ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი იწყება

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი იწყებაბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის სასამართლო პროცესი იწყება.

ბელგიაში მისთვის წარდგენილი ბრალი პარიზის ტერაქტებს არ უკავშირდება. აბდესლამს ბელგიის პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ნოემბრის პარასკევს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს, რასაც 137 ადამიანი ემსხვერპლა, 368 – კი დაშავდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტები შენობაში ამერიკული როკბენდის Eagles of Death Metal-ის კონცერტის დროს შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი გადარჩენილები მძევლად აიყვანეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.

თავდასხმებში სულ 9 ტერორისტი მონაწილეობდა. 7-მა მათგანმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა.

აბდესლამი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 2016 წლის 18 მარტს ბრიუსელში მოლენბეკის კომუნაში დააკავეს და მისი საფრანგეთში ექსტრადირება მოახდინეს.

აბდესლამი მაროკოული წარმოშობის ფრანგია. ის ბელგიაშია დაბადებული.

აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

აბდესლამს ციხეში ნომერი 428001 აქვს მინიჭებული, ის ყველაზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის მქონე პატიმარია საფრანგეთში. მასზე 24 საათიანი ვიდეოზედამხედველობა ხორციელდება და მასზე მათვალყურეობას 8 პირი ახდენს. როგორც საფრანგეთის მთავარი ტერორისტის ადვოკატი აცხადებს, მისი ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.