ზაზა ხატიაშვილი – “ვინც გარეული იყო ყველაზე ბინძურ უბედურებებში, დღეს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა”

ზაზა ხატიაშვილი - "ვინც გარეული იყო ყველაზე ბინძურ უბედურებებში, დღეს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა"“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ზაზა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ გამწესების მსურველი 44 მოსამართლე დაამტკიცა. მოსამართლეების შერჩევა ურთიერთ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. რა ხდება ბატონო ზაზა, რასთან გვაქვს საქმე?
– როდესაც სააკაშვილმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, მაშინ გაჩნდა ინფორმაციები, რომ ფინანსურად მის უკან იდგა ბიძინა ივანიშვილი. შემდეგ შალვა ნათელაშვილი და სხვა პოლიტიკოსები ღიად ადებდნენ მას ხელს, რომ ის 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროსაც სააკაშვილის გვერდით იდგა. ამიტომ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანის მიერ დაფინანსებული მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, ვინც ძალადობდა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ყველა შეინარჩუნა.
– რატომ მოხდა ასე?
– დღევანდელმა ხელისუფლებამ, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, იფიქრა, რომ როდესაც მათ მოუნდებათ სიბინძურეების ჩადენა სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, მათ დაჭირდებათ ისეთივე ბინძური მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს. რა ტრაგიკომედიაა – 200-მდე პატიმარი გამოუშვეს პოლიტპატიმრის სტატუსით და ეს მოსამართლეები და პროკურორები დააწინაურეს! სწორედ ამან ქნა ის, რომ ეს ქვეყანა შევიდა უფრო მეტ ჭაობში, ვიდრე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს.
როცა ხელისუფლებას დაჭირდა ძალადობა სამოქალაქო სექტორზე, აქ ჰყავს მურუსიძეები, ჩინჩალაძეები და ძმანი მათნი და ისინი არიან მოსამართლეებიც, პროკურორებიც, პოლიციელებიც.
– და დღეს ასეთ მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავენ?
– დიახ, ეს მოსამართლეები დღეს დააწინაურეს. ამ მოსამართლეებმა მიიღეს ხელშეუხებლობის გარანტია, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას მომსახურებოდნენ.
ყველამ ვიცით, რომ წინა არჩევნებში ნინო ბურჯანაძემ გადალახა 5%-იანი ზღვარი. მან შეიტანა დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ ერთ სოფელში, სადაც იყო ორი საარჩევნო უბანი, ერთ უბანზე რომ მიღებული ჰქონდა 25%, იმავე სოფელში მეორე უბანზე 0% იყო. ეს იყო ანომალია და ეს ადასტურებდა, რომ ეს ოქმი გაყალბდა. ლევან მურუსიძის სასამართლომ და მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლომ ეს ყველაფერი დატოვა ისე, როგორც აწყობდა ხელისუფლებას.
ზოგადად მართლმსაჯულება მოჩვენებით ხორციელდება საქართველოში. ეს მოსამართლეები ივანიშვილის ხელისუფლებას ისევე ემსახურებიან, როგორც ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს. არაფერი არ შეცვლილა.
– ანუ მესამე და მეოთხე ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმა ჩავარდა?
– ყველა ტალღის შემდეგ, სასამართლოში უფრო ძლიერდებოდნენ დამნაშავე მოსამართლეები, ვინც იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის და შემდეგ ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლების საყრდენები. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის კატასტროფული მოვლენა! ანა დოლიძემ გააშიშვლა სამოქალაქო საზოგადოების თვალში იუსტიციის საბჭო! შეიძლება, რომ ეს იუსტიციის საბჭო იყოს პასუხისმგებელი სასამართლო რეფორმაზე?!
– სერიოზული ბრალდებები წამოვიდა ანა დოლიძის მისამართით.
– ეს არის სიბინძურე და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს მოსამართლეები გაერთიანებული არიან ჩადენილი დანაშაულის დაფარვის გამო. ისინი ერთად არიან და არ დაუშვებენ, რომ რომელიმე მათგანი დაისაჯოს. იმიტომ, რომ თუ ერთი დაისაჯა, მაშინ ყველა დაისჯება.
ივანიშვილის ხელისუფლებამ უთხრა ამ მოსამართლეებს, თქვენ ნუ გეშინიათ, იყავით ადგილებზე, ჩვენ მოგვემსახურეთ ისე, როგორც სააკაშვილს ემსახურებოდით და ჩვენ თქვენი მეგობრები და მოკავშირეები გავხდებით. ამიტომ ის ხალხი, ვინც გარეული იყო ყველაზე ბინძურ უბედურებებში, დღეს უვადოდ ინიშნება.
– საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკმაოდ ცუდი დასკვნები და შეფასებები მოდის. საბოლოოდ რა მიიღო საზოგადოებამ ივანიშვილს ხელისუფლებისგან?
– საზოგადოებამ მიიღო სააკაშვილი კვადრატში! ოღონდ მისი გვარი არის ივანიშვილი, რომელიც დღეს აქტიურადაა დაკავებული საქართველოს ბუნების გაჩანაგებით! ძალიან ცუდი მდგომარეობაა და დღეს ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი არ არსებობს, რომ ადამიანები მათ დაეყრდნონ.
– შეეგუა ჩვენი საზოგადოება ამ ვითარებას?
– არა, ასე არ არის. ივაიშვილს ოპოზიციასთან ცალ-ცალკე აქვს კონტრაქტები გაფორმებული. ახალ ოპოზიციურ ძალას რომ მოუნდეს გამოჩენა და აქტიურობა, განა ივანიშვილი მოუღებს ბოლოს, არა, თვითონ ოპოზიციონერები, რომლებიც ოპოზიციურ ველზე არავის არ შეუშვებენ, რადგან ისინი ოპოზიციონერად დანიშნა ივანიშვილმა. ანუ დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილის მიერ დანიშნული ხელისუფლება და ივანიშვილის მიერ დანიშნული ოპოზიცია. ამიტომ ეს არის ძალიან სახიფათო სიტუაცია.
– ანუ სატელიტი ოპოზიცია ჰყავს ხელისუფლებას?
– რა თქმა უნდა! დანიშნული ოპოზიცია ჰყავს! ყველა არა, მაგრამ ვისაც რამის გაკეთების შნო აქვს, ყველა არის დანიშნული! ერთადერთი ნათელი წერტილი იყო პრესა, ტელევიზია და ვხედავთ, რომ პირდაპირ შტურმია მიტანილი დამოუკიდებელ ტელევიზიებზე.
– არ ვერევით და არც ზეწოლას აქვს ადგილიო, განაცხადა პრემიერმა.
– სააკაშვილი შტურმით შევარდა, ასე არ უვარდებიან, მაგრამ აქ უფრო ბინძურად ხდება, ტელევიზიების ფინანსური ჩაძირვა ხდება. ეს ძალიან ცუდი პროცესია! იმ გაზეთს, ან ტელევიზიას, რომელსაც ექნება დიდი ავტორიტეტი, აუცილებლად გაანადგურებენ! ეს ხელისუფლება მიხვდა, რომ საზოგადოება უკვე ინფორმირებულია, ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის რეჟიმი კი არ წავიდა, ივანიშვილმა ის შეინარჩუნა და კიდევ უფრო გააძლიერა!
– თქვენ ასე ფიქრობთ?
– სააკაშვილის რეჟიმი სააკაშვილზე ხომ არ იდგა?! ის იდგა სწორედ ამ მოსამართლეებზე და ამ პროკურორებზე! ყველაზე კარგად თავად იციან, რა აქვთ გაკეთებული. ხედავთ, ანა დოლიძეს რას უკეთებენ?! პირდაპირ ეკვეთნენ. მე რომ მურუსიძის წინააღმდეგ გავაერთიანე მთელი ოპოზიციური სპექტრი და თვითონ ხელისუფლებაშიც ბზარი გაჩნდა, ვინ გამოვარდა და მურუსიძეზე ვინა თქვა – თავი დაანებეთ, მსხვერპლიაო? ვინ და ივანიშვილმა. როდესაც დაინახა, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მასთან შეკრული არ არის და დაიწყო ოპოზიციის გაერთიანება, მაშინვე მსხვერპლად აქცია მურუსიძე. ის ოპოზიცია კი სად დავკარგე, იმის შემდეგ ვეღარ გავიგე!
დღეს ისეთ ჭაობშია ეს ქვეყანა ჩაფლული, რომელიც გაცილებით უარესია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. დღეს ხალხში ნიჰილიზმი გაჩნა, რომ ამ ივანიშვილმაც როგორ მოგვატყუა.
– საუბრობთ, რომ უტევენ თავისუფალ მედიასაც. რა ხდება ბიზნესში?
– თუნდაც ბადაგონის თემამ აჩვენა, რომ ბიზნესზე ისეთივე ტერორი განხორციელდება, როცა ბიზნესს ვინმე გააკეთებს დამოუკიდებლად, როგორც ეს მოხდა ბადაგონთან მიმართებაში. იძულებულს გხდიან, წახვიდე ისევ ივანიშვილის ხელისუფლებაში, ნახო ვიღაცა, რომელიც შენს ბიზნესს “დაკრიშავს”. ორ ადამიანს შორის დადებულ გარიგებაზე წილის ნასყიდობაზე როგორ შეიძლება დაიწყო გამოძიება?! როდესაც არც ერთი მხარე არ იძახის, რომ გაყალბდა ეს ხელშეკრულება. როცა არც ერთი მხარე არ იძახის, რომ ხელმოწერები არის გაყალბებული და ორივე აღიარებს გარიგების შინაარსს. აი, ამ შემოვარდნით ბადაგონში საქართველოში ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებისთვის დამთავრდა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლება.
– რა პროცესებამდე მივა ეს ყველაფერი?
– ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი მიხვდება, რომ ჩვენ გვყავს არაფორმალური მმართველის მიერ დანიშნული ხელისუფლება და არაფორმალური მმართველის მიერ დანიშნული ოპოზიცია. ეს ყველაზე ცუდია ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ძალიან მალე უმართავი პროცესები წავა. უმართავ პროცესებს კი დიქტატორის და ფეოდალის მიმართ მოჰყვება ხოლმე ძალიან მკაცრი შედეგი.
მანქანაში ძრავი რომ მოიშლება, დღეს ისეა მოშლილი მთელი სახელმწიფო მექანიზმი. დღეს ივანიშვილს მურუსიძე და ჩინჩალაძე იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ის სააკაშვილს სჭირდებოდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა