ზაზა ჭაია – “ქართველის არცერთი მკვლელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!”

ზაზა ჭაია - "ქართველის არცერთი მკვლელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!"რატომ გათავხედდნენ ოკუპანტები და სეპარატისტები, როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი თანამემამულეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენელი ზაზა ჭაია ესაუბრება.
– ცხინვალში ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე ძალიან მწვავე რეაქცია გქონდათ. სოციალურ ქსელში ასეთი რამე დაწერეთ: “ადრეც ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, თუ თავის ცხვირწინ მონავარდე ვიგინდარა რაშიდ კანჯი-ოღლის და სხვა ნაგავს აიტანდა, ამით ოკუპანტებს და მის საყმოს, ქართველების მკვლელობის სურვილს გაუჩენდა”.
თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ ოკუპანტებმა და მისმა საყმომ ასეთი რამე ვეღარ გაბედონ?
– 1989 წლის 9 აპრილს, აქციის დარბევისას, 21 ქართველი დაიღუპა, ასობით დაიჭრა და მოიწამლა. 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში დატრიალდა ტრაგედია, 1991 წლის იანვარში ვილნიუსის ტელეცენტრზე მოხდა თავდასხმა, სადაც ასევე დაიღუპნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, აზერბაიჯანი და ლიტვა კვლავ სამართლებრივად, სახელმწიფო დონეზე დევნიან ყველა იმ პირს, ვისაც ამ სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა აქვს მიღებული.
ბაქო და ვილნიუსი დევნიან მაშინდელ პარტიულ ბოსებს. საუბარია იმათზე, ვინც ცოცხალი დარჩა და ვისზეც ხელი მიუწვდებათ. მიმართავენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, უყინავენ მათ საბანკო ანგარიშებს, უზღუდავენ   თავისუფლად გადაადგილებას და ა.შ.
მათ გარდა, ლიტვა და აზერბაიჯანი დევნიან კონკრეტული სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელებს, იმ ოფიცრებს, რომლებიც მაშინ ამ სამხედრო ნაწილებში მსახურობდნენ.
რამდენიმე წლის წინ ლიტვამ მოახერხა და დააკავა ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, რომელიც ვილნიუსში, ტელეცენტრის აღებისას ადამიანების ხოცვაში მონაწილეობდა.
ამ დანაშაულში მონაწილე ადამიანების მონაცემები გადაცემულია ინტერპოლს. მათი ძებნა წითელი ცირკულარით მიმდინარეობს. ამის გარდა, ცდილობენ, ეს დამნაშავეები თავად ჩაიგდონ ხელში. ისინი, ბუნებრივია, არც ლიტვაში და არც აზერბაიჯანში არ შედიან, მაგრამ ბაქო და ვილნიუსი მესამე ქვეყნების ტერიტორიებზე ცდილობენ მათ ხელში ჩაგდებას.
აზერბაიჯანი და ლიტვა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, როგორც ეთნოკულტურით და ეთნოფსიქოლოგიით, ასევე სახელმწიფო ფორმაციით და განვითარების დონით. ამ დროს ისინი როგორ ერთსულოვნად და ერთი კუთხით უდგებიან თავიანთ ეროვნულ ტკივილს.
– სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ტკივილს ასე არ ვუდგებით.
– საქართველო თავის ეროვნულ ტკივილს სულ სხვანაირად უდგება. 9 აპრილის სისხლიან დარბევაზე არაერთი გამოძიებაა ჩატარებული, დადგენილია კონკრეტული პირებიც, მაგრამ გაუგია ვინმეს, რომ მათზე სამართლებრივი დევნაა დაწყებული? ეს არც ადრე მომხდარა და არც ახლა ხდება. ბევრი დამნაშავე საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული.
ლიტვა და აზერბაიჯანი მარტო ეთნიკურ რუსებს არ დევნიან. ისინი დევნიან იმ აზერბაიჯანელებს და ლიტველებს, რომლებსაც ამ ტრაგედიებში აქვთ ხელი გასვრილი.
ჩვენ ამ წლების მანძილზე უამრავი ტრაგედია გადავიტანეთ. რამდენიმე მათგანს გავიხსენებ. ესენია: მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის მკვლელობები; 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალება; 1992-1993 წლებში აფხაზეთში ქართველთა გენოციდი – არაადამიანური მოჰყრობა, მასობრივი მკვლელობები, ეთნოწმენდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სამაჩაბლოშიც ჰქონდა ადგილი ქართველთა გენოციდს და ეთნოწმენდას.
გამოძიებები ტარდებოდა, მაგრამ გეკითხებით, გსმენიათ, რომ ვინმეს წინააღმდეგ დაეწყოს საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი დევნა?! ამ ტრაგედიებში მონაწილე პირების დიდი ნაწილი ცოცხალია და თავს მშვენივრად გრძნობს. ბვვრი მათგანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასულია.
გსმენიათ, რომ ამ ადამიანებზე ძებნაა გამოცხადებული? ან გაგიგიათ, რომ რომელიმე მათგანის ხელში ჩაგდებას ცდილობდა სახელმწიფო? მსგავსი არაფერი მომხდარა. 1989 წლის 9 აპრილს თავი დავანებოთ, ამ ტრაგედიის შემდეგ, ათეულობით ათასი ქართველი იქნა მოკლული.
ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, სამხედრო დამნაშავეების დევნას უნდა ვახორციელებდეთ. დღესაც რომ მოგვიწიოს ყველაფრის ნულიდან დაწყება, ეს უნდა განვახორციელოთ.
ყველას უნდა მივუზღათ საკადრისი. ამის შემდეგ ვერავინ გაბედავს ქართველების ასე ხელაღებით ხოცვას. დღეს მათ ქართველების სიცოცხლე ჩირის ფასად არ უღირთ – არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არც სხვაგან. იმიტომ, რომ ამ მტკივნეული თემისადმი საქართველო გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს.
სახელმწიფოს დამოკიდებულება თუ იქნება მწვავე და რეაქციაც არ დააყოვნებს, გარწმუნებთ, საქართველოს მოქალაქეების დევნას და ხოცვას ვერავინ გაბედავს. ავიღოთ ისრაელი, ისიც ჩვენსავით პატარა ქვეყანაა. ჯერ რა სიმაღლეებს მიაღწიეს და მერე ისრაელი მისი არცერთი ჯარისკაცის, ოფიცრის თუ მოქალაქის სიცოცხლეს არავის შეარჩენს, მათ შორის მილიარდიან ერებს. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, თუ გვინდა, რომ ვიყოთ სახელმწიფო.
ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველა სამხედრო დამნაშავე წარადგინოს სასამართლოს წინაშე, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
სახელმწიფო თუ ამ ვალდებულებას არ ასრულებს, მაშინ ეს ახალისებს საქართველოს მტრებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ვიგინდარა რაშიდ კანჯიოღლის (გიგა ოთხოზორიას მკვლელი) თავისუფლად თარეშს რომ ვიტანთ, კარგს რას უნდა ველოდოთ? ის რომ ქართული სასამართლოს წინაშე წარგვედგინა, ვინ მოგვთხოვდა ამაზე პასუხს – რუსები თუ სეპარატისტები.
– თქვენ გამოხვედით ინიციატივით, რომ, ებრაელების მსგავსად, ქართველებმაც შევქმნათ ვიზენტალის ცენტრის მსგავსი ცენტრი.
– თავის დროზე ებრაელებმა შექმნეს ვიზენტალის ცენტრი. რომელიც სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში იყო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდა, აღმოაჩენდა და აღნუსხავდა ჰოლოკოსტში და სამხედრო დანაშაულში მხილებულ ნაცისტებს. ხდებოდა ამ ადამიანების ექსტრადირება ისრაელში, სადაც ხდებოდა მათი გასამართლება.
ებრაელთა გენოციდის ერთ-ერთი ავტორი ადოლფ ეიხმანი ისრაელის სპეცსამსახურებმა 1960 წელს ბუენოს აირესში დააკავეს და ისრაელში ჩაიყვანეს. ადგილობრივმა სასამართლომ მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. მან ათეულობით ათასი ებრაელის დახოცვისთვის საკადრისი პასუხი მიიღო.
ებრაელების მსგავსად, ქართველებმაც უნდა შევქმნათ რაღაც ცენტრი, ფონდი, საზოგადოება, რომელიც 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ქართველების
გენოციდში, ეთნოწმენდაში, მკვლელობებში, წამებაში დამნაშავეთ ყველგან აღმოაჩენს, აღნუსხავს და ცხოვრებას გაუმწარებს, როგორც მათ ჩვენი მოხუცები, ქალები და ბავშვები გაამწარეს!
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა