მილენა მითაიშვილზე ვიდეოს გავრცელებისთვის მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი პასუხისგებაში მისცეს

მილენა მითაიშვილზე ვიდეოს გავრცელებისთვის მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი პასუხისგებაში მისცესმთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმარი რივერა ბენდელიანი, ყოფილი ძიძა ნინო ბოჭორიშვილი და ადვოკატი ინგა არახამია პასუხისგებაში მისცა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რივერა ბენდელიანმა თანაცხოვრების განმავლობაში, მის მეუღლეს მილენა მითაიშვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მობილური ტელეფონით, უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო.

“მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რივერა ბენდელიანმა მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით, გადაწყვიტა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით  გავრცელება, რაც გაანდო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ინგა არახამიას, რომელმაც თავის მხრივ მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა.

2017 წლის 05 დეკემბერს, რივერა ბენდელიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ინგა არახამიამ გავრცელების მიზნით 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და ხსენებული ჩანაწერის აღწერილობისას მიუთითა მილენა მითაიშვილის ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი. აღნიშნული ქმედებების შედეგად ჩანაწერი ასევე ხელმისაწვდომი გახდა ნინო ბოჭორიშვილისთვის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მილენა მითაიშვილის და რივერა ბენდელიანის საცხოვრებელ სახლში მათი მცირეწლოვანი შვილის ძიძად. ნინო ბოჭორიშვილმა, რომელიც ასევე კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა მილენა მითაიშვილთან, 2017 წლის 1 თებერვალს, გავრცელების მიზნით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მილენა მითაიშვილის პირადი ღირსების შეურაცხყოფა და  მიადგა მორალური ზიანი.

გამოძიების მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე,  ბრალდებულთა საცხოვრებელ ბინებში და ოფისში ვიდეომასალის აღმოჩენის მიზნით ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა კომპიუტერული მონაცემების შემცველი საგნები. მათზე დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად როგორც ინგა არახამიას, ისე ნინო ბოჭორიშვილის პერსონალურ კომპიუტერებში აღმოჩნდა ზემოხსენებული ვიდეომასალა. ინგა არახამიასა და რივერა ბენდელიანს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდება მათი მხრიდან ვიდეოჩანაწერის გასავრცელებლად წინასწარი შეთანხმებისა და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვის ფაქტი.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ  წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება”, – წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ამ დროისთვის რივერა ბენდელიანი საქართველოში არ იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულს პრობაციის ეროვნულო ბიუროდან ნებართვა აღებული აქვს და 6 აპრილამდე ის უცხოეთში კანონიერად იმყოფება.

გარდა ამისა, ყოფილი პროკურორის ყოფილი მეუღლის ადვოკატები ამბობენ, რომ ბენდელიანი გამოძიებას თავს არ არიდებს და ის მზად არის დისტანციურად სასამართლოს ჩვენება მისცეს. რაც შეეხება ბრალდებას ადვოკატების მტკიცებით ბრალდებული წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ყოფილ პროკურორ მითაიშვილს ყოფილი ძიძები მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობისთვის უჩივიან. თავის მხრივ, მითაიშვილი ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს ძალადობაში და ძიძებთან დაკავშირებულ ისტორიასაც მას უკავშირებს.

იმედინიუსი