რიქსოსის ბრენდი ბორჯომს დატოვებს

რიქსოსის ბრენდი ბორჯომს დატოვებსმიმდინარე წლის 13 აპრილს რიქსოსის ბრენდი სასტუმრო “რიქსოს-ბორჯომს” ოფიციალურად დატოვებს.
აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის სს “ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა დაუდასტურა და დასძინა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
მისივე თქმით, სასტუმროს მენეჯმენტში ახალი, უფრო ძლიერი ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და საბოლო შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
– რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორისაა „აკორი ჯგუფი“, „ჰილტონი“, ასევე, „მარიოტი“ და უახლოეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, ვისზე გავაკეთებთ არჩევანს. იქამდე კი, სასტუმროს სახელწოდება იქნება „ბორჯომი-ლიკანი“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
როგორც სს „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორი აცხადებს, მათ აქვთ ამბიცია, უფრო მეტ ევროპელ ტურისტს უმასპინძლონ, ამიტომ სავარაუდოდ, არჩევანს სასტუმროების მმართველ ევროპულ ოპერატორზე შეაჩერებენ.
– ”ბორჯომი-ლიკანს“ აქვს დიდი პოტენციალი, მოიზიდოს მეტი ევროპელი ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობთ, ახალი ბრენდი, რომელზეც ძალიან მალე გავაკეთებთ არჩევანს, ამბიციურ ბიზნეს-გეგმას შემოგვთავაზებს და ბევრად კარგ შედეგებს დადებს, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.
ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო “რიქსოს ბორჯომი” 2015 წლის თებერვალში გაიხსნა. ის „საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია „KazMunaiGaz Service“-ის ერთობლივი პროექტია.