საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა. მისი თქმით არჩილ ტატუნაშვილის საქმის განხილვისას შეხვედრის მონაწილეებისგან შინაარსიანი შეხედულებების მოსმენა ვერ მოხერხდა:
– მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ტატუნაშვილის საქმეზე, რაზეც სამწუხაროდ, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისაგან. ცხინვალის წარმომადგენლებმა იგივე განცხადება წაიკითხეს, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, სრულიად აბსურდულს. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მოხდა მკვლელობა, მოხდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც იყო უკანონოდ დაკავებული. ახლა ჩვენთან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს და არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მის დასრულებას, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ადამიანი არის ნაწამები და ახლა უნდა მოხდეს ამის გამოძიება და ის ვინც არის დამნაშავე, ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, – განაცხადა დონდუამ.
ნიუპოსტი

