კვირიკაშვილი – ”შავი, დაბურული ჯიპების ეპოქა უნდა დავასრულოთ”

კვირიკაშვილი - ”შავი, დაბურული ჯიპების ეპოქა უნდა დავასრულოთ”საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიმართა, რომ დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დასრულდეს.

– დროა, გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჩავანაცვლოთ ავტომანქანები, პირველ რიგში მინისტრების დონეზე, მაგრამ ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებათ, მათ შორის ძალოვან უწყებებსაც. არავის დაუწერია წესი, რომ მაინცდამაინც შავი ჯიპით უნდა იაროს თუნდაც სამართალდამცავმა. ეს პროცესი დაიწყება მინისტრებისგან, მაგრამ თანდათან გავრცელდება ყველგან. ამას ერთბაშად ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამას დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდება, მაგრამ დავიწყოთ მინისტრებმა და შემდეგ მოგვბაძავენ სხვებიც.

მე უკვე ვესაუბრე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს და თუ დელეგაციების დახვედრისას, თუ ამას მოითხოვს ეტიკეტი, შეიძლება, გამონაკლისი დავუშვათ. არც ერთი სხვა შემთხვევა ჩემთვის მისაღები არ იქნება, პირდაპირ ვამბობ ამას.

მგონია, რომ შავი მანქანების ეპოქა უნდა დავასრულოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები თეთრი მანქანებით მოძრაობენ და არ მგონია, რომ სხვა ფერის მანქანით სარგებლობა უსაფრთხოების კუთხით რაიმე კომპრომისს უკავშირდებოდეს.

ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საპილოტე ნაბიჯი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველამ ერთად განვახორციელეთ, იყო იაპონიის მთავრობისგან ძალიან დიდი საჩუქარი. იგივე სტანდარტი ჩვენ, თანდათან, მთელს მთავრობაში უნდა მივიღოთ და უარი ვთქვათ შავი, დაბურული ჯიპებით სიარულზე, – განაცხადა პრემიერმა.