კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა

კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდაჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია“ ავრცელებს.
სი ძინპინის თქმით, პეკინი ხელს შეუწყობს ფხენიანთან თანამშრომლობის გაძლიერებას მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს საერთო ინტერესების დაცვისათვის.
– ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდობას შორის კონტაქტების გაძლიერებას და არსებული მეგობრული ტრადიციები მემკვიდრეობით გადავცეთ, – განაცხადა სი ძინპინმა და დასძინა, რომ კიმ ჩენ ინის ვიზიტი მოწმობს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებას.
სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და კორეის მუშათა პარტიამ სოციალიზმის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთთან პარტიათაშორისი კავშირების გაძლიერებას.
– ჩინეთთან მეგობრობის განვითარება ჩვენი არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
ამასთან, ჩინური საინფრომაციო სააგენტოს „სინჰუას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სი ძინპინმა პეკინში კიმ ჩენ ინის ვიზიტს მაღალი შეფასება მისცა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებით, ის მხარს უჭერს ბირთვული განიარაღების თანმიმდევრულ პროცესს. გარდა ამისა, მან ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ-სთან დიალოგისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისათვის მზად არის.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებისათვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში 25-დან 28 მარტამდე გაგრძელდა.

ინტერპრესნიუსი