„კვირიკაშვილმა ფეხები ააბაკუნა, ის სისტემურად დასრულებულია” – სამთავრობო ცვლილებების “მტკივნეული სცენარი”

„კვირიკაშვილმა ფეხები ააბაკუნა, ის სისტემურად დასრულებულია" - სამთავრობო ცვლილებების "მტკივნეული სცენარი"მინისტრთა კაბინეტში სამთავრობო ცვლილებები დაიწყო. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მაია ცქიტიშვილი ოფიციალურად წარადგინა. ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიას, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის პერიოდიდან, 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ზურაბ ალავიძის ნაცვლად, ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო წევრის გამინისტრება არ გაჰკვირვებია ექსპრემიერის ყოფილ მრჩეველს. გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მინისტრის პორტფელი ბიძინა ივანიშვილის ნდობაზე გადის:

“მითხარით, ვინ არ არის მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი?! – ყველა ასეთია, ამიტომ იმის დაკონკრეტება, რომ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი ყოფილი პრემიერის ნდობით სარგებლობს ცოტა უხერხული და არასწორიცაა. მაია ცქიტიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან დადებითად ვაფასებ. ხელისუფლების მხრიდან მისი ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნა იშვიათი, მაგრამ სწორი ნაბიჯია. ცქიტიშვილი ნამდვილად საქმიანი, პროფესიონალი და წესიერი ადამიანია”- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ „კვირიკაშვილის ფეხების ბაკუნი“, მოქმედი პრემიერისთვის მტკივნეული იქნება.

“კვირიკაშვილმა დღეს ფეხებიც კი აბაკუნა – რომ ჩემს წასვლას ვერ მოესწრებითო, აი ასეთი, არასერიოზული სურათი მივიღეთ. სისტემა, რომელსაც კვირიკაშვილი ჰქვია, დასრულებულია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სისტემის ნაწილი იყო ალავიძე. როდის გაფორმდება კვირიკაშვილის დასრულება დროში, ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ერთ კვირაში, ერთ თვეში თუ ერთ წელიწადში, სისტემური დასრულება უკვე დამდგარია, მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილი ტრიბუნიდან იქადნება, რომ მისი გადადგომის ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს, ამაზე ლაპარაკიც კი სასაცილო და არასერიოზულია. ეს არის ფაქტორები, რომელიც კვირიკაშვილზე დამოკიდებული არ არის. მას მაინცდამაინც დიდი პოლიტიკური რესურსი არც ადრე ჰქონია, თუმცა ამ დროისთვის სრულიად ამოწურულია. მისი თანამდებობიდან წასვლა დროის საკითხია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კვირიკაშვილი სისტემურად არ არსებობს”- უთხრა „ნიუპოსტს“ გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, ლოგიკური იქნებოდა თუ კვირიკაშვილი მთავრობის კანცელარიიდან პრეზიდენტის კაბინეტში აღმოჩნდებოდა, თუმცა როგორც ჩანს აღნიშნული სცენარი მოქმედი პრემიერისთვის მიუღებელია.

ჩემი აზრით, სამთავრობო ცვლილებების რბილი სცენარი არსებობდა, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი მშვიდად, უმტკივნეულოდ, სწრაფად გადაბარგებულიყო პრეზიდენტის სავარძელში, ამ ნაბიჯში გარკვეული ლოგიკა იყო, მაგრამ როგორც ჩანს მან არ მოისურვა რბილი სცენარით წასვლა, მაშინ მოუწევს ხისტი სცენარით წასვლა, რომელიც მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება”- განაცხადა “ნიუპოსტთან” გია ხუხაშვილმა.