოფნა ანა დოლიძის კრიტიკის უფლებას არ მართმევს.

– ამის უფლებას არავინ გართმევთ, მაგრამ ამ სარჩელებზე, რომლებიც ახლა გაუხსენეს ანა დოლიძეს, მაშინ რატომ არავინ საუბრობდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ რომ დანიშნეს?

– როგორ არა? ძალიან კარგადაც საუბრობდნენ. და რა კარგია, რომ ეგ პერიოდი გამახსენეთ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეობისას მან მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა, სამხედრო ნაწილებში სხვადასხვა აღმსარებლობის ჯარისკაცებისთვის სალოცავი ოთახები უნდა გავხსნათო. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა აღმსარებლობას პატივი ვცეთ, მაგრამ სალოცავი ოთახების შექმნა მეტისმეტი იყო.

ამ ქალმა ეგეც არ იკმარა და მოითხოვა, ჯარში სამსახურის უფლება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხსაც უნდა მიეცესო. ამას ტრამპიც კი ეწინააღმდეგება და ამათ მომინდომეს რაღაცები.

– რას ხედავთ ამაში ტრაგიკულს? შესაძლოა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ისეთი სტრატეგი იყოს, ახლოს ვერ მივიდნენ გამოკვეთილი მამრები.

– კარგით ახლა, არ არის ასე საქმე, ასეთ რამეებს ცოტა სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

– არასერიოზული რა ვთქვი, ალექსანდრე მაკედონელსაც ჰქონდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ….

– რა შუაშია აქ მაკედონელი. ტრამპმაც კარგად იცის მაკედონელის შესახებ, მაგრამ წინააღმდეგია, რომ არმიაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხმა იმსახუროს. ყველაფერში აშშ-ს ბაძავენ და რაღა ამაში უნდათ, რომ განსხვავებული იყვნენ? ცოტა ვერ გავიგე.

– თქვენ ხომ არ მოგწონთ ამერიკა? რაღა ეს ინიციატივა მოგეწონათ?

– მე არ მიყვარს ამერიკა? მე ყველა ქვეყანა მიყვარს. უარყოფით პოზიციებს პოლიტიკური ფიგურების მიმართ ვაფიქსირებ, ქვეყანამ რა დამიშავა.

– ტრამპის მოსვლის შემდეგ ამ ქვეყანას მართლა დაუტკბით.

– არავისაც არ დავუტკბი. გიმეორებთ, არცერთი ქვეყნის წინააღმდეგი მე არ ვყოფილვარ. და დამამთავრებინეთ, რასაც ვამბობ: ქართული ჯარი ბრძოლაში რომ მიდიოდა, ჯვარი მიუძღოდა. კიდევ კარგი, თინა ხიდაშელი გაუშვეს მინისტრობიდან და თან დოლიძეც მიაყოლეს, თორემ ეგ ორი ქალი დააქცევდა ჯარს. მაგათ რომ დასცლოდათ, ჯარში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხს მიიყვანდნენ.

– თქვენ გგონიათ, ანა დოლიძის განცხადების შემდეგ ჯარს ტრანსგენდერების არმია მიაწყდა? ჯარში ე.წ. მუჟიკებს აღარ უნდა წასვლა.

– ვიღაცებს მაინც წაიყვანდნენ. ვიღაცას ხომ დაადგმევინეს შოუ. არ დასცალდათ, თორემ დაშლილი იქნებოდა ქართული ჯარი. მის რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას დავუბრუნდები და ძალიან მიკვირს, რატომ არ მიდიან მასთან შვილმკვდარი დედები და პასუხს არ სთხოვენ.

მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებსაც შვილები აგვისტოს ომში დაეღუპათ, მივიდნენ ანა დოლიძესთან და დეტალურად მოაყოლონ, რა საბუთებს აგროვებდა საქართველოს წინააღმდეგ.

გიორგი მარგველაშვილსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგის წარდგენილია ანა დოლიძე, ან მაგას რაზე უნდა ველაპარაკო, კაცი პრეზიდენტია და ფაროსანების დახოცვა დაიწყო.

– არ მოუკლავს ის ფაროსანა, იკითხა, მოვკლა-არ მოვკლაო?

– ჰო, კარგი, ლირიკული გადახვევა იყო და არ დამიწერო, არ არის სახუმაროდ საქმე – ჯარი, როგორც იქნა, ვიხსენით ფსევდოლიბერალებისგან და ახლა სასამართლო სისტემაში აპირებენ შესვლას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ასეთ მაღალ თანამდებობაზე არ უნდა იყოს.