ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე – “ცხინვალის ხელისუფლებაში პროქართულმა ძალებმა შემოაღწიეს”

ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე - "ცხინვალის ხელისუფლებაში პროქართულმა ძალებმა შემოაღწიეს"ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალის ამჟამინდელი ე.წ. ხელისუფლების ქმედება, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დაგმო.
როგორც კოკოითმა სააგენტო „ანა – ნიუსთან“ საუბარში განაცხადა, თუ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო, მაშინ ყველა მტკიცებულება უნდა წარედგინათ.

მისი შეფასებით, ის რაც მოხდა არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან.

– რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, ეს ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. თუ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო, მაშინ ყველა მტკიცებულება უნდა წარედგინათ. ამ შემთხვევაში ეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, შორს მიმავალი შედეგებით. არ გამოვრიცხავ, სამწუხაროდ, რომ ამ პროვოკაციაში სამხრეთ ოსეთის მთავრობაც იყოს გარეული. სხვაგვარად, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ ცხედრის გადაცემის გაჭიანურება მოხდა,-აღნიშნა ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა.

მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობა მომხდარი და საერთაშორისო საზოგადოება კვლავ რუსეთის ფედერაციას ემუქრება.

– ჩვენ, ოსები მაღალი კულტურით გამოვირჩევით და ამ შემთხვევაში ის რაც ხდება ოსეთის რეპუტაციას ლახავს. იმ რეპუტაციას, რომელსაც ჩვენ მძიმე პირობებში ვიცავდით. არასდროს მიგვიცია საკუთარი თავისთვის უფლება, რომ ვინმეს ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. დღეს კი ასეთი საბაბი მივეცით. ეს ყველაფერი იმ პროქართული ძალების მიერ არის პროვოცირებული, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის მთავრობაში შემოაღწიეს. რუსეთის პატრიარქს კირილს უთხრეს, რომ 7-8 მარტს ცხედარს გადასცემდნენ და შემდეგ არ გადასცეს, ანუ ეს რუსული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაც არის,-აღნიშნა ედუარდ კოკოითმა.

კოკოითის განცხადებას ე.წ. პარლამენტში გამოეხმაურნენ. როგორც დე ფაქტო სპიკერმა თქვა, კოკოითის განცხადება ხელს აძლევს ქართულ მხარეს.

– ვის თუ არა ქართულ მხარეს აძლევს ხელს ის განცხადება, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ დივერსია მოაწყო? ვის სასარგებლოდ არის ეს ყველაფერი? -აღნიშნა გასიევმა.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. 24 მარტს ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

პირველი