დავით მათიკაშვილი – ”ირაკლი ქორიძეს 30 წელი ჰქონდა მისჯილი და 2014 წელს მარგველაშვილმა შეიწყალა”

დავით მათიკაშვილი - ”ირაკლი ქორიძეს 30 წელი ჰქონდა მისჯილი და 2014 წელს მარგველაშვილმა შეიწყალა”– მინდა, ქორიძეზე იმ ფაქტებზე ვისაუბრო, რა ფაქტებიც რეალურად არსებობს. ეს არის პიროვნება, რომელიც 2011 წელს იყო გასამართლებული 300 აბი სუბოტექსის შენახვა-შემოტანაზე. მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს მას შეეხო ამნისტიის აქტი. ამ დროს მას სასჯელის ვადის 1/4 მოაკლდა. 2014 წელს ის არა ამნისტიის, არამედ უკვე შეწყალების აქტით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაათავისუფლა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა იმედის ეთერში, “ქრონიკაში” სტუმრობისას თქვა.

30 მარტს შსს-ს მიერ გავრცელეებული ინფორმაციით, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, ირაკლი ქორიძე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

2017 წლის იანვრიდან ირაკლი ქორიძე ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის, თემურ ქოიძის კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფში ფიგურირებს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი.

“გიორგანაშვილს ნარკოდანაშაულისთვის სხვა დაკავებულებთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის”, – აცხადებენ უწყებაში.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

გიორგანაშვილის ადვოკატის მიერ 30 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქორიძესთან ერთად ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა. გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ გიორგანაშვილს ბრალს ორშაბათს დაუმძიმებენ.

დღეს ქორიძის ადვოკატმა, სალომე ჯანუაშვილმა თქვა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

იმედინიუსი