უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პორუბი ინიციატივით გამოვიდა, კიევში უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ასამბლეის პირველი სამმხრივი სხდომა გაიმართოს, რომელზეც ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზეა განთავსებული.
ანდრეი პორუბი ამ ინიციატივით მოლდოვაში სტუმრობისას გამოვიდა, სადაც მონაწილეობს პარლამენტთაშორის კონფერენციაში „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთის პარტნიორობა და უსაფრთხოების თანამედოვე გამოწვევები“. მანვე ასეთ ფორმატის შექმნას „კარგი იდეა“ უწოდა.
– ფორმატი, თავად ფაქტი, არსებობდეს ასეთი ერთობლივი სამხედრო ფორმირება, ძალიან პოზიტიურია და ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობაში, – განაცხადა რადას თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, სამივე ქვეყნის პარლამენტების გადაწყვეტილების შემდეგ, ამ სამმხრივი ასამბლეის ფორმირების შემდეგ, კოლეგებს თხოვნით მიმართავს, რომ პირველი სხდომა კიევში გაიმართოს, რომელზეც დაისახება ამოცანები და პრეროგატივები.
– რადგან საერთო ამოცანები მართლაც უამრავია ბევრ სფეროში – საინფორმაციო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება და ერთობლივი სამხედრო ფორმირების შექმნა, ვფიქრობ, კარგი იდეები იქნებოდა პირველსავე შეხვედრაზე განსახილველად, – განაცხადა პორუბიმ.
ინტერპრესნიუსი

