სანდრო ბრეგაძე პოლიციაში გადაიყვანეს

სანდრო ბრეგაძე პოლიციაში გადაიყვანეს“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან საბურთალოზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა „მაესტროს“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ის ვარაუდობს, რომ ბრეგაძე, შესაძლოა, დააკავონ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგაძე შეუძლოდ გახდომის გამო გუშინ ბოლომდე ვერ გამოკითხეს და მას სამართალდამცველების კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწევს.

მოგვიანებით ბრეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციაში თავისი ნებით მიდის, რათა პასუხი გასცეს შეკითხვებს, რომ დაპატიმრებულ თანამოაზრეებს დაეხმაროს. რაც შეეხება სამართალდამცველების მიერ მის წამებას, რომლის შესახებაც მან გუშინ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, ბრეგვაძემ განმარტა, რომ ის დახურულ სივრცეში დაკითხეს, რაც მისი მდგომარეობისთვის წამების ტოლფასი იყო.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”- თქვა გაბუნიამ.

მოგვაინებით, ქართულმა მარშმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი წევრი სანდრო ბრეგაძე პოლიციის მიერ სასტიკად არის ნაცემი და ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს.

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი კი ბრეგაძის წამების ფაქტს გამორიცხავს.

იმედინიუსი