ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა, ასახავს პირადი ცხოვრების გარემოებებს, სექსუალურ ურთიერთობებს.
ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც სასამართლო სხდომა გაიმართა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ზურაბ ნეფარიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ პროკურატურა მას აშანტაჟებდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელებით, თუ არ აღიარებდა ქრთამის აღების ფაქტს.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული მზად იყო ეღიარებინა არარსებული ფაქტი, საკუთარი ღირსების დასაცავად, ასევე იმ პირობით, რომ შვილსა და რძალს პროკურატურა დაანებებდა თავს, თუმცა ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდებულმა პროკურატურისგან ეს პირობა ვერ მიიღო.
– ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა ფაქტი, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა, ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ გარემოებებს, ანუ სექსუალურ ურთიერთობებს…
ნეფარიძემ დღეს ისიც თქვა პროცესზე, რომ მას პროკურატურაში დასცინოდნენ, რადგან აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გააჩნდათ და სთხოვდნენ ქრთამის აღების აღიარებას. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მის სამუშაო ოთახში. ამის შესახებ ყველა საუბრობს და იციან, რომ ეს კადრები არსებობს. საგამოძიებო ორგანო მის ღირსებასა და ავტორიტეტზე მოქმედებს, თუ როგორ ახორციელებდა თურმე პიროვნება სექსუალურ ურთიერთობას თავის სამუშაო კაბინეტში. ამის გამო ის სასოწარკვეთაში ჩავარდა და გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა პროკურორ ბექა ეჟიშვილის აცილებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა.

