ნიკა მელია – “ქართული ოცნება” ქვეყნის ოპოზიციაშია, ოპოზიციის მთავარი ღირებულება ივანიშვილის დამარცხებაა”

ნიკა მელია - "ქართული ოცნება" ქვეყნის ოპოზიციაშია, ოპოზიციის მთავარი ღირებულება ივანიშვილის დამარცხებაა"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პროკურატურაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ნიკა, პროკურატურაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა. თქვენ რას უკავშირებთ ამ ცვლილებებს?
– თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ არსებული კრიმინოგენული ვითარებიდან გამოსავალი ყველასთვის უცნობი თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლება არის, მაშინ ეს ძალიან კომიკურია.
– ეს საკადრო ცვლილებები მასშტაბურია და რეგიონის პროკურორებსაც, მათ შორის აჭარის პროკურორსაც ეხება.
– გასაგებია, მაგრამ ამით აპირებს ხელისუფლება, გაუმკლავდეს იმ საშინელ კრიმინოგენულ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს?! მართლაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამას ვამბობ არა როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, არამედ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე.
გაუსაძლისია ის ვითარება, როდესაც დღე არ გავა, რომ საშინელი, შემზარავი მკვლელობის მოწმენი არ გავხდეთ. აგერ, გავიგეთ, რომ თემქაზე 21 წლის გოგო მოკლეს. არავინ იცის, რატომ, რისთვის. რამდენიმე კვირის წინ მოკლეს გენერალი ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში, საქმე დღემდე არ არის გახსნილი. მესტიაში საკუთარ ეზოში ბავშვების თვალწინ ჩაცხრილეს ლომარ ნიგურიანი, მისი საქმე დღემდე გამოუძიებელია, მკვლელი დღემდე დაკავებული არ არის. დოდო გუგეშაშვილის შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, საქმე დღემდე არ არის გახსნილი. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?! დღე არ გავა, რომ არასრულწლოვნებს შორის დანაშაული არ მოხდეს. ასევე, დღე არ გავა, რომ ბანკზე ყაჩაღობის შესახებ არ გავიგოთ.
– თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?
– აქ უკვე საქმე ასე კი არ დგას – ვინ არის ხელისუფლება და ვინ ოპოზიცია, ვინ უჭერს მხარს ხელისუფლებას და ვინ – ოპოზიციას, ქვეყანა მძიმე ქაოსში ეფლობა და ეს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავე ფორმებს იღებს. პატარა ქვეყნები ასეთ ქაოსს ვერ იტანენ, ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს ამ უმოქმედობას. მაგალითად, უკრაინაშიც არის ქაოსი და მმართველობითი სისტემა საერთოდ ჩამოშლილია, მაგრამ ის მაინც დიდი ქვეყნაა და, ასე თუ ისე, მაინც იტანს, მართალია, ისიც ვერ აიტანს დიდი ხნით, მაგრამ ასეთი შესამჩნევი არ არის. ამ ვითარებაზე კი არ მსჯელობენ პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი, სად არის გამოსავალი, რა შეიძლება ამან მოგვიტანოს, არა – ისინი თავიანთი ვიწრო ინტერესებით არიან დაკავებულნი.
ეს ასე მძაფრად რომ არ ადარდებს ხელისუფლებას და თითქოს არც არაფერი ხდება – ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ, ეს არაფორმალური მმართველობით არის გამოწვეული. თანამდებობებზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც თავს არ გრძნობენ პასუხისმგებლად, თითქოს მათ ეს არ ეხებათ ან თითქოს სხვა ქვეყნის მინისტრები არიან. აბა როგორ შეიძლება, როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ, არც ერთ ნაბიჯს არ დგამენ, რომ რეალური რეფორმები განახორციელონ. ურჩევნიათ, სრულ სტაგნაციაში იყვნენ, როგორმე დააღამონ დღევანდელი დღე და ასე გრძელდება, მაგრამ, მერწმუნეთ, ასე ვეღარ გაგრძელდება, ამას ხალხი ვეღარ მოითმენს.
– ხელისუფლება ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებებს ატარებს, რომ, ევროკავშირის მოთხოვნით, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი ამოქმედდება.
– ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, ჩვენთვის არცთუ სახარბიელო, კრიტიკულ ანგარიშებს აქვეყნებს სწორედ ამ მიმართულებით, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე თუნდაც საერთაშორისო არენაზე. აღარ ვსაუბრობ ქვეყნის შიგნით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთელ ოპოზიციურ სპექტრზე.
დღე არ გავა, რომ დასავლურმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა მუხთარლის საქმე არ შეგვახსენონ. ხელის გულზე დევს ეს საქმე, მაგრამ საქმე გამოუძიებელია. როგორ თქვენ ფიქრობთ, ამ პროკურორების გამოა გამოუძიებელი ეს საქმე?! ამ პროკურორების ბრალი კი არ არის, ეს არის, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების არარსებობის მიზეზით გამოწვეული. აბა, რომ იყოს პოლიტიკური ნება, სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ეს პროკურორები ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამოსაძიებლად.
– მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას, განცხადებას თქვენ რას უკავშირებთ, “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებაა?
– ეს არის კლანებს შორის დაპირისპირების გამოვლინება. მსგავსი სურათი კიდევ არაერთი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რაზეც გესაუბრეთ, ის შექმნილი ვითარება, რომელიც უკვე მართლაც საგანგაშო სახეს იღებს.
– რა არის გამოსავალი?
– გამოსავალი არის ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის, ყველა ოპოზიციური პარტიის მობილიზება და მთავარი ღირებულებების გარშემო გაერთიანება.
– რა არის დღეს ოპოზიციისთვის მთავარი ღირებულება?
– ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ჩვენ უნდა შევძლოთ მისი დამარცხება. დღეს ხელისუფლებას რომ ვუყურებ, ასე მგონია, ოპოზიციაა, დღეს ხელისუფლებაა ოპოზიციაში, ოღონდ ქვეყნის ოპოზიციაში. გამოსავალი არის გაერთიანებაში, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფების სრულ მობილიზებასა და გაერთიანებაში. ამ შემთხვევაში ასეთ ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია.
მე ვვარაუდობ, რომ უახლოეს პერიოდში ამ ყველაფერს მძლავრი საპროტესტო მუხტი დაუპირისპირდება. არ გამოვრიცხავ, რომ თუ ასე გაგრძელდა და ხელისუფლებამ ამის შესაჩერებლად რაიმე არ იღონა, ხელისუფლება უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდება, საიდანაც უკან დასახევი გზა არ ექნება.
ეს ხალხი ფიქრობს, რომ მუდამ ხელისუფლებაში იქნება, მუდამ მართვის სადავეები ექნება, მაგრამ ძალიან ცდება, რადგან ხალხის ძალა გაუგონრად აღმატებული და ძლიერია ნებისმიერ ხელისუფლებასთან შედარებით. მოთმინების ფიალა არ არის უშრეტი, ზამბარა ძალიან მტკივნეულად იჭიმება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა