რომან გოცირიძე – “დამარცხებული კრიმინალი და კორუფცია ქვეყანას ნელ-ნელა უბრუნდება”

რომან გოცირიძე - "დამარცხებული კრიმინალი და კორუფცია ქვეყანას ნელ-ნელა უბრუნდება"ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აფასებს.
– ბატონო რომან, თქვენი პარტიის ლიდერებისგან გვესმის შეფასებები, რომ სიტუაცია უარესობისკენ მიდის, ხელისუფლებას კი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს. უმრავლესობის მხრიდან გაიჟღერა ინიციატივებმა, რომელთა მიღებასაც პარლამენტი გეგმავს სიტუაციის გამოსწორების მიზნით.
– თუ ჩვენ დავაკვირდებით ხელისუფლების უკანასკნელ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ პროპაგანდისტული ხასიათისაა, ჩვენ დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ სერიოზული კრახი განიცადა მრავალი მიმართულებით და როდესაც უკვე გამოუვალი მდგომარეობაა, ახლა დაფაცურდნენ, რომ როგორმე ეს ვითარება გამოასწორონ.
– კონკრეტულად რა ვითარებაზეა საუბარი?
– ერთ-ერთი ასეთი მტკივნეული საკითხი მათთვის არის საქართველოში კრიმინალის აღზევება და თანდათანობით საზოგადოებაში ამ ქურდული მენტალიტეტის დაბრუნება. უკვე მასობრივად დაიწყო ბინების გაქურდვა, რაც ძალიან დიდი ხნის დავიწყებული იყო საქართველოში, მანქანების ნაწილების მოპარვა და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ ისეთ მძიმე დანაშაულებებზე, როგორებიც არის ტერორისტების პარპაში ქვეყანაში და გახშირებული კრიმინალური გარჩევები ახალგაზრდებში თუ სხვა თაობაში.
– ხელისუფლების განცხადებებს როგორ შეაფასებთ?
– არავინ იცის, რა იგულისხმება მათ განცხადებებში, ეს პიარისთვის დასჭირდათ. არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, საქართველოში მოისპო ორგანიზებული ქურდობა, მაფია. ეს ისტორიაში უპრეცედენტი ფაქტი იყო, ქვეყანაში 2-3 წელიწადში განადგურდა ქურდული მენტალიტეტი. იტალიაში ამას ნახევარი საუკუნე ებრძოდნენ და ამერიკაში და ბევრ სხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ორგანიზებული დანაშაულებები აღმოფხვრილი. ამათ ეგონათ, რომ ეს ძალიან მარტივი რამ არის და თუ ის კურსი არ გაგრძელდებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა და ეს თავისთავად შენარჩუნდებოდა. თუმცა დავინახეთ, რაც მოხდა.
– რა მოხდა?
– მოხდა ამ კურსის მთლიანი ჩავარდნა და ამის მთავარი მიზეზი არის დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა ქვეყანაში. ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, ისე, როგორც იყო შევარდნაძის დროს, რომ შეიძლება ჩადენილი დანაშაულისთვის არ აგონ პასუხი. როგორ შეიძლება არ აგონ პასუხი?! შევარდნაძის დროს ამას თავს არიდებდნენ ფულით, პოლიტიკურად გავლენიანი ადამიანების მფარველობით, ე.წ. ინტელიგენციის მფარველობით, ან კრიმინალის და ქურდის ჩარევით ხდებოდა, რომელიც იმ დროს მინისტრის რანგში იყო აყვანილი. ქურდებთან მეგობრობა, მათთან სურათის გადაღება კარგ ტონად ითვლებოდა.
– დღეს რა სიტუაციაა ამ კუთხით?
– დღესაც გაჩნდა ეს დაუსჯელობის სინდრომი. კონკრეტული ნიშნებით, გარკვეული წრის მფარველობით აღარ სჯიან დამნაშავეებს. ყველაზე მთავარი არის პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა, რამაც გამოიწვია დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა ქვეყანაში.
– “ოცნების” წევრები ამტკიცებენ, რომ არც ერთი კანონიერი ქურდი დღეს საქართველოში არ იმყოფება. ასე არ არის?
– არ იმყოფება ერთია, მაგრამ მათი გავლენა ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებზე და ამ ხელისუფლებაზე. ხელისუფლებამ კანონიერი ქურდები გამოიყენა არჩევნებში! ყველა არჩევნებში კანონიერი ქურდები რუსეთიდან ან უცხოეთის სხვა ქვეყნებიდან მართავდნენ ადგილობრივ ქუჩის ბიჭ-ბუჭობას, მოკრიმინალო ელემენტებს და ისინი ყველა საარჩევნო უბანზე იდგნენ ორგანიზებული სახით. ქუჩასთან საარჩევნოდ თანამშრომლობა ამ ქურდული მენტალიტეტის გაღვივების ერთ-ერთი ფაქტორი იყო. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ათასობით ადამიანი გამოუშვეს გარეთ და მათ შორის კრიმინალები.
– კანონის გამკაცრება გამოასწორებს სიტუაციას?
– კანონის გამკაცრება კი არ არის საჭირო, არამედ კანონის შესრულება. ამ მხრივ ძალიან დიდი სხვაობაა იმ ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის. კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის. არ უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირს სასჯელს ააცილებენ ამა თუ იმ მიზნით. კიდევ ერთი პოპულისტური განცხადება იქნა ამავე დღეებში გაკეთებული.
– რომელს გულისხმობთ?
– იმის თაობაზე, რომ გამკაცრდება კანონმდებლობა სახელმწიფო პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. ამით უნდათ გააბათილონ ის სამარცხვინო და სასაცილო პროცესი, რაც შეწყალების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. სააკაშვილმა შეიწყალა 179 პირი და ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მედია ცდილობენ, რომ ამას უწოდონ გირგვლიანის საქმე.
სინამდვილეში კი მსოფლიოში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა და შეწყალების უფლების გამოყენებისთვის პრეზიდენტს მიუსაჯეს სასჯელი. შეწყალების აქტი არის კონსტიტუციით მინიჭებული პრეზიდენტის უფლება და ის პასუხს აგებს მხოლოდ მორალურად. ეს არის საერთაშორისო ცხოვრების წესში მიღებული ნორმა, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ახლა უნდათ ამ და ბევრი სხვა ნორმის ვითომ შეცვლა და კანონის განმტკიცება ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შეზღუდვის კუთხით.
– არ მომხდარა თანამდებობის ბოროტად გამოყენება?
– სინამდვილეში, ამ ხუთი წლის განმავლობაში, სწორედ ეს ხელისუფლება იყენებდა ძალაუფლებას ბოროტად, ერეოდა სასამართლოს საქმეებში, ადამიანებსაც კი იტაცებდა. უამრავი დანაშაული ჩაიდინეს და ამ ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ დასჯილა. ერთადერთი, ვინც დაიჭირეს, ეს იყო მერიის თანამშრომელი, რომელმაც 3.000 დოლარი აიღო ქრთამის სახით.
ასეთი განცხადებებით, რომელთაც ჯერ კანონპროექტის ფორმაც კი არ აქვს, სურთ გადაფარონ ის ნეგატიური სიტუაცია, რაც შექმნილია ქვეყანაში. ყველაზე დიდი მონაპოვარი ქვეყანაში – დამარცხებული კრიმინალი და კორუფცია – ნელ-ნელა ქვეყანას უბრუნდება. აი, ეს არის საგანგაშო.
– რა არის ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი არის ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა. არავინ არ იცის ქვეყანაში, ვის როდის მოხსნიან. პრემიერ-მინისტრმა არ იცის, როდის მიიღებს მისი მოხსნის გადაწყვეტილებას მთავარი პირი. აბსოლუტურად ყველაფერი არაფორმალურ მმართველთან თანხმდება. ქვეყანაში არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების სწრაფი მექანიზმი. სად სცალია ქვეყნისთვის ივანიშვილს, უამრავი თავსატკივარი აქვს. იქით პროცესები, ასი მილიონი დაუკარგა ვიღაც შვეიცარიელმა და აქეთ ხეების გადარგვის პრობლემები და რა ვიცი…
– პრეზიდენტობა უნდაო და ამაზე რას ფიქრობთ?
– არა, ეს სასაცილოა. რად უნდა ქვეყნის პრეზიდენტობა, როდესაც პრეზიდენტიც ის არის, პრემიერიც და პატრიარქიც. რატომ აიტკივებს აუტკივარ თავს?! ყველა გადაწყვეტილებას ისედაც ის იღებს. რასი სჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი, პასუხისმგებლობის აღების გარეშეც პირველია.
ქვეყანა ამ არაფორმალური მმართველობის პირობებში განიცდის ინსტიტუციურ დეგრადაციას! ეს, საბოლოო ჯამში, გამოიღებს უკიდურეს შედეგებს. სურათი არის უმძიმესი.
– გამოსავალი ამ სიტუაციიდან?
– გამოსავალი არის ის, რომ საკუთარ ბედს მაინც ჭედავს თავად ხალხი. საჭიროა ხალხის გამოფხიზლება. ადრე თუ გვიან ხალხი მაინც მიხვდება, რომ ქვეყანა უკან მიდის და ამ პოლიტიკით მას პერსპექტივა არ აქვს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა