ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ”ახალ თაობასთან” მაუწყებლობის შესახებ კანონზე ისაუბრა.
რომან გოცირიძე:
– ეს კანონი არ დაწერილა პარლამენტში, უბრალოდ, ამ ადამიანებს კანონი შეაჩეჩეს ხელში და უთხრეს, თქვენ ხართ ამის ავტორი. ამის პრეცედენტები იყო ბევრჯერ, მაგალითად მაშინ, როცა უნდოდათ ეროვნული ბანკის დაშლა. მაშინ კანონი დაიწერა მთავრობაში და ეს კანონი წარმოადგინეს ისე, თითქოს მისი ავტორები იყვნენ მეჭიაური და ებანოიძე. დღეს ებანოიძეც ოპოზიციაშია და მეჭიაურიც, თუ ჰკითხავთ, მოგიყვებიან, რომ თვალით არ ჰქონდათ ეს კანონი ნანახი. თუმცა მაშინ ის იყო მთავრობის კანონი და დიდი ჩარევების შედეგად იძულებულნი გახდნენ, საერთოდ გაეუქმებინათ.
– ამ კანონის ავტორი ვინ არის?
– ამ კანონის ავტორია ჯიდიესს ამოფარებული რაღაც ჯგუფი. პარლამენტი იმდენად უსუსურია, რომ ჯიდიესში დაწერილი კანონს ასაღებს საკუთარ დოკუმენტად და მას ვერ ეწინააღმდეგება. თორემ ისეთი დიდი ზიანი მიიღო ამით უმრავლესობამ, გადაიკიდა ყველა რადიო, ტელევიზია, არასამთავრობო ორგანიზაციები, არ დარჩა არავინ, რომ არ გრძნობდეს ამ კანონის მავნებლობას, მაგრამ მარტო მავნებლობაში არ არის საქმე, რეალურად არ სცემს ხელისუფლება პატივს თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიას. ამ კანონის გათრევა დავალებული არის ივანიშვილის მხრიდან.
– რა არის ამის მიზანი?
– მიზანი არის ის, რომ მოხდეს მთელი მედიასაშუალებების ჯიდიესიზაცია.
– დაძლევენ ვეტოს?
– რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა 100%-ით და მის წინააღმდეგ წავა ორი ან სამი კაცი. ივანიშვილის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება. მათი უკმაყოფილება მთავრდება იქ, სადაც იწყება ივანიშვილის კმაყოფილება.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

