მაია ცქიტიშვილს 12.000 დოლარი ნაღდი ფული აქვს – როგორია ახალი მინისტრის ქონება

მაია ცქიტიშვილს 12.000 დოლარი ნაღდი ფული აქვს - როგორია ახალი მინისტრის ქონებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრად მაია ცქიტიშვილი წარადგინა, რომელიც აქამდე მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობას იკავებდა. რა არის ცნობილი ახალ მინისტრზე, როგორც მთავრობის კანცელარიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში.

1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი. 2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე.

2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

2017 წლის 1 იანვარს ჩაბარებული დეკლარაციით მაია ცქიტიშვილის მფლობელობაშია ჭავჭავაძის გამზირის #80-ში მდებარე 182.8 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც 270.000 ლარადაა შეძენილი და 80,14კვ.მ -ის ავტოფარეხი 1.264,5 ლარის ღირებულების. ასევე 2 ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში 1.528 კვ.მ და 2.686 კვ.მ ფართობის, ასევე ნაჩუქარია დაბა კოჯორში მდებარე საცხოვრებელი სახლიც 407,7 კვ.მ ფართის.

მაია ცქიტიშვილის სახელზე ირიცხება მსუბუქი ავტომანქანა Mitsubishi Pajero, 2009, DKH 100 დეკლარაციაში მითითებულია რომ ავტომანქანა ნაჩუქარია.

მაია ცქიტიშვილს 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით საბანკო ანგარიშზე თანხა არ აქვს. ხოლო მის მეუღლეს დავით ხატიაშვილს საქართველოს ბანკში ქონდა საკრედიტო ანგარიში 9.999,63 USD და მიმდინარე ანგარიშებზე 4.249 USD და 4.747 USD.

დეკლარაციაში მითითებულია რომ მაია ცქიტიშვილს ნაღდი ფულის სახით აქვს დანაზოგი 12.000 USD, ხოლო მის მეუღლეს 24.000 US .

დეკლარაციის მიხედვით 2016 წელს მაია ცქიტიშვილმა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას 94.500 ლარი შემოსავალი მიიღო.

ნიუპოსტი