რატომ უწოდებენ “ევროპულ საქართველოს” ლავროვის პარტიას – რა წერია ”კრემლის სიაში”

რატომ უწოდებენ "ევროპულ საქართველოს" ლავროვის პარტიას - რა წერია ”კრემლის სიაში”აშშ-ის კონგრესი განიხილავს “კრემლის მოხსენებას”, რომელიც მოიცავს რუსეთის 210 გავლენიანი პირის სიას. შავ სიაში მოხვედრილი მაღალჩინოსნების, მსხვილი ბიზნესმენებისა და სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა დროს ამოქმედდება ახალი ამერიკული სანქციები. რა კავშირი აქვს ამას საქართველოსთან? ამაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
მირიან მირიანაშვილი:
– სანქციების პოლიტიკა რუსეთის მიმართ დიდი ხანია, ამოქმედებულია. დადგა ახალი ეტაპი – უფრო მაღალი და რუსეთისთვის მძიმე რაუნდი. ახალ სანქციებში ხვდება რუსეთის პოლიტიკური, სახელისუფლებო და ეკონომიკური ელიტა. არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ სანქციების ახალ სიაში შეიყვანდნენ მხოლოდ 50 ოლიგარქს და მათი ოჯახების წევრებს. სია უფრო ფართოა და, რაც მთავარია, მოიცავს მაღალჩინოსნებს.
საქართველოზე ყოველთვის აისახება ის, რაც აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ხდება. ჩვენთვის მთავარია, გავხდეთ მიმდინარე პროცესების შედეგის ბენეფიციარი. ხდება მოვლენები, რომლებმაც საქართველოზე რუსეთის პრესი უნდა შეამციროს. დაახლოებით სამი კვირის წინ განისაზღვრა რუსეთის ოლიგარქების კრიტერიუმები.
– ე.ი. დადგინდა, ვის შეეხებოდა ახალი სანქციები?
– დიახ. აშშ-ის სენატის კომიტეტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომელი კატეგორიის ბიზნესმენებს შეიყვანდნენ სიაში. პირველი კრიტერიუმი ფინანსური იყო, მეორე – კრემლთან რაიმე კონტაქტის, თუნდაც ერთჯერადი ურთიერთობის არსებობა. ამ პირების ქონება უნდა ყოფილიყო მილიარდ დოლარზე მეტი.
– ამ დეტალების ცოდნის გარეშეც საზოგადოებას ეგონა, რომ ამ სიაში ქართველებიც მოხვდებოდნენ..
– არსებობდა ინტრიგა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სიაში მოხვდებოდნენ მდიდარი ქართველები. ეს არ იყო გამორიცხული. 29 იანვრის მოხსენებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ჩამოყალიბდა ახალი მიდგომა – სანქციები ამ ეტაპზე არ უნდა შეხებოდა ეთნიკურ ოლიგარქიულ ელიტებს.
– ეთნიკურ ოლიგარქიულ ელიტებში რუსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მსხვილი ბიზნესმენები მოიაზრებიან?
– ასეთები მარტო საქართველოში არ არიან. უზბეკეთს, ყაზახეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს ჰყავს რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენები. ისინი ყველა სხვა, საიდუმლო სიაში შეიყვანეს.
– “კრემლის მოხსენების” 210 კაციან სიას საიდუმლო სია ახლავს?
– სწორედ ასეა. იქ არიან შეყვანილი ეთნიკური ოლიგარქიული წრეების წარმომადგენლები.
– ისინი ჯერჯერობით დაინდეს?
– მათ სერიოზული გაფრთხილება მისცეს. ვაშინგტონის გზავნილი ასეთია – ეს ოლიგარქები კორექტულები და ფრთხილები უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ჯერი დადგება. ჩვენი პოლიტიკური ელიტის წამმზომი ჩაირთო.
– რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ელიტამ?
– პოლიტიკური სივრცე უნდა გათავისუფლდეს იმ პერსონალიებისა და ჯგუფებისგან, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან.
– ამაზე ზოგადად ბევრი საუბარია.
– ახლა გადამწყვეტი მომენტი დგება. შეიძლება ეს ზოგმა არ იცოდეს, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური პარტიები იქმნება რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაკვეთითა და უშუალო მონაწილეობით.
– პროდასავლური პარტიები ამ ნათქვამს არ დაეთანხმებიან.
– რა აქვს დეკლარირებული პარტიას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში წარმართავდა მოსკოვი. რუსეთის შეკვეთით ჩამოყალიბებული ჯგუფების აქტივობა უნდა დამთავრდეს. ადრინდელმა ანტირუსულმა სანქციებმა კრემლს გადააწყვეტინა საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატის კორექტირება. რამდენიმე თვის წინანდელმა სანქციებმა შეაფერხა რუსეთის უშიშროების სამსახურის მუშაობა. ამის გამო კრემლმა საქართველოსთან ურთიერთობის კურირება დაავალა პირადად საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
– ეს უჩვეულო ვითარებაა.
– საქართველოს ბოლო სამი საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის, მოქმედი, ლავროვის დანიშნულია. თბილისი მოსკოვთან ათანხმებდა დასავლეთის სახელმწიფოებში დასანიშნი ელჩების კანდიდატურებს. დასავლეთში ყველაფერი კარგად იციან. მათ შორის, პარტია “ევროპული საქართველოს” ჭეშმარიტი დანიშნულება.
– დასავლეთის თვალში რას წარმოადგენს “ევროპული საქართველო”?
– ამ ორგანიზაციას ლავროვის პარტიად მოიხსენებენ. “ევროპული საქართველო” უნდა გამხდარიყო საქართველოში რუსეთის მთავარი საყრდენი. ლავროვის საქმიანობის ეპიცენტრი ის უკვე გახდა.
– ეს გეგმები სანქციების გამო ჩაიფუშა?
– ბუნებრივია. ყველასთვის მოულოდნელად, სანქციების სიაში შეიყვანეს დასავლეთთან კონტაქტების მქონე ლავროვი. ბევრი დეკორაცია ჩამოიშალა. პოლიტიკოსები ვეღარ გამართავენ იმ სპექტაკლებს, რომლებსაც დგამდნენ კრემლის დავალებით.
საქართველოში უნდა მიხვდნენ, რომ შიდა და საგარეო პოლიტიკური რევოლუციური ცვლილებები დაიწყო. თუ ახლა მაინც არ შეიცვალნენ, ეს ლიდერები თვითონაც დაზიანდებიან და სახელმწიფოსაც აზარალებენ. ზოგიერთი სანქციებშიც მოხვდება. ერთ ინტერვიუში ანაკლიის პორტის აფიორას შევეხე. მინდა დავძინო, რომ ანაკლიის პროექტი ანტიამერიკული იდეაა.
– იმიტომ, რომ რუსეთს აძლევს ხელს?
– სწორედ რომ რუსეთის ინტერესებშია ვითომ ქართული პორტის აშენება იმ ტერიტორიის ყურის ძირში, რომელსაც მთლიანად ის აკონტროლებს. მეორეხარისხოვანი ამერიკული დეველოპერული კომპანიის მონაწილეობა ამ საქმეში არაფერს ცვლის. ანაკლიის პორტი ამ სახით არის ამერიკელებისა და ჩინელების მოტყუება. დგება დრო, როცა რუსეთი აღარ ჩაერევა მეგაპროექტებში საქართველოს მონაწილეობით.
– საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს?
– ძნელი სათქმელია. წინა კვირების განმავლობაში, როცა მოსალოდნელ სანქციებზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო, ბევრ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენს ვითომ ელიტას არანაირი კავშირი არ გააჩნია დასავლეთის გავლენიან ცენტრებთან. ბევრ რამეზე ამ ადამიანებს წარმოდგენაც არ გააჩნიათ. ამას მოწმობს ებრაული ლობის ჩართვა ამერიკელებთან საქმის მოსაგვარებლად. ეს ხდება მაშინ, როცა ღიად ითქვა, რომ ამ პროცესში ლობიზმს არ დაუშვებდნენ. თუ მე შევინარჩუნე ძველი კავშირები და მეტ-ნაკლებად ვიცი, რა ხდება, რატომ ვერ ახერხებს პროცესებში გარკვევას ელიტა, გაურკვეველია.
– ჩვენი ელიტა არაინფორმირებულიცაა?
– ეს აშკარაა. იმედი მაქვს, ეს ადამიანები იმას მაინც მიხვდებიან, რომ სულ სხვა რეალობა დადგა და მიდგომებს შეიცვლიან.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა