ჯელალ ქიქავა – “აჭარას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება”

ჯელალ ქიქავა - "აჭარას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება"რა პირობა დადო ივანიშვილმა, რა საფრთხეები ემუქრება აჭარის რეგიონს, რატომ არ რეაგირებს საზოგადოება გარემოს განადგურებაზე? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპები 21-ე საუკუნეს“ ხელმძღვანელი, ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
ჯელალ ქიქავა:
– რამდენიმე წელიწადში აჭარაში ეკოლოგიური კატასტროფა იქნება. ეკოლოგიურ კატასტროფაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკა უკვე რეგიონებს აპირისპირებს ერთმანეთთან.
აჭარიდან მოთხრილი ხეები ყოფილ პრემიერს მოგეხსენებათ, რომ გურიაში გადააქვს, სადაც ვითომ დენდროლოგიურ პარკს აწყობს. ამ თემას რუსთავი 2-მა მორიგი გადაცემა მიუძღვნა. ჟურნალისტებმა კომენტარები აჭარის და გურიის მოსახლეობასაც სთხოვეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, ბიძინა ძალიან კარგს შვრება, აჭარაში ხეებს რომ თხრის და გურიაში რგავსო.
ეს იყო ძალიან არასასიამოვნო განცხადება და ამას შესაძლოა უკიდურესად ცუდი ამბები მოჰყვეს.
– რა ცუდი ამბები უნდა მოყვეს ერთი კაცის განცხადებას?
– ეს მარტო ერთი კაცის განცხადება არ გახლავთ. ამ თემაზე სოციალურ ქსელში სერიოზული კამათია. გავეცანი კომენტარებს და ძალიან შევწუხდი. ივანიშვილი ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომ რეგიონი რეგიონს დაეტაკოს.
საქართველოსთვის საშინელება და კატასტროფა იქნება, გურიის და აჭარის რეგიონები თუ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
– გინდათ თქვათ, რომ ხეების გადარგვის გამო გაკეთებულმა კომენტარებმა შესაძლოა აჭარა და გურია ერთმანეთთან დააპირისპიროს?
– თქმა კი არ მინდა, ეს უკვე ასეა. სოციალურ ქსელში უკვე დაწყებულია ეს დაპირისპირება. ცოტაც და ეს ყველაფერი სერიოზულ და მწვავე სახეს მიიღებს. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბათუმის მოსახლეობის ნახევარზე მეტს გურულები შეადგენენ. წესით, ეს უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა.
– თქვენი აზრით, არ იცის?
– საიდან უნდა იცოდეს? ორი წიგნი არა აქვს წაკითხული. მაგენმა მარტო ფულის კეთება იციან. ფულის შოვნას კიდე წიგნის წაკითხვა არ სჭირდება. აქედან გამომდინარე წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ბათუმში.
– საუბარი მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე დავიწყეთ. იქნება ამასთან დაკავშირებით გვითხრათ რამდენიმე სიტყვა.
– რამდენიმე სიტყვას კი არა, ყველაფერს გეტყვით. აჭარას ემუქრება ეკოლოგიური კატასტროფა. ივანიშვილი 100 წლის წინ მიძინებულ ბაქტერიებს აღვიძებს.
– რა ბაქტერიებს აღვიძებს?
– იმ ბაქტერიებს აღვიძებს, რომლებიც იმ ადგილებში ჩნდება, სადაც ეგ ასწლოვან ხეებს თხრის. იმ ადგილას, სადაც ხეებს თხრიან, უზარმაზარი ორმოებია. ამ ორმოების ამოვსება წარმოუდგენელია. იქ ჩადგება წყალი და ყველა ის ბაქტერია გაიღვიძებს, რომლებსაც აქამდე ეძინა.
აჭარა არის ჭაობიანი ადგილი და აქ ჩაძინებული მიკრობების გაღვიძება კატასტროფა იქნება. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმაზე, რა სახის მიკრობები შეიძლება გააღვიძოს ივანიშვილის ახირებამ.
მეფის რუსეთის მადლიერი როგორ უნდა იყო კაცი, მაგრამ ისინი უფრო უფრთხილდებოდნენ საქართველოში ეკოლოგიას, ვიდრე ივანიშვილი. ციხისძირში, რომელიც ხელისუფლებამ საშინელ ადგილად აქცია, უნიკალური ჯიშის ხეები სწორედ მეფის რუსეთის დროს დარგეს.
მაშინაც კი ამ საქმეს მეცნიერულად მიუდგნენ. კარგად შეისწავლეს ნიადაგი და დეტალურად გაარკვიეს, სად რა ხე უნდა დაერგოთ.
ხეები აქედან ივანიშვილს სხვა დროსაც წაუღია, მაგრამ უწინ კულტურულად იქცეოდა. მას შემდეგ რაც ძალაუფლება ბოლომდე ჩაიგდო ხელში, გათავხედდა და ყველაფერი გააჩანაგა.
– ყველაფრის გაჩანაგებაში რას გულისხმობთ?
– ამაზე მეტი რა უნდა ვიგულისხმო – რეგიონის ლანდშაფტს ცვლის ეს ადამიანი. გაიგეთ ხალხო, ივანიშვილი აჭარას უცვლის ლანდშაფტს!
ამ კაცმა ერთ შეხვედრაზე, რომელსაც სულ 4 ადამიანი ესწრებოდა, სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, ბათუმს დედას ვუტირებო. ეს შეხვედრა მედიით არ გაშუქებულა, მაგრამ მე მომივიდა ამბავი.
– მედიით თუ არ გაშუქებულა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო იქ, თქვენ საიდან გაიგეთ რა თქვა ივანიშვილმა?
– იმ ოთხი კაციდან, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი იყო. მისგან გავიგე ეს ამბავი. ყოფილი პრემიერი აქაურობას ვერ იტანს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ბათუმის ბულვარი დაშალოს და ახალი ბულვარი ურეკში გააკეთოს.
– ორივეგან რომ იყოს ბულვარი, არ შეიძლება?
– როგორ არ შეიძლება, მაგრამ ამას უნდა, რომ ბათუმი ყველანაირად ააოხროს. არ უნდა, რომ ასეთი გალამაზებული ქალაქი სხვის სახელს უკავშირდებოდეს. ამიტომაც ანადგურებს ყველაფერს.
– ვის გულისხმობთ, მიხეილ სააკაშვილს?
– სწორედ სააკაშვილს ვგულისხმობ. გვინდა თუ არა, ამ კაცმა გაალამაზა ბათუმი. ყოფილი პრემიერი ამაზე გიჟდება და ყველაფერს ანადგურებს. უნდა, რომ ზღვისპირეთის გალამაზება მის სახელს დაუკავშირდეს.
მიზანს სანახევროდ მიაღწია, აჭარაში ლანდშაფტი შეცვალა, მიკრობებს აღვიძებს. კატასტროფა მეტი კი არაფერია.
ყველა სხვა სიკეთეებთან ერთად ივანიშვილმა გურია ლამის მთლიანად იყიდა და ამ რეგიონში ყველა მისი მადლიერია.
დარწმუნებული ვარ, ამ რეგიონის მოსახლეობის ნაწილი ვერ იტანს ამ კაცს, მაგრამ გაჭირვება აიძულებთ, თვალი დახუჭონ რაღაცაზე. ზოგი მისმა და ფულის სიყვარულმა ისე დააბრმავა, გაიძახის, კარგია, აჭარაში თუ თხრის ხეებს და აქ რგავსო.
– თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ რეგიონი კატასტროფის წინაშეა. ასეთი კატასტროფული ვითარება თუ არის, საზოგადოება რატომ არ იღებს ხმას?
– სადღაა საზოგადოება? მძინარე ბავშვებს ლოგინში კლავენ და ამაზეც კი არ იღებენ ხმას და ხეების გამო გამოვლენ გარეთ? მაინტერესებს ერთი, სად არიან იგი ვოლსკები და ბესელიები? აქამდე ხომ ყველაფერზე ყვიროდნენ, ახლა გააძღო ხომ ბიძინამ და აღარ უნდათ ხმის ამოღება?
ან რატომ გვყავს გარემოს დაცვის სამსახურები? გარემო და ბუნება თავზე დაგვამხეს და ხმის ამომღები არავინაა. საერთოდ რაში გვჭირდება ან მთავრობა ან პარლამენტი, ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს.
რაც შეეხება საზოგადოებას, საზოგადოება მაშინ გამოვა როცა წინამძღოლი ეყოლება. შესაძლოა ბევრი იყვირონ, მაგრამ გარეთ მანამდე არ გამოვლენ, სანამ წინამძღოლი არ გამოჩნდება.
– ახლა არ ჩანს წინამძღოლი?
– როგორ არ ჩანს, მაგრამ წინამძღოლი უკრაინაშია. ის კაცია ყოჩი და მას შეუძლია ხალხის დარაზმვა. ეს კაცი მიხეილ სააკაშვილია.
არადა დრო არ ითმენს. დღეს თუ ხვალ შესაძლოა რეგიონები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აჭარის რეგიონია.
– როცა აჭარის რეგიონზე მიდის საუბარი, ხაზს უსვამენ თურქეთის ფაქტორს. ამბობენ, რომ ამ რეგიონზე თურქეთს დიდი გავლენა აქვს და შესაძლოა ამას რაღაც გართულებები მოჰყვეს.
– რას გულისხმობენ თურქულ გავლენებში? თურქები ათხრევინებენ ივანიშვილს ხეებს რეგიონში? თურქები უცვლიან რეგიონს ლადშაფტს? არანაირი თურქული გავლენა აქ არ არის.
ვიღაცას თუ აქ შემოსული თურქული ბიზნესი აშინებს, სასაცილოა. საქართველოს თურქეთიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
– ამაში ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
– თურქეთის სახელმწიფო 100 წელია, რაც არსებობს. ამ 100 წლის მანძილზე ამ ქვეყნიდან არავინ არ შემოგვარდნია, მათ “რაგატკაც” კი არ უსვრიათ ჩვენი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არ ველოდები საფრთხებს აქედან.
იმ ხალხს მინდა ვკითხო, რომლებიც თურქულ საფრთხეებზე ლაპარაკობენ, მეორე მეზობელზე რატომ არ იღებენ ხმას? ის მეზობელი ბოლო 100 წლის მანძილზე ხუთჯერ მაინც შემოგვივარდა ტანკებით და იარაღით. დაგვხოცა, გადაგვიარა და თან ისე შემოვიდა, უკან აღარ მიდის.
ვიღაცები კიდევ გაიძახიან, საფრთხე თურქეთიდან გვემუქრებაო. თურმე რამდენიმე ბორდელი ყოფილა სახიფათო და რუსული ტანკები არა.
– ბორდელები ახსენეთ და მართალია, რომ თურქებს აჭარის რეგიონში ბევრი ბორდელი აქვთ გახსნილი?
– ბორდელები ქართველებსაც აქვთ გახსნილი. ამ ბორდელებზე ასე რატომ ამახვილებენ ყურადღებას. მთელს მსოფლიოშია ასეთი დაწესებულებები. რა, თბილისში ბორდელები არ არის? არის და უფრო ძვირი ბორდელებია, მანდეთ ელიტნი ბოზები ყავთ. აქ თუ მომსახურება 100 დოლარი ღირს, თბილისში 500 დოლარამდე ადის ფასები. ელიტურ ბორდელებში მთავრობის წევრები და დეპუტატები დადიან. მაგენი ზოგჯერ საგანგებოდ ჩამოდიან აქაურ ბორდელებში.
– თბილისიდან ბათუმში ბორდელში ვინ წამოვა?
– მოდიან, მოდიან. ფინანსური კრიზისი რომ აქვთ, მაშინ ხდება ხოლმე ეგ ამბავი. 100 დოლარი გზა უჯდებათ, 100 ბორდელი და 300 დოლარი სახლში მიაქვთ. მაგნაირები არიან მაგენი.
ბორდელებს არავინ არ მიესალმება, მაგრამ იმის ძახილი, რომ ეს დაწესებულებები საქართველოს ტერიტორიას საფრთხეს უქმნის, ზედმეტია. მთელ მსოფლიოშია ასეთი დაწესებულებები, თანაც უხსოვარი დროიდან და ისტორიას არ ახსოვს მაგალითი, რომ ბორდელების გამო ამა თუ იმ ქვეყანას ტერიტორიები დაეკარგა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა