ძიძების სკანდალში გახვეული პროკურორი მილენა მითაიშვილი გადადგა – ძიძები ამბობენ, რომ პროკურორი მათ აშანტაჟებდა და გადასახადს არ უხდიდა

ძიძების სკანდალში გახვეული პროკურორი მილენა მითაიშვილი გადადგა - ძიძები ამბობენ, რომ პროკურორი მათ აშანტაჟებდა და გადასახადს არ უხდიდაძიძების სკანდალში გახვეულმა პროკურორმა მილენა მითაიშვილმა თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართა. ეს ინფორმაცია მილენა მითაიშვილმა “ქრონიკას“ პირადად დაუდასტურა.

“ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზედაც მე ვარ დაზარალებული, კერძოდ რივერა ბენდელიანის მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ასევე ინგა არახამიას მიერ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე, რომლებზედაც მიმდინარეობს გამოძიება, საზოგადოებაში რომ არ დაისვას კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით, არ შეილახოს პროკურატურის ობიექტურობის განცდა საზოგადოებაში, მე ამ ეტაპზე მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც ემსახურება ჩემი და პროკურატურის სახელისა და ღირსების შენარჩუნებას იმ არაჯანსაღი ცილისწამებებისგან, რასაც დღემდე აგრძელებს ადვოკატი ინგა არახამია” .

მილენა მითაიშვილი ძიძებთან დავის შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და ამბობს რომ საქმის ადვოკატმა ინგა არახამიამ კანონი დაარღვია და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გაავრცელა:

– ინგა არახამიამ გაავრცელა Facebook-ის მის პირად გვერდზე ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდომასალა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებილ დანაშაულს და რაზედაც კანონისმიერი რეაგირება მოჰყვა პროკურატურის მხრიდან… ინგა არახამია, რომელიც ახორციელებდა ოჯახური ძალადობის საქმეზე მოძალადე რივერა ბენდელიანის დაცვას, ყველა ბინძური და არაკანონისმიერი ხერხით ახორციელებდა ჩემზე თავდასხმას, რათა მოახდინონ ჩემზე ზეწოლა რივერა ბენდელიანის მიმართ მიცემული მამხილებელი ინფორმაციის ჩემს მიერ შეცვლის მიზნით. ყოველი არაკანონისმიერი ხერხი შეფასდა სამართლებრივად და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებას ემცნობა უახლოეს მომავალში.

რაც შეეხება ძიძებს, რომლებიც დღეს ჩემზე საუბრობენ, მათგან ერთ-ერთი, ქალბატონი ნინო ბოჭორიშვილი არის ჩემი ყოფილი ბრალდებულის და მსჯავრდებულის, კახა შველიძის მეუღლე, რომელიც გასამართლებლი იყო ქურდული სამყაროს ბრალდებით. შესაბამისად, ნათელია ნინო ბოჭორიშვილის ჩემ მიმართ დამოკიდებულება, – განაცხადა პროკურორმა მილენა მითაიშვილმა.

პროკურორ მილენა მითაიშვილსა და ძიძებს შორის დავა ერთი თვის წინ დაიწყო. ძიძები პროკურორს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ – აცხადებდნენ, რომ მათზე პროკურორი ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ერეოდა პირად ცხოვრებაში, აშანტაჟებდა და გადასახადს არ უხდიდა.

საქმით მთავარი პროკურატურა ერთ-ერთი ძიძის, ნინო ბოჭორიშვილის ჩვენების საფუძველზე დაინტერესდა. მთავარი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე იკვლევს, ჩაიდინა თუ არა პროკურორმა მითაიშვილმა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი.

იმედინიუსი